ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> თბილისის ღვინის მაღაზიების მეგზური
თბილისის ღვინის მაღაზიების მეგზური

სპეციალიზებული ღვინის მაღაზიები თბილისში იმდენად ცოტაა, მიგნება გაგიჭირდებათ, თუკი წინასწარ არაფერი იცით მათ შესახებ. დედაქალაქში ჯერ კიდევ საბჭოური ყაიდის სავაჭრო კულტურა ბატონობს და სწორედ ესაა მთავარი პრობლემა. ქალაქში ისევ მრავლადაა საბჭოური გასტრონომები და სასურსათო მაღაზიები, რომელთაც ნელი ტემპით ცვლის თანამედროვე სუპერმარკეტები. კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც ღვინის მაღაზიები ვერ განვითარდა, მასობრივი ფალსიფიკაციაა. ამ ავთვისებიანი სენის მწარე, მაგრამ მარგებელი წამალი აღმოჩნდა რუსეთის ემბარგო. მეღვინეები იძულებული გახდნენ, მიეღოთ ახალი რეალობა, სადაც ცუდი ღვინო აღარავის სჭირდება.

ახალი ბაზრების ათვისებამდე კომპანიებმა სამშობლოსკენაც მოიხედეს. მაგალითად. GWS-მა გადაწყვიტა, რომ ქართული ბაზარი მისთვის ისევ პრიორიტეტულია. აქამდე, საქართველოში GWS-ის ღვინოების მხოლოდ 3% იყიდებოდა. მარკეტინგულ სტრატეგიაში კორექტივები შეიტანეს სხვებმაც, რის გამოც მარკეტები უცებ გადაივსო ღვინოებით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მყიდველი ცოტაა, განსაკუთრებით - ქართველი მყიდველი, რომელიც ჯერ ერთი, ბოთლის ღვინოს არ ენდობა, მეორეც - ცოტაა მოწესრიგებული მაღაზია, სადაც ღვინოს მშვიდად იყიდი, დარწმუნებული, რომ არაფერში მოგატყუეს.

მორიგი პარადოქსი - იმის ნაცვლად, რომ სპეციალიზებული ღვინის მაღაზიები გახსნილიყო, ზოგიერთი დაიკეტა. “ტარო ინვესტის” გენერალური დირექტორის მიხეილ ღოთვაძის თქმით, ბაზარი ისეა გაჯერებული, მაღაზიებში ღვინოები გაუყიდავი რჩება. “ტარო ინვესტს” თბილისში 5 საფირმო მაღაზია ჰქონდა, მაგრამ კომპანია იძულებული გახდა, 3 დაეხურა.

“ტარო ინვესტის” სათაო ოფისის მაღაზია ერთადერთია თბილისში, სადაც ბოთლები სპეციალურ თაროებზე დაწვენილი აწყვია. სხვაგან გვითხრეს, რომ მარკეტინგული გათვლით, ამ ეტაპზე უმჯობესია, ბოთლები იდგეს და გარკვევით ჩანდეს ღვინის დასახელებები. თუმცა, ზოგ მაღაზიას საწყობი აქვს, სადაც ბოთლებს აწვენენ და საცობის გამოშრობის საფრთხეც მოხსნილია. ვისაც საწყობი არა აქვს, ცდილობს, დახლებზე ღვინო მალევე შეცვალოს ახლით. მალ- მალე იცვლება “პოპულსა” და “გუდვილში”.

ღვინის მაღაზიების გამართულ მუშაობას ხელს უშლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და აქაური არასტაბილური ვითარებაც. რუსეთ- საქართველოს ომს შიდაპოლიტიკური პრობლემებიც დაემატა, რაც ქვეყანას ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის, უცხოელები კი ღვინის მაღაზიების ხშირი სტუმრები არიან. “ღვინის სახლის” დირექტორის, ალექსანდრე ქურდაძის თქმით, ტურისტების შემცირება მაღაზიის მუშაობაზე მძიმედ აისახა. პირველ რიგში ეს შეეხო ბოთლის ღვინოებს, რომელთა ძირითადი მომხმარებლები სწორედ უცხოელები არიან.

ქართველები უფრო მეტად ჩამოსასხმელ ღვინოს ყიდულობენ, რასაც ბოთლის ღვინის ფასი და უნდობლობა იწვევს. ყველამ იცის, რომ სამიოდე წლის წინ კომპანიების ნაწილი “ფეკალიებს” ყიდდა, რაც ოფიციალურად აღიარა ხელისუფლების ყოფილმა მაღალი რანგის მინისტრმა. თუმცა, მასაც რომ არაფერი ეთქვა, ქარხნულად დამზადებული ღვინის ფალსიფიკაციას საქართველოში იმხელა ისტორია აქვს, მაინც დაუჯერებელი იქნებოდა, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

ასე რომ, კომპანიებსაც და მაღაზიებსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურის ასამაღლებლად. ამ კუთხით პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - ღვინის მაღაზიებში მყიდველს უფასოდ სთავაზობენ ამა თუ იმ დასახელების ღვინის დეგუსტაციას. ყველას შეუძლია, დარწმუნდეს, რომ ბოთლით ღვინოს სთავაზობენ და არა “სხვა რამეს”.

“ქინძმარაულის მარნის” საფირმო მაღაზიამ ვაკეში სპეციალური სადეგუსტაციო კარადაც კი შეიძინა. კარადაში დგას ბოთლები, რომლებშიც ღვინო დაცულია ვაკუუმით. “ქინძმარაულის მარნის” ეს მაღაზია უახლესი დანადგარებით გამოირჩევა. ჩამოსასხმელი ღვინისთვის იტალიიდან ჩამოტანილია “ფერარის” ძვირადღირებული რეზერვუარები თერმომაცივრებით. მაღაზიის დიზაინში ცენტრალური ადგილი უჭირავს სამსაუკუნოვან საწნახელს, რომელიც დიზაინერმა მინისზედაპირიან სადეგუსტაციო მაგიდად აქცია.

ჩამოსასხმელი ღვინო თითქმის ყველა ღვინის მაღაზიაშია. “ქვევრისა” და “ღვინის სამყაროს” მეპატრონეები მეღვინეები არიან და მომხმარებელს საკუთარ ღვინოსაც სთავაზობენ. მაღაზია “ქვევრში” ჩამოსასხმელი ღვინოები კარგი ხარისხით და დაბალი ფასით გამოირჩევა. “ვინოთეკა” ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანას” ფერმერების ჩამოსასხმელ ღვინოებს ჰყიდის და ერთ- ერთი ყველაზე მოწესრიგებული მაღაზიაა.

ქურდაძეების “ღვინის სახლის” ქსელი 10 წლის წინ ოცამდე ღვინის მაღაზიას მოიცავდა თითქმის ყველა უბანში. ახლა მხოლოდ ორია შემორჩენილი. ლესელიძის ქუჩაზე “ღვინის სახლში” შეგიძლიათ, გამოცდილი მეღვინის, ალექსანდრე ქურდაძის უფასო კონსულტაციითაც ისარგებლოთ.

“ღვინის სამყარო” ევროპული სტრუქტურის ღვინის სახლის ნაწილია. ღვინის ეს ოაზისი მოიცავს მაღაზიას, რესტორანს, ბარს, ღვინის მოყვარულთა კლუბს, სადეგუსტაციოს და ცქრიალა ღვინო “კიუვე მარგოს” მცირე წარმოებას. კომფორტითა და წესრიგით გამორჩეულ “ღვინის სამყაროს” მხოლოდ პატარა სასტუმრო აკლია ევროპული ტურ- ოპერატორების ღვინის ტურებში მოსახვედრად.

უცხოური ღვინოები თითქმის ყველა მაღაზიაშია, თუმცა არც ისე დიდი ასორტიმენტით. ყველაზე დიდი არჩევანია მაღაზიებში: “ვინოსიმო”, “ვინოშოკი” და “ვინოთეკა”, სადაც შეიძენთ როგორც ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნების, ისე ე. წ. ახალი სამყაროს ღვინოებს. ფასი 12-დან 70 ლარამდე მერყეობს. გამონაკლისია “ვინოშოკი”, სადაც 215-ლარიანი ღვინოც აქვთ.

წყარო: www.vinoge.com

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი