ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> "კონკა" მანჰეტენზე: ღვინოს ამერიკული ყურძნით, ქართული წესების გამოყენებით ვამზადებთ
"კონკა" მანჰეტენზე: ღვინოს ამერიკული ყურძნით, ქართული წესების გამოყენებით ვამზადებთ
16 წლის ასაკში დაწყებული ბიზნეს საქმიანობა, გზა თბილისის პატარა ღვინის ბარიდან „კონკა“ New-York Times-ის ფურცლებამდე, ქართული ღვინის დაწურვა მანჰეტენზე და ახალი ქართულ-ამერიკული პროექტი "კონკა ვაინ ქლაბი" - ეს ერეკლე ხაზიაურის ისტორიაა, რომელმაც ქართული ღვინის „ბრენდი“ ამერიკელებს გააცნო და შეაყვარა. 

- როდის გაჩნდა მანჰეტენზე ღვინის კლუბის ჩამოყალიბების იდეა? 

- 2015 წელს ჩამოვედი ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში. აქ გავიცანი ახალგაზრდა იტალიელი ბიჭი, პროფესიით ინჟინერი მეთ ბალდასანო, რომელიც ცდილობდა თავისი სახლის ეზოში ღვინის დაყენებას. მეგობრებთან ერთად ღვინის დაყენება მხოლოდ მისი ჰობი იყო. სწორედ მეთის გაცნობის შემდეგ დაიბადა ღვინის კლუბის იდეაც. გადავწყვიტეთ ახალი ქართულ-ამერიკული პროექტი გაგვეკეთებინა და ღვინო ამერიკული ყურძნით, ქართული წესების მაქსიმალური გამოყენებით, ქვევრის გარეშე დაგვემზადებინა. შესაბამისად დავიწყეთ მუშაობა და პირველი ბიო ყურძნის ჯიშები, მუსკატი და ტემპრანილო, კალიფორნიიდან, კერძოდ თრეისი ფუთჰილს ველიდან და სანსან ველიდან ჩამოვიტანეთ მანჰეტენზე. ფერმენტაცია ჭაჭაზე კონტაქტით, ყოველგვარი ქიმიკატებისა და საფუარების გამოყენების გარეშე გავაკეთეთ. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ბიზნეს პარტნიორობას და დღეს აქტიურად ვთანამშრომლობთ, ჩვენი კლუბის წევრებთან ერთად ახალ ჯიშებზე ვმუშაობთ და ამ ყველაფერს ქართულ ტექნოლოგიას ვუხამებთ. 

- რამდენი ადამიანია გაწევრიანებული east village wine club-ში ? 

- east village wine club-ში 70 რეგულარული წევრია და ეს კონტიგენტი ძირითადად ამერიკელებისგან არის დაკომპლექტებული, თუმცა გვყავს ქართველებიც. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ პროექტს, რომელიც საკმად წარმატებულად მიმდინარეობს , გამოვყავით და დავარქვით "კონკა ვაინ ქლაბი", სადაც ქართველებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას. გასულ შემოდგომას დაგვემატნენ ახალი VIP წევრებიც, კერძოდ საქართველოს გენერალური კონსული ამერიკაში დიანა ჟღენტი, რომლის დახმაებითაც დაიგეგმა და განხორციელდა ყურძნის დაწურვის წვეულება. “ისთ ვილიჯში” მდებარე ქართულ ღვინის ბარ "რედ კომპასში" დაიწურა კალიფორნიული მერლო. დაწურვაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საკონსულოსთან დაახლოებული 9 ქვეყნის დიპლომატები. აღნიშნული ღონისძიების მიზანი ქართული წესით ნაწარმოები ღვინისა და მასთან დაკავშირებული ისტორიის გაცნობა იყო. მსგავსი წვეულების მოწყობა აპრილშიც იგეგმება. 

- ერეკლე მოგვიყევით დეტალურად რა ხდება თქვენს კლუბში? როგორია კლუბის მუშაობის პრინციპი? 

- პირველ ეტაპზე ყურძნის ჯიშის შერჩევა და ქართულ ჯიშებთან მსგავსებების პოვნა ხდება. ვითვალისწინებთ ყურძნის ადგილწარმოშობას და ამის შემდგომ ხდება მანჰეტენზე ტრანსპორტირება. იგეგმება ყურძნის დაწურვის ღონისძიება და კლუბის წევრები თავად ღებულობენ ამ პროცესში მონაწილეობას. ღონისძიებაზე წინა წლის ღვინოების დეგუსტაციაც ხორციელდება. ყურძნის დაწურვის შემდეგ , უჟანგავ მეტალში ჭაჭასთან კონტაქტით ქიმიკატებისა და საფუარების გარეშე ფერმენტაციას ვაკეთებთ. შემდგომ ყურძნის ჯიშების მიხედვით ამერიკული მუხის კასრებში ღვინის 5-6 თვიანი დავარგება ხდება და ბოთლებში ჩამოსხმა, სადაც კლუბის წევრები ეტიკეტს თავად აკრავენ. "კონკა ვაინის" პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ღონისძიებები ხორციელდება, გამოვყოფდი მუსკატის პროექტს, რომლის ფარგლებშიც გამზადდა მშრალი ღვინო, რომელიც ძლიერი სტრუქტურით, ხანგრძლივი დაბოლოებითა და მაღალი ტანინებით „ორენჯ ვაინის“ კლასიფიკაციაში გავიდა. 

- რამდენი სახეობის ღვინოს ასხავთ ამჟამად და როგორია ღვინის ფასები? 

- მთლიანობაში იწურება დაახლოებით 7 სახეობის ყურძენი და შესაბამისად ჯერჯერობით ამ რაოდენობას ვაწარმოებთ. ესენია: მისკატი, ტემპრანილო, კაბერნე, შაბლი, მერლო, მალბეკი და ბარბერა. ღვინის ფასები დგინდება ჯიშობრივი კლასიფიკაციისა და ტექნოლოგიური ნიშნით და ბოთლის ღირებულება 16$ დან 30$ მდეა. ჩვენი ღვინის ძირითადი მომხმარებლები არიან კლუბის წევრები და დიდი კომპანიები, რომლებიც სპეციალური ეტიკეტით უკვეთავენ ღვინოს. აქაც გამოვყოფდი კომპანია „აუდის“ მანჰეტენის ავტო სადილეროს, რომელმაც წელს თავიანთი კლიენტებისთვის საშობაო საჩუქრებად ღვინო შეგვიკვეთა. 

- რა ინვესტიციის ჩადება მოგიხდათ ღვინის კლუბის ჩამოსაყალიბებლად და როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ბიზნესს და ქართულ ღვინოს? 

ინვესტიციებს მოძიება და თანხის ჩადება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ კონკრეტული რიცხვის დასახელება მიჭირს. ზოგადად მანჰეტენზე ღვინის წარმოებას საკმაოდ დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ნიუ-იორკის პირობებში დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. 

- როგორია ქართული ღვინის პოტენციალი ამერიკულ ბაზარზე და რა არის ის, რითიც ქართული ღვინო კონკურენციას უწევს სხვა ღვინოებს? 

- ქართულ ღვინოზე გაუჩერებლად შემიძლია ვისაუბრო, თუმცა კონკრეტულად ქვევრის ღვინოებს გამოვყოფ. ნიუ-იორკში შემოდის ბევრნაირი ინდუსტრიული წარმოების ღვინო, თუმცა აქაურ ბაზარზე განსხვავებული ნიშა მაინც ქვევრის ღვინოს უკავია, რომელიც ბოლო წლებში გამოჩნდა და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. მთავარია ადგილზე საქართველოში მოხდეს კონტროლი და არ გამოიგზავნოს ქვევრის ღვინო ზადებით და ამით ქართულ ტრადიციულ წარმოებას სახელი არ გაუფუჭდეს. თუ ყველა წესის დაცვით მოხდება ქვევრის ღვინის მიწოდება მომხმარებელზე, მერწმუნეთ, ქართული ქვევრის ღვინოს ამერიკულ ბაზარზე რამოდენიმე წელში ერთ-ერთი წარმატებული ადგილი ექნება. 

