ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> 2016 წლის სეზონს ღვინის მაღაზიები დადებითად აფასებენ
2016 წლის სეზონს ღვინის მაღაზიები დადებითად აფასებენ

ქართული ღვინის მაღაზიების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2016 წელს ტურისტები გასულ წელთან შედარებით ქართული ღვინით მეტად ინტერესდებოდნენ. ღვინის მაღაზია “ცანგალაში” გვითხრეს, რომ მართალია ტურისტების რაოდენობა წელს მეტი იყო, თუმცა გაყიდვებით 2015 წელი უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. ამის მიზეზად კი, მაღაზიის წარმომადგენელს ეროვნული ვალუტის დევალვაცია მიაჩნია. როგორც “ცანგალაში” ამბობენ ვალუტის გაუფასურება პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც დიდი პრობლემაა და საქართველოში ტურისტები ძირითადად სწორედ ამ ქვეყნებიდან ჩამოდიან. ღვინის მაღაზია “ცანგალა” ნატურალურ, ორგანულ ღვინოზე აკეთებს არჩევანს, ამიტომაც, ძირითადად, მცირე მეწარმეებს ანიჭებენ უპირატესობას. ღვინის დიდი ქარხნებიდან კი “თელავის ღვინის მარანსა” და “ხარებას” ასახელებენ საუკეთესოდ.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ტურისტების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით ღვინის მაღაზია “როიალ ვაინში”:

“ბაზარზე ტურისტების სიმცირეა წინა წელთან შედარებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეკლამის ბრალია, მსოფლიო ტურისტულ ფორუმებზე მეტი სამუშაოებია ჩასატარებელი” - “როიალ ვაინის” პიარ-მარკეტინგის მენეჯერი ნათია შარიქაძე.

Myrest.ge-სთან საუბრისას ნათია შარიქაძემ აღნიშნა, რომ ისინი დიდი ქარხნებიდან უპირატესობას “თელავის მარნსა” და  “შატო მუხრანს” ანიჭებენ, თუმცა, მისივე თქმით მცირე მეწარმეებიც ძალიან სწრაფად იკავებენ ბაზარზე განსხვავებულ ნიშას.

2016 წელი ტურისტებით დატვირთული აღმოჩნდა ღვინის მაღაზია “8000 მოსავალშიც”. განსაკუთრებით ბევრი ადამიანი მას ზაფხული-შემოდგომის პერიოდში სტუმრობდა. მათი თქმით, ტურისტები უპირატესობას ოჯახურ მარნებს ანიჭებენ და ძირითადად, ქვევრის ღვინო უყვართ. განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა ქარვისფერ ქართულ ღვინოზე. ოჯახური მარნებიდან კი “საწნახელს”, “დორემი საფერავსა”, “ჩვენი ოჯახის ღვინოს” გამოყოფენ. “8000 მოსავალში” ისიც გვითხრეს, რომ 2016 წლის ფავორიტი ღვინო “ხიხვი” იყო.

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი