ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ქართული ღვინო და მისი პერსპექტივა სკანდინავიურ ბაზარზე
ქართული ღვინო და მისი პერსპექტივა სკანდინავიურ ბაზარზე

მომავლის პერსპექტივაში სკანდინავიური ბაზარი შესაძლოა კიდევ ერთი წარმატებული მიმართულება გახდეს ქართული ღვინისთვის. ეს რთული, მაგრამ სანდო ბაზარი ჯერ–ჯერობით ძალზე ცოტა ქართულ ღვინოს ყიდის, 2016 წლის მონაცემებით დანიაში 6000–მდე ბოთლი ქართული ღვინო შევიდა, ასევე ნორვეგიაშიც, ფინეთში – 2 500 (60 ბოთლი ჭაჭა), ხოლო შვედეთში სულ რაღაც – 240 ბოთლია (!!!) შეტანილი, მაშინ, როცა 2014 წელს მხოლოდ შვედეთში ეს ციფრი 18 000–სს აღემატებოდა. როგორც ჩანს, ამ სურათის შეცვლას ისახავდა მიზნად ღვინის ეროვნული სააგენტოს, შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ქართული ღვინის კომპანიების მხარდაჭერით სტოკჰოლმში გუშინწინ გამართული ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს, კერძო სექტორის ინიციატივითა და შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის მხარდაჭერით შეიქმნა საქართველო-შვედეთის წარმომადგენლობა „ქართული ღვინო სკანდინავიის ქვეყნებისათვის“ - GeoWine for Nordic, რომლის მიზანია ქართული ღვინის კომპანიების გაერთიანება ჩვენი ღვინის დასამკვიდრებლად სკანდინავიის ქვეყნების ბაზრებზე - შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი - სადაც ყოველწლიური ღვინის საშუალო მოხმარება ჯამში 330 მლნ. ლიტრს შეადგენს. 


ღონისძიებას შვედეთის სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები, ღვინის იმპორტორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს საელჩოში გამართულ ამ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ათი ქართული ღვინის კომპანიის („ბაგრატიონი 1882“, „ასკანელი ძმები“, „მარანული“, „თელედა“, „გიუაანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ბატონო“, „ბი ჯი ვაინი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „იკანო“) პრემიუმ ღვინოები.


შვედეთში ასეთი ღონისძიებები ადრეც არაერთხელ გამართულა. 2105 წლის 19 თებერვალს ქართულმა ღვინის კლუბმა შვედეთში, „მარანმა“ (დამფუძნებლები – გიორგი სხირტლაძე, მათიას კნუტსონი და სხვ.), რომელიც თავის დროზე „საქართველოს ღვინის კლუბის“ ხელშეწყობით შეიქმნა და მიზნად  ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს, საკმაოდ წარმოამდგენლობით პრეზენტაცია გამართა გეტებორგში. იმავე წლის ნოემბერში კიდევ ერთ დეგუსტაციას უმასპინძლა გიოტებორგმა, რომელსაც ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია და კლუბ „მარანის“ დამფუძნებელი გიორგი სხირტლაძე უძღვებოდნენ.


ასეთი ღონისძიებები იმედია რეგულარულად გაიმართება სკანდინავიის ქვეყნებში და წლევანდელი და მომდევნო წლები უფრო აქტიურად ჩაივლის ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისი. მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კომპანიების ღვინოებმა, არამედ სხვა მცირე თუ დიდი მარნების ღვინოებმაც ეფექტურად დაიმკვიდრონ ადგილი სკანდინავიის ქვეყნების დიდ ქსელებსა თუ რესტორნებში.


© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი