ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> „ხვანჭკარის“ ბრენდის კომერციალიზაციისთვის ასოციაცია იქმნება
„ხვანჭკარის“ ბრენდის კომერციალიზაციისთვის ასოციაცია იქმნება

უახლოეს მომავალში „ხვანჭკარის" ბრენდის კიდევ უფრო მეტი ღირებულების შეძენისთვის და კომერციალიზაციისთვის ასოციაცია შეიქმნება. ამის შესახებ „კომერსანტთან" „საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გაერთიანებულები იქნებიან რაჭაში არსებული ღვინის და ვენახების მწარმოებლები.

„ღვინის სააგენტო და საქპატენტი ვეხმარებით კერძო სექტორს ხვანჭკარის ბრენდის კიდევ უფრო დაცვაში. ამის ერთ-ერთი გამოხატულება ასოციაციის შექმნაა. ადგილობრივი, ცენტრალური ხელისუფლება და კერძო სექტორი გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს,რათა „ხვანჭკარას" ბრენდი უფრო კომერციალიზებული იყოს და უფრო მეტი ღირებულება შეიძინოს"-აცხადებს გოგილიძე.

მისი განმარტებით, უწყება ღვინის სააგენტოსთან, ადგილობრივ გუბერნიასთან და კერძო სექტორთან ერთად კონკრეტულ ნაბიჯებზე მუშაობს, შედეგად, სხვა დამატებითი დეტალის გაცხადება ამ დროისთვის ვერ მოხდება. „როგორც კი ამ სქემას ჩამოვაყალიბებთ და სამოქმედო გეგმას დავსახავთ, ამას აუცილებლად გავხდით საჯაროს"-აცხადებს გოგილიძე.

საექსპორტო ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის ღვინებოდან "ქინძმარაული" ლიდერობს.ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ადგილწარმოშობის ღვინოებიდან 2016 წელს ექსპორტზე 7 417 333 ბოთლი „ქინძმარაული" გავიდა, „მუკუზანი" - 2 568 547.

ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე „წინანდალი" - 2 023 915, „ახაშენი" - 923 780 და „ხვანჭკარა" - 413 823 ბოთლი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ითმეტია 2015 წლის მაჩვენებელზე


 

ფილტრაცია

ხალხის აზრი