ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ქართული ღვინოები, რომლებიც იტალიურ ბარ-რესტორნებში ჰიტად იქცა - იტალიაში ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება
ქართული ღვინოები, რომლებიც იტალიურ ბარ-რესტორნებში ჰიტად იქცა - იტალიაში ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება

იტალიაში ბოლო დროს ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან გაიზარდა და ეს მეტწილად ქართველი ნატურალისტი მეღვინეების დამსახურებაა. ბიო-ღვინის მწარმოებელმა ქართველმა მეღვინეებმა, როგორც იქნა, გაჭრეს იტალიის ღვინის ბაზრის გზა და ეს მთლიანად ქართულ მეღვინეობაზე დადებითად აისახა.

იტალიის დედაქალაქ რომის ღვინის მაღაზიებსა და ღვინის ბარებში  Allwine.ge-ს მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ იტალიელმა ღვინის რეალიზატორებმაც და მომხმარებლებმაც, ასე თუ ისე, უწყიან ჩვენი ღვინის შესახებ და აფასებენ კიდეც.

იტალიის ღვინის მეღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ დაახლოებით 10 წლის წინ  ქართული ღვინის შესახებ არაფერი სმენოდათ. ამ ბოლო დროს კი მათ უკვე იციან, რომ რქაწითელი მთავარი ქართული ვაზის ჯიშია. ღვინის ბარ „სან რომანოს" მფლობელი, ვენდიან ლეკკი   ამბობს, რომ მისი ბოლო წლების აღმოჩენა საფერავია და გადაწყვეტილი აქვს მიმდინარე წელს საქართველოში ჩამოვიდეს, რათა მაღაზიაში გასაყიდად საუკეთესო საფერავები შეარჩიოს.

ღვინის მაღაზია „რომანიაში" ორი ქართული ღვინის მწარმოებელი დიდი კომანიის 4 ღვინის ნიმუში აქვთ გასაყიდად გამოტანილი და მაღაზიის მფლობელები  ამბობენ, რომ 2014 წლის მოსავლის რქაწითელი-მწვანე კახურის კუპაჟური ღვინო მათი ბარის ერთ-ერთი ჰიტი ღვინოა. ამ ერთ  ბოთლ ღვინოს 38 ევროდ ჰყიდიან, ერთი ჭიქის დალევა კი 8.5 ევროდაა შესაძლებელი.

პიეტრო მესინი, რომში მდებარე ღვინის მაღაზია „რომანიას" თანამფლობელი: „ქართულ ღვინოს დიდ პატვს ვცემ, რადგან ის არაფერს არ ჰგავს და სრულიად განსხვავებული გემო და სურნელი აქვს. ბოლო წლებში იტალიაში ბევრი ადამიანი ინტერესდება განსხვავებული ღვინოებით და, ამ მხრივ, ქართული ღვინო ნამდვილად საუკეთესო შეთავაზებაა. ძალიან გვინდა ჩვენს მაღაზიაში ქართული ღვინის არჩევანი და ასორტიმენტი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ".

ქართული ღვინის შესახებ ასევე უწყიან ფლორენციასა და ნეაპოლშიც. ფლორენციაში მდებარე რუსული რესტორანი „მატრიოშკა" კი კლიენტებს რქაწითელის ღვინოს საერთოდ ლანჩ-მენიუსთან ერთად სთავაზობს. ამ მენიუს ფასი 42 ევროა და როგორც რესტორნის მენეჯერმა გვითხრა, საკმაოდ მოთხოვნადიცაა.

იტალიის რამდენიმე რესტორნის მენიუში ქართული კერძებიცაა შეტანილი. 



allwines

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი