ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ალადასტური - ღვინო, რომლის დალევის უფლებას ღმერთი გვაძლევს
ალადასტური - ღვინო, რომლის დალევის უფლებას ღმერთი გვაძლევს

ალადასტური ქართული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია, რომლის სამშობლოდ გურია სახელდება, თუმცა იმერეთშიც მეტ-ნაკლებად გავრცელებულ ჯიშად მიიჩნევა. მთლიანობაში ალადასტური დღეს თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული (აქა-იქ სამეგრელოში და მთიან აჭარაშიც კი გვხვდება), მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ჯიშის ფართობები შთამბეჭდავი ნამდვილად არ გახლავთ.

ქართულ ლიტერატურასა და ხალხურ ფოლკლორში ისე ფართოდ ქართული ვაზის ალბათ არც ერთი ჯიში არ დამკვიდრებულა, როგორც ალადასტური. ალადასტური შეგხვდებათ ისტორიულ წყაროებში, ლექსებში, პოემებში, სიმღერებში, ხალხურ თქმებსა და ანდაზებშიც კი... ეს მაშინ, როდესაც ალადასტურის გავრცელების არეალი სხვა ქართულ ჯიშებზე (მაგალითად: რქაწითელი, ცოლიკოური, საფერავი და სხვა) უფრო მცირე იყო და ძირითადად დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებულად კი, გურია-იმერეთს მოიცავდა.

ჯიშის დასახელება - ალადასტური არაბულად ჟღერს, როგორც "ალაჰ დასტურ", რაც ნიშნავს "ალაჰის თანხმობას". არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად რელიგიური აკრძალვებისა, საქართველოში მოსულ არაბ დამპყრობლებს ალადასტური (რომელსაც ალბათ ადრე სულ სხვა სახელი ექნებოდა) ძალიან მოეწონათ და ამ ღვინის სიყვარულის გამო, თავის გასამართლებლად თქვეს, რომ ეს ისეთი კარგი ღვინოა, ამის დალევაზე ალაჰმაც კი მოგვცა დასტურიო.

დღეს ქართული ღვინის კომპანიებიდან ღვინო "ალადასტურს" ძალიან ცოტა აწარმოებს და ისიც შეზღუდული რაოდენობით. ამის მიზეზი პირველ რიგში ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ალადასტურის ვენახების სიმცირეა.

ალადასტური  ძალიან სასიამოვნო ღვინოა საადრეო ვაშლისა და წითელი მოცხარის სურნელებით. მიაყოლეთ მწვანე სალათებს და ხილის ასორტს.

ალადასტურის ღვინო ძალიან კარგად ეხამება ხილს.

 

allwine

 

 

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი