ტურიზმი >> როგორ ვიმოგზაუროთ მინიმალური დანახარჯით და მივიღოთ ვიზა ტურისტულის გვერდის ავლით
როგორ ვიმოგზაუროთ მინიმალური დანახარჯით და მივიღოთ ვიზა ტურისტულის გვერდის ავლით

მართალია, დღევანდელ სამყაროში ცოტა ძნელია მოგზაურობა -  ან დრო არ გაქვს, ან სახსრები. მაგრამ თუკი მოგზაურობა გიყვარს, ეს ორი ფაქტორი ხელს ნამდვილად ვერ შეგიშლის. წელიწადში მხოლოდ 1 თავისუფალი დღეც რომ გქონდეს, არ დაგეზაროს და წადი სამოგზაუროდ.

და ფული? იმოგზაურე იაფ ქვეყნებში  თუმცა, თუკი ჩემს გამოცდილებას და რჩევას გაითვალისწინებთ, ძვირიან ქვეყნებშიც კი მინიმალური დანახარჯებით გამოძვრებით.

მე პირადად 200 ევროდ მოვიარე მთელი თუ არა ნახევარი ესპანეთი(მადრიდი,ბარსელონა, სარაგოსა,ტოლედო,ბილბაო,სევილია, მალაგა,ბურგოსი,სალამანკა და ა.შ) და 100 ევრო დამჭირდა იტალიის ულამაზესი ქალაქების მოსანახულებლად (მილანი, ვენეცია, რომი). პარიზში კი უმაგრესი მასპინძლის წყალობით, ცენტიც არ დამიხარჯავს...

როგორ მოვახერხე? სანამ მოგზაურობასთან დაკავშირებულ დეტალებზე გადავალ, ვიზაზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას.

ყოველთვის თავს ვიკავებდი, როდესაც მოგზაურობა ეხებოდა ისეთ ქვეყნებს, სადაც ვიზა გვჭირდება - ვამბობდი, თავის ტკივილია ვიზის აღება, არ მინდა! სინამდვილეში კი, ვიზის მიღებაზე მარტივი არაფერი არაა, მთავარია სამსახური გქონდეს, ან შენს დამფინანსებელს ჰქონდეს სტაბილური სამსახური.

ტურისტული მოგზაურობისას შენგენის ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების სია ასე გამოიყურება:

  1. საზღვარგარეთის პასპორტი (1 ასლი)
  2. ცნობა სამსახურიდან (თანამდებობის და ხელფასის მითითებით) ცნობაში ასევე უნდა ეწეროს დამსაქმებლის ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და მისამართი, (ცნობა თუ სატიტულო ბლანკზეა, იქ ისედაც მითითებული იქნება).
    3.ბანკიდან ცნობა სადაც მითითებულია ბრუნვა თქვენს ანგარიშზე (ხელფასი და ასე შემდეგ) ბოლო 3-6 თვე (სამიც საკმარისია).
  3. სამოგზაურო დაზღვევა (1 ასლი).
    5 თუ დაოჯახებული ხართ, (ქორწინების მოწმობა, ბავშვი(ებ)ის დაბადების მოწმობები) არსებობის შემთხვევაში.
  4. ბანკიდან ცნობა, რომ ანგარიშზე დევს თანხა (მოგზაურობის პერიოდის გათვალისწინებით დღეში მინიმუმ 50 ევრო მაინც უნდა გაითვალისწინოთ და შესაბამისი თანხა უნდა არსებობდეს ანგარიშზე) (ხრიკი: თანხა ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს, ბოლო-ბოლო ისესხებთ ერთი დღით, დადებთ ანგარიშზე, მერე ამონაწერს გააკეთებთ და ეგაა )
    7. სასტუმროს ჯავშანი - Booking.com (ტურისტულის დახმარების გარეშეც ძალიან თავისუფლად დაჯავშნით).
  5. ბილეთების ჯავშანი. ჯავშანი უნდა იყოს დახურული. ანუ ორივე გზა. (დახურული სწორედ ამას ნიშნავს). ზოგი საელჩო ითხოვს ბილეთების ყიდვას, ზოგი არა. ამიტომ მოარგეთ ბილეთები შესაბამის საელჩოს.

მოკლედ, თუკი ყველა ეს დოკუმენტი წესრიგში გექნებათ, ვიზის მიღების შანსი 99%-ია. 1% ყოველი შემთხვევისთვის დავტოვე.

ჩემს მეგობარს მაგალითად ხელფასი ბანკში არ ერიცხება, მაგრამ ამის გამო არანაირი პრობლემა არ შექმნია, უბრალოდ აჩვენა ბარათის ჩარიცხვები და თანხა ანგარიშზე და დღეს ვიზა ხელში აქვს.

ხშირად გამიგია, მირჩევნია ტურისტული დამეხმაროს ვიზის აღებაში. მართალია მეტს ვიხდი, მაგრამ მიღირს. შენგენის ვიზის მისაღებად ტურისტული სააგენტო ვერ დაგეხმარება. რადგან დოკუმენტები თავად შეგაქვს საელჩოში და ის რომ ტურისტული გიკეთებს რაღაცეებს, სულაც არ ნიშნავს რომ ის საელჩოში რამეში გეხმარება. სავიზო მხარდაჭერა არ ნიშნავს ვიზის 100% მიღების გარანტიას და ამას ტურისტულშიც გეტყვიან, მაშინ რა საჭიროა ზედმეტი ხარჯის გაწევა?!

ტურისტული სააგენტოები შექმნილია ისეთი ხალხისთვის, რომელსაც ეზარება  სასტუმროების თუ ფრენების ძებნა, თქვენ უკვეთავთ, ხარჯავთ მხოლოდ ფულს და ისინი ყველაფერს აკეთებენ თქვენს მაგივრად.(ანუ ჯავშნიან სასტუმროს, ყიდულობენ ბილეთს, დაზღვევას). ამიტომაცაა ტურისტულის საგზური უფრო ძვირი გიჯდება, ვიდრე საკუთარი თავის მიერ დაგეგმილი ტური. (ბანკში და საელჩოში მაინც გეხარჯებათ დრო)

მოკლედ, როგორ ვმოგზაურობ მინიმალური დანახარჯებით? ეს მარტივია:

1. ვიყენებ იაფ გადაადგილების საშუალებებს.

ძირითად შემთხვევაში, ყველაზე იაფი გადაადგილება ავტობუსითაა.
თუკი რამოდენიმე ქალაქის მონახულება გინდა, იმგზავრე ღამით, გამოიძინე ავტობუსში, ამით სასტუმროს ფულიც დაგეზოგება და დროსაც მოიგებ.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ავიაკომპანიებს ფასდაკლებები აქვთ და ამ დროს ფრენა ავტობუსის ბილეთზე იაფი ჯდება. (10 ევროდ გადავფრინდი მადრიდიდან მილანში, მაშინ როდესაც გრანადან მადრიდამდე 17 ევრო დამიჯდა ბილეთი). ამიტომ გამოიწერეთ ისეთი ავიაკომპანიის სიახლეები, როგორიცაა მაგალითად easyjetryanairwizzair და საერთოდაც გამოიყენეთ ძებნის საშუალებად edreamsskyscanner. ევროპაში მოგზაურობისას ჩემი საყვარელი საძიებო სისტემაა GOeuro.

ხრიკი - ფასების ძებნისას გამოიყენეთ ინკოგნიტო ბრაუზერი. რატომ? იმიტომ რომ, ავიაკომპანიები იმახსოვრებენ თქვენს მონაცემებს და თუკი ორი დღის უკანდელი ფასები დღეს კატასტროფულად გაიზარდა, სწორედ ამის ბრალია.

ყველაზე გასართობია ჰიჩჰაიკინგი ,თუმცა ამისთვის ბევრი დრო და ხასიათი გჭირდება, მარგრამ სამაგიეროდ უფასოდ მგზავრობ და ახალ ადამიანებს იცნობ.

P.S  თუკი დიდ ქალაქში ჩადიხარ, იყიდე მთელი დღის ბილეთი - ეს ბევრად იაფი დაგიჯდება და მერე თუ გინდა მთელი დღე არ ჩამოხვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან.

P.S.S არ გამოიყენო ტაქსი!

2. ვჩერდები ჰოსტელში, საოჯახო სასტუმროში ან ადგილობრივთან(couchsurfing).

ჰოსტელები ყველაზე იაფი ღამის გასათევი საშუალებაა, ასევეა საოჯახო სასტუმროები. თუმცა თუკი ღამის გათევაში საერთოდ არ გინდა რამე დაგეხარჯოს, მაშინ ქოუჩსერფინგი სწორედ შენთვისაა. მე პირადად მისარგებლია ამ სერვისით, თან მილანში (სადაც კატასტროფული ფასებია ჰოსტელებზეც კი) და ერთ-ერთი გემრიელი მოგონება სწორედ მასპინძლებს უკავშირდება. მადლობა კიდევ ერთხელ მათ.
საერთოდ არაა რთული მასპინძლის არჩევა, უბრალოდ დაწერ რომ აპირებ ამა და ამ დღეებში ჩასვლას, მერე გადახედავ მოსულ შემოთავაზებებს, ნახავ მათ პროფილებს და შეფასებისა და კომენტარების დახმარებით გადაწყვეტ ვისთნ დარჩე.( feedback 100% სიმართლეა). ერთი დეტალი, მასპინძელი სტუმართმოყვარეა, თან ახალი ადამიანების გაცნობაც მასაც ისევე უნდა, როგორც შენ ახალი კულტურის, ამიტომ თამამად დარეგისტრირდით და ნახავთ რამდენი გამოგეხმაურება დარჩენასთან დაკავშირებით.

3. წინასწარ ვეძებ უფასო გასართობებს.

როდესაც ახალ ქალაქში ჩადიხარ, მანამდე უბრალოდ მოიძიე რა შეიძლება ნახო და გააკეთო უფასოდ, ასე დროსაც დაზოგავ და მეტ რამესაც გაიგებ,თან უფასოდ 

4. კვება - სუპერმარკეტი

რა თქმა უნდა, ბარებში და კაფეებში სადილობა კარგია, მაგრამ ეს საკმაოდ სერიოზულ ხარჯებს უკავშირდება. ამიტომ, აქტიურად გამოიყენე სუპერმარკეტები. ხოლო, რაც შეეხება ადგილობრივ გასტრონომიას, ამის შესახებაც წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია, სად შეიძლება დააგემოვნო ყველაზე გემრიელად ტრადიციული სამზარეულო იაფად (ვთვლი, რომ ამაში 10-15 ევრო არ უნდა დაგენანოს).

 

cisiqitelis.wordpress.com


 

 

 

 

ფილტრაცია