- თქვენი მოღვაწეობა, ცხოვრება ამერიკამდე... 

- დავიბადე თბილისში, სკოლის ბოლო წლები გავატარე თელავში, რომელიც ძალიან მიყვარს. პირველად ბიზნეს საქმიანობა 16 წლის ასაკში დავიწყე. მქონდა საკუთარი ტურისტული სააგენტო და 2008 წლის რუსეთთან კომფლიქტის დროს, ქვეყანაში ტურისტული კრიზისიდან გამომდინარე,კომპანიის გაყიდვა მომიწია. 2014 წელს ბარათაშვილის 23 ნომერში მდებარე კონკაში გავხსენი ღვინის ბარი ამავე სახელწოდებით, რაც დღევანდელი წარმატების საწინდარი გახდა. „ კონკა“ იყო პირველი ღვინის ბარი, რომელიც მხოლოდ ქართულ ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს უწევდა პოპულარიზაციას და დაახლოებით 97 დასახელების ქართულ კერძებს ღვინოს უხამებდა. პირველი წარმატება 2015 წელს „ნიუ-იორკ თაიმსმა“ მოგვიტანა, სადაც დაიწერა სტატია „52 საუკეთესო ადგილი მსოფლიოში, რომელსაც უნდა ესტუმროთ“, 25-ე ადგილზე ჩვენი ღვინის ბარი „კონკა“ მოხვდა. სამწუხაროდ ჩემი ამერიკაში წამოსვლის შემდეგ, ზუსტად 10 თვეში, თბილისის მერიასთან შექმნილი პრობლემების გამო ბარი დაიხურა. 2015 წელს კი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადმოვედი. 

- თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვიამბოთ... 

- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რა თქმაუნდა, ისევ და ისევ ქართულ ღვინოსა და მისი ტექნოლოგიის პოპულარიზაციას ეხება. უკვე მეორე წელია ქვევრის ჩამოტანაზე და კლუბში ქვევრის ღვინის წარმოებაზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ყველაფერი დიდ სიფრთხილესთან არის დაკავშირებული. კერძოდ ჩვენს მიერ დაყენებული ქვევრის ღვინო არ გვინდა ქართულ ღვინოებს ჩამოუვარდებოდეს, რომ აქაურ ბაზარზე არ მოხდეს ქვევრის ღვინის ანტირეკლამა. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ღვინის ბარის გახსნას, რომელიც ამერიკულ ბაზარზე აუცილებლად „კონკას“ ბრენდის ქვეშ იქნება, სახელი უკვე დაპატენტებულია. ბარი „კონკა“ქართული ღვინოებისა და მისი დაყენების ტექნოლოგიების შემეცნებითი კერა გახდება. ღვინის კომპანია "ფაფრის მინდვრების" დახმარებით, მარტის ბოლოსთვის ამერიკაში ქართული ნატურალური ჩურჩხელის შემოტანაც იგეგმება, რომელიც ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ადგილზე სომხების მიერ ნაწარმოებ ჩურჩხელას დიდ კონკურენციას გაუწევს. ასევე ჩურჩხელაც „კონკას“ ბრენდის ქვეშ მანჰეტენზე, ბრუკლინში და ქვინსში გაიყიდება. სამომავლოდ ნიუ-იორკთან ერთად სხვა შტატებშიც შევალთ. 









Businesscontract
ფილტრაცია

ხალხის აზრი