ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> რატომ ითვლება წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო "გაზაფხულის ჰიტად" და რა უნდა შევუხამოთ ლეგენდარულ "ხვანჭკარას"
რატომ ითვლება წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო "გაზაფხულის ჰიტად" და რა უნდა შევუხამოთ ლეგენდარულ "ხვანჭკარას"

მოვიდა გაზაფხული და წელიწადის ამ დროს მეღვინების კუთხითაც თავისი ტენდენციები გააჩნია. მსოფლიოში აღიარებული მოსაზრების თანახმად, წელიწადის ამ დროს ჰიტად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინეობი მიიჩნევა. ქართულ მეღვინეობაში კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რაჭული "ხვანჭკარა" გახლავთ.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ "ხვანჭკარას" წარმომავლობასა და გამორჩეულობაზე. ამჯერად ამ ღვინის არომატებზე და კერძებთან საუკეთესო შეხამებებზე ვისაუბრებთ.

"ხვანჭკარა" უმაღლესი ხარისხის წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი რაჭული ღვინოა. იგი ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება.  ღვინო "ხვანჭკარა" ლალისფერი შეფერილობით ხასიათდება - მისი  ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და ჯიშური არომატით.

ალექსნადროულის ჯიშის ყურძენი ვიზუალურადაც გამორჩეულია

პირველად მსგავსი ღვინო XIX  საუკუნეში თავადმა ყიფიანებმა აწარმოეს და "ყიფიანების ღვინის" სახელით, ქუთაისის ბაზარზე იყიდებოდა.  შემორჩენილია მისი ეტიკეტები  და ასევე მედალი, რომელიც "ყიფიანების ღვინომ" ბელგიაში მიიღო.  ეს ღვინო მზადდება ხვანჭკარის მიკროზონაში, რომელიც მოიცავს ხვანჭკარის ირგვლივ, რიონის მარჯვენა სანაპიროზე, სამხრეთ ფერდობებზე მდებარე სოფლებს ჭრებალოდან ამბროლაურის ჩათვლით.  მოსავლიანობის მაქსიმალურ შედეგს რაჭასა და ამბროლაურის რაიონში აღწევს.

როდესაც ცუდი ამინდები უწევდა, ყიფიანები კრეფდნენ ყურძენს, დაკრეფილ ყურძენს აშრობდნენ, რომ შემჭკნარიყო და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო დამდგარიყო.

ღვინო ტრადიციული ტექნოლოგიით მზადდება -  ჭაჭაზე დადუღებითა და ალკოჰოლური დუღილის შეჩერებით, სადაც შაქარი შეადგენს 3-5გ/ლ-ს,  ალკოჰოლის მოცულობითი პროცენტი კი - 11-13%-ს. ღვინო რჩება ბუნებრივად ნახევრად ტკბილი.

"ხვანჭკარა" ლალისფერი შეფერილობით ხასიათდება

"ხვანჭკარა" სხვა ღვინოებისგან, პირველ ყოვლისა, თავისი უნიკალური ლალისფერი შეფერილობით გამოირჩევა და ნაზი, საშუალო მჟავიანობის კარგად დაბალანსებული, ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშური არომატითა და გემოთი ხასიათდება. ასევე, გამორჩეულია თავისი სტილით (წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოა).  არომატში ვარდის, მარწყვის, ალუბლის, ასევე, წითელი კენკრის ტონები გამოიხატება.

კარგად ეხამება ადგილობრივ სამზარეულოს: რაჭული ლორით შეკმაზულ ლობიოს, მოხარშულსა და შებოლილი ხორცის კერძებს, ასევე, კარგად წარმოაჩენს თავს, როგორც სადესერტო ღვინო, უხდება ხილს, მარწყვს, ალუბალს, კენკრის, არა კრემიანს, არამედ მშრალ ბისკვიტიან ნამცხვრებს.

"ხვანჭკარა" ქართულ ღვინოებში ყველაზე ცნობილია. შესაძლებელია იმიტომ, რომ ნაკლებად იწარმოება, ვიდრე სხვა ცნობილი ღვინოები და საკმაოდ მაღალ ფასიანია.

"ხვანჭკარა" კარგად ეხამება რაჭული ლორით შეკმაზულ ლობიოს

იგივე მეთოდით მზადდება კახეთში საფერავისგან ღვინო "ქინძმარაული", "უსახელოური" -  ლეჩხუმში, "ოჯალეში" -  სამეგრელოსა და ლეჩხუმში და ისინი ქართულ ტრადიციულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო იყიდებოდა, საკმაოდ პოპულარულ წითელ ღვინოებად მიიჩნეოდა.

 

 

allwine.ge

 

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი