სიახლეები >> "თანამედროვე ევროპული და ძველი ქართული სადღეგრძელოები ერთმანეთს ჰგავს" - რას ადღეგრძელებდნენ უძველესი ქართველები
"თანამედროვე ევროპული და ძველი ქართული სადღეგრძელოები ერთმანეთს ჰგავს" - რას ადღეგრძელებდნენ უძველესი ქართველები

პირველი ქართული სადღეგრძელოები წარმართული ღვთაებების, მზის, მთვარის, დედამიწისა და ბუნების სადიდებელი იყო. საერთოდ, ცნობილი ამბავია, რომ ქართველები "საბჭოურ გაზარმაცებამდე" ძალიან პრაქტიკული და ჯანსაღი ბუნების ხალხი იყვნენ და ეს სადღეგრძელოებშიც გამოიხატებოდა. ქართველები ლოცავდნენ იმას, რაც რეალური, აუცილებელი და საჭირო იყო. ლოცავდნენ ღმერთს (მაშინდელი გააზრებით, ღმერთი თავად ბუნება იყო), შვილებს, მოსავალს და ყველაფერ იმას, რაც საჭირო და უმთავრესია ადამიანისთვის. ეს "პრაქტიკულობის" ტენდენცია შემდგომი პერიოდის სადღეგრძელოებშიც შენარჩუნდა. მაგალითად, ერთ-ერთი ძველი წერილობითი წყაროს მიხედვით, საქართველოს პირველი მეფე, ფარნავაზი მცხეთელმა მესხმა, ვინმე გოინიმ ასე დალოცა: "იყავ ჯანმრთელი მეფეო და იქმნეს მხიარულობა". დღესაც ძნელია ადამიანს ამაზე კარგი რამ უსურვო. ჯანმრთელობა და მხიარულება, მართლაც ყველაზე სწორი და ჯანსაღი სურვილია. ალბათ სწორედ ჯანმრთელობა და მხიარულება ნიშნავს ბედნიერებას.

ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის ქართული სადღეგრძელოები, თავიანთი შინაარსით ძალიან ჰგავს ისეთ სადღეგრძელოებს, რომლებსაც დღეს ევროპის ქვეყნებში მიღებებსა და ბანკეტებზე ხშირად გაიგონებთ. შეიძლება გაგაკვირვოთ ამ შედარებამ და დაუჯერებლად მოგეჩვენოთ პარალელები ადრეული შუა საუკუნეების საქართველოსა და 21-ე საუკუნის ევროპას შორის, მაგრამ თუკი ძველი არაბი ისტორიკოსის, ინექ ალ დეისის ცნობებს ვნახავთ, ბევრი რამ ცხადი გახდება. ინექ ალ დეისი წერს: "სომხეთში და საქართველოში ღვინო ძალიან უყვართ, თუმცა რომაელებივით არ იციან დათრობა. სულ სამ სასმისს სვამენ და სხვადასხვანაირად ადღეგრძელებენ იმ ადამიანს, ვისაც ქეიფი ეძღვნება". ფაქტია, რომ ამ ამბების მომყოლ არაბ ისტორიკოსს არანაირი მოტივაცია არ ექნებოდა რაიმე მიზნით ტყუილი ეთქვა, და თუ ეს ყველაფერი სინამდვილეა, მაშინ სწორია ჩვენი ვარაუდი ამასთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე ევროპული და ძველი ქართული სადღეგრძელოები ერთმანეთს ჰგავს. ბანკეტის ტიპის ევროპულ სუფრებზე, ძველი საქართველოს მსგავსად, სწორედ აღნიშნული ბანკეტის (შეხვედრის, სუფრის...) მომწყობთ ლოცავენ და თან სხვადასხვანაირად.

მეფისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოები საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებით პოპულარული იყო. თუმცა, მეფეებიდან ამ მხრივ განსაკუთრებული პატივი ერეკლე მეორესა და თამარს ხვდა წილად. თამარს ლოცავდნენ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში. როგორც მის სიცოცხლეში, ასევე თამარის გარდაცვალების მერეც. თამარისადმი მიძღვნილი სადღეგრძელო თავის თავში მოიცავდა, ქვეყნის, ერთიანობის, სიკეთის, სილამაზისა და სამართლიანობის სადღეგრძელოებს. 

თამარს ლოცავდნენ არა მხოლოდ ტომით ქართველები, არამედ ლეკებიც, ოსებიც, აფხაზებიც... თამარს საკუთარ მეფედ ჩეჩნები, იგივე ვაინახებიც კი მიიჩნევდნენ. იმ პერიოდში ქალი მეფე, თან ასეთი ძლიერი და ასეთი სამართლიანი, ნამდვილი მსოფლიო მოვლენა იყო. მოგეხსენებათ, ძველ დროში ქალებისადმი და მათი შესაძლებლობებისადმი საკმაოდ ცინიკური და არასამართლიანი დამოკიდებულება არსებობდა. თამარმა კი თავისი არსებობით ყველა ეს კლიშე დაამსხვრია. 

რაც შეეხება ერეკლე მეფეს, ერეკლე იყო უკანასკნელი ქართველი მეფე, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ბოლო ბრძოლები მოიგო. ერეკლეს შემდეგ, საქართველოს არც ერთი ბრძოლა არ მოუგია და ეს სამწუხარო ტენდენცია დღემდე გრძელდება. ერეკლე მეფის სადღეგრძელო განსაკუთრებით პოპულარული იყო კახეთში და კახეთის მთიანეთში. ერეკლე მეფის სადღეგრძელოს კახეთში დღესაც კი სვამენ. საერთოდ, თუკი საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, მეფე ყოველთვის ქვეყანასთან იყო გაიგივებული და შესაბამისად, მეფის დალოცვა ქვეყნის დალოცვას უდრიდა.

ჯერ ცარისტული, და შემდგომ საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, სადღეგრძელოების დიდი ნაწილი მკვეთრად შეიცვალა როგორც თავისი ფორმებით, ასევე შინაარსით. პრაქტიკული, მოკლე და შინაარსიანი სადღეგრძელოები არაფრისმომცემმა და უშინაარსო სიტყვებმა შეცვალა. ქართული სუფრა ფამილარობის ასპარეზი გახდა, სადაც ადამიანები ხშირად არა საუკეთესო, არამედ ყველაზე ცუდ თვისებებს ავლენდნენ.

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქართული სუფრა სწორედ იმ საზოგადოებას დაემსგავსა, რომელშიც ათწლეულების მანძილზე ვცხოვრობდით და ეს ქართულ სუფრასა და სადღეგრძელობშიც გამოიხატა. ამას დაემატა ისიც, რომ იმ პერიოდში მასიურად დაიწყო ქართული ღვინის გაყალბება. ნათქვამია: "როგორ ღვინოსაც სვამ, ისეთ სადღეგრძელოებს ამბობო". ამის მერე დაიწყო. "პურის მჭამელი ხალხის", "კაცობისა და მეობის", "ვინც მოპარვაც იცის და დახარჯვაც" და ასეთი ტიპის სადღეგრძელოები რატომღაც წმინდა ქართულად მიიჩნეოდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ სადღეგრძელოებს დღესაც გაიგონებთ და არა მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებისაგან.

 

 

allwine.ge

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი