ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> სავენახე მიწის ფასები საქართველოს კუთხეების მიხედვით - რა თანხა დაგჭირდებათ მეღვინეობის დაწყება
სავენახე მიწის ფასები საქართველოს კუთხეების მიხედვით - რა თანხა დაგჭირდებათ მეღვინეობის დაწყება

როგორც რეალობამ გვაჩვენა, განსაკუთრებით ისეთი ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ვითარდებიან, სადაც საწყისი კაპიტალი არა ერთმა ადამიანმა, არამედ თანამოაზრეთა ჯგუფმა ჩადო. ეს ხერხი, გარდა იმისა, რომ ერთი კონკრეტული მოწილისათვის ხარჯებს შეამცირებს, პრაქტიკული ხერხია თუნდაც იმისათვის, რომ საქმე შუა გზაზე არ გაჩერდეს. მაგალითად, თუკი მოხდა ისე, რომ ღვინის მარნის ხუთი დამფუძნებლიდან ერთს ან ორ ადამიანს ფინანსური პრობლემები შეექმნა, დანარჩენი სამი რთულად, მაგრამ მაინც შეძლებს საქმის გაგრძელებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სახსრებშემოლეულ მარტოკაც მევენახეს კი, თავისი ვენახისა და მარნის გაყიდვის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩება.

პარტნიორებად ასევე შეიძლება სხვადასხვა ქართული თუ უცხოური, აგრარული სექტორით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა. ეს ფინანსურად ხელის წაშველების გარდა, თქვენი ღვინის შემდგომ პოპულარობასაც ხელს შეუწყობს. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ძალზედ მარტივად არის. მთელს მსოფლიოში ადამიანები განსაკუთრებით ისეთ პროდუქციას ყიდულობენ და ენდობიან, სადაც მწარმოებლებს შორის ცნობილი და წელგამართული ქვეყნების წარმომადგენელი ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი. ერთი სიტყვით, კარგი ვენახისა და შემდგომში მარნის მოსაწყობად, კარგი პარტნიორები სასურველი და ხშირ შემთხვევაში აუცილებელია.

რა ღირს ერთი ჰექტარი სავენახე მიწა?

არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ კითხვაზე ერთ, ზუსტ და ლაკონურ პასუხს გაგცემთ, რადგან სავენახე მიწის ფასი ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვაგვარია. გარდა ამისა, რასაკვირველია, მიწას ერთი ფასი არც კონკრეტულად ერთ რეგიონში, ვთქვათ, კახეთში არ ექნება. ბუნებრივია, ერთი ფასი ვერ ექნება მიწას საგარეჯოში და ფაფრის მინდვრებზე, კონდოლში და ართანაში, კარდანახსა და კაჭრეთში... გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მიწას სახელმწიფოსგან ყიდულობ თუ კერძო პირისგან და შეძენილ მიწაზე ადრე რა ტიპის კულტურები მოჰყავდათ.

კახეთში ერთი ჰექტარი მიწის ფასი 600 ლარიდან იწყება და საუკეთესო მიკროზონებში 3 ათას ლარსაც კი აღწევს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვენახთან რამდენად ახლოს მოაწყობთ მარანს, რადგან ვენახთან ახლოს მდებარე მარანი შემდგომ სამუშაოებს ბევრად აიოლებს და ხარჯებსაც ამცირებს.


აი სიკეთეები, რაც ვენახთან ახლოს მოწყობილ მარანს გააჩნია:
1. იმის გამო, რომ დაკრეფილ ყურძენს ტრანსპორტირება არ დასჭირდება, ეს ღვინის ხარისხისთვის უაღრესად დადებითი მოვლენაა.
2. ვენახისა და მარნის სიახლოვე ამცირებს ხარჯებს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.
3. იზოგება დრო. ქალაქიდან ჩასულ ადამიანს ხშირად არ გააჩნია იმდენი დრო, რომ ერთდროულად მარნის საქმეებიც მოაგვაროს და ვენახშიც ირბინოს. ამ შემთხვევაში კი მარანში მოფუსფუსეს ვენახიც ”ხელის გულზე” ექნება.
4. ესთეტიური მომენტი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ღვინის შატოები, როგორც წესი, სწორედ ვენახებშია ჩადგმული და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ორივე ერთად, (შატო ვენახში) მართლაც ლამაზი სანახავია.

 გურიაში, ჩხავერისათვის საუკეთესო სოფლებში, ჩოხატარის რაიონში, ერთი ჰექტარი სავენახე მიწის ფასი, 1500-2000 ლარია. იმერეთში, ზესტაფონსა და ბაღდათში ერთი ჰექტარი მიწა 1000-1500 ლარი დაგიჯდებათ. ქართლში კი მიწის ფასი ყველაზე ძვირია. მეღვინეობისათვის საუკეთესო ქართლის მტკვრისპირეთის სოფლებში, მიწის ფასი 2000-დან 3500 ლარამდეა. მიწას სამეგრელოში დაახლოებით იგივე ფასი აქვს, რაც იმერეთში. მთიან აჭარაში ყველაზე მერყევი ფასებია და იქ მიწის შეძენა ბევრად ძნელია. აჭარა საქართველოს ალბათ ერთადერთი კუთხეა, სადაც მოსახლეობის პოპულაციური ზრდა ომის წლებშიც კი გრძელდებოდა. ამან ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბოლომდე ათვისება გამოიწვია. შესაბამისად, თუკი აჭარაში სავენახედ მიწის შეძენა გსურთ, ე.წ. თავისუფალი მიწის იაფად ყიდვის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ.

გურიაში თითქმის ყველგან, 2 ჰა ე.წ. სუფთა ფართის გამოყვანა დატერასებით დაახლოებით 5000 ლარი ჯდება (თუმცა, შესაძლებელია, რომ დატერასება არც დასჭირდეს ბევრს). მიწის ამობრუნება და დარგვა 5000 ძირისთვის (ანუ დაახლოებით ორ ჰექტარზე) 3000 ლარი. რომ შევაჯამოთ და დატერასება გამოვაკლოთ, ერთი ჰექტარი მიწის ყიდვა და ვენახის გაშენება გამოდის: 1500 ლარი მიწის, 3000 ლარი ნერგის, 1500 ლარი დარგვის. აქ არ შედის ნაკელისა და კირის ფასი.

ქართლში და კახეთში ვენახის გაშენების ხარჯები საშუალოდ რომ დავითვალოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ერთი ნერგის ფასი, დაახლოებით, 1 ლარი (ყველაზე მინიმალური). ჰექტარზე საჭიროა მინიმუმ 3 500 ცალი ნერგი. მთელი წლის განმავლობაში ვენახისათვის საჭირო აგროტექნიკა თავისი მუშიანად და ტრაქტორიანად ჯდება დაახლოებით 4000 ლარი ჰექტარზე. ამას უნდა დაუმატოთ ბოძის და მავთულის საფასური. ბოძებს გააჩნია ვინ რას აირჩევს (ბეტონის, ბამბუკის, პლასტმასის და სხვა...) და მათი ფასი დაახლოებით 1-დან 10 ლარამდე მერყეობს.

ვაზის ერთი ცალი ნერგის ფასი (ყურძნის ჯიშის და მისი გამოყვანის სირთულის მიხედვით), ერთი ლარიდან, 5-6 ლარამდეა. ხოლო თუკი სასურველი ვაზის ე.წ. მწარეზე დამყნობას   გლეხებს (და არა აგრონომ-სპეციალისტებს) დაუკვეთავთ, შეიძლება ბევრად უფრო იაფიც დაგიჯდეთ. მაგალითად, შარშან სოფელ ველისციხეში, ადგილობრივი გლეხები რქაწითელის ვაზის ერთ ცალ ნერგს 30 თეთრადაც კი ყიდდნენ. ხუთი წლის წინ, ქართლში (მცხეთის რაიონის ბარის სოფელში) ადგილობრივმა მეღვინემ  5000 ცალი ჩინურის ნერგი - 6000 ლარად იყიდა. თუმცა, იგივე რაოდენობისა და ხარისხის ნერგებს 7500 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვით.

გარდა ამ ყველაფრისა, როდესაც ვენახის გაშენებას გადაწყვეტთ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებზე მუშახელის დაქირავებისათვის საჭირო აუცილებელი ხარჯებიც. ხარჯების სიდიდე, რასაკვირველია, ვენახის მოცულობის შესაბამისია.

 

საქართველოში ტონიანი ქვევრები, დაახლოებით, 400-დან 800 ლარამდე ღირს. საშუალოდ, 10 ტონა ღვინის გადამუშავებისა და შენახვის შემძლე მარნის სამშენებლო სამუშაოები ყველაზე ცოტა 20 ათასი ლარი მაინც დაჯდება. უჟანგავი ფოლადის საშუალო, ან დაბალი ხარისხის ავზები (10 ტონიანი მარნისათვის რომ ვიანგარიშოთ) დაახლოებით 5-დან 7 ათას ლარამდე ღირს. თუკი ამ ტიპის ჭურჭელი უფრო მაღალი ხარისხის გსურთ, ახლავე გეტყვით, რომ შესაძლებელია 15 ათას ლარზე მეტიც კი დაგჭირდეთ. მარნისათვის საჭირო დანარჩენ დანადგარებს, რომლებიც   ამ 10 ტონა ყურძენს გადაამუშავებს, დაახლოებით, 7 000 ლარი ეყოფა.

ამ ყველაფრის მარტივად დათვლით გამოდის, რომ საქართველოში საშუალო მოცულობის მარნის მოსაწყობად დაახლოებით 50 ათასი ლარია საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ მარანზე, სადაც ხარისხიანი ღვინის დაყენების ყველა პრაქტიკული შესაძლებლობა იქნება. 

ALLWINE.GE

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი