ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> მეღვინეობა დასავლეთ საქართველოში - მიკროზონები და უნიკალური ჯიშები
მეღვინეობა დასავლეთ საქართველოში - მიკროზონები და უნიკალური ჯიშები

დასავლეთ საქართველოს მეღვინეობა მრავალმხრივი და გამორჩეულია. დასავლეთ საქართველოს მეღვინოების რეგიონები კი საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა და ქმნიდა ქართული ღვინის კულტურას. 

იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, სადაც ძალზე განსხვავებული კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობაა, ამიტომ ღვინოები ყველგან განსხვავებულია. იმერეთში გავრცელებული ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ქვიშხური, ძელშავი, ალადასტური, დონდღლაბი, ბაზალეთური, კუნძა, ოცხანური საფერე, არგვეთული საფერე, რკო, ადანასური, ბზვანურა, შავი დონდღლაბი, ვანის ჩხავერი და სხვა. ტრადიციული მეღვინეობა აქაც, როგორც სხვა რეგიონებში, ქვევრთანაა დაკავშირებული, რომელსაც იმერეთში ჭურს უწოდებენ. განსხვავებით კახური ტრადიციული ღვინისგან, აქ ტკბილს უმატებენ ჭაჭის მხოლოდ მცირე ნაწილს. დადუღების შემდეგ ღვინოს ჭურში აყოვნებენ დაახლოებით 2 თვე, შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და ამუშავებენ. იმერული ტიპის ღვინო ლამაზი ყვითელი ფერისაა, სრული, შინაარსიანი, საკმაოდ ჰარმონიული და ხალისიანი. იმერეთი განთქმულია სვირული კრახუნათი, ობჩური ცოლიკოურითა და კვალითური ციცქათი. იმერეთში იწარმოება ადგილწარმოშობის ღვინო „სვირი".

იმერეთში ქვევრის (ჭურის) ღვინოს ყოველთვის აყენებდნენ

რაჭა-ლეჩხუმი სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახების სიმცირითა და იშვიათი ჯიშის ყურძნით. აქ გავრცელებულია: ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური და ორბელური. რაჭის ზონა მოიცავს ამბროლაურის რაიონის დიდ ნაწილს, სადაც ვენახები გაშენებულია მდინარე რიონის ხეობაში, და ქვემო რაჭის ყველაზე მნიშვნელოვან ხვანჭკარის მიკროზონას. ლეჩხუმის მევენახეობის მხარის ძირითადი მიკროზონებია: ცაგერი, ორბელი, ალპანა-ტვიში, ზუბი-ოყურეში. ყველაზე სახელგანთქმული ღვინოები ამ რეგიონიდან არის უსახელოური და ადგილწარმოშობის ღვინოები -   ხვანჭკარა და ტვიში. ტვიშის მიკრორაიონული კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის, ცოლიკოურის ყურძენში მაღალ შაქარმჟავიანობას და სწორედ ამ მიკროზონის ცოლიკოურისგან მზადდება თეთრი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო "ტვიში". აღსანიშნავია ასევე ორბელის ოჯალეში, რომელიც თავისი ამპელოგრაფიული მახასიათებლებითა და ღვინის ხასიათით განსხვავდება სამეგრელოს ოჯალეშისგან.

აჭარის, აფხაზეთის, გურიისა და სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები იწყება ზღვის დონიდან 2-4 მეტრი სიმაღლიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე. ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილას ჭარბტენიანიც, ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით.

დასავლეთ საქართველო საღვინე ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა

გურია-სამეგრელოს რეგიონი მეღვინეობის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე უძველეს კერას წარმოადგენს. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთის შესახებ გვხვდება. ეს რეგიონი გამოირჩევა ვენახის თვითმყოფადი მოწყობის კულტურით, რომელიც XIX საუკუნემდე თითქმის მთლიანად მაღლარზე იყო გაშენებული. აქაური ისტორიული ჯიშებიდან ცნობილია ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ალადასტური, საკმიელა, ოჯალეში, გოდაათური, ჭვიტილური, ჩეჭიფეში და სხვა.

მეგრული ღვინოებიდან ოჯალეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია

აფხაზეთი და აჭარა -   აფხაზეთი მეღვინეობის ისტორიულ მხარედ ითვლება. ვაზი აქ 400-დან 800 მეტრ სიმაღლემდე ხარობს ყველაზე კარგად. ადრეულ პერიოდში აქაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო მეღვინეობა, თუმცა, ჭრაქმა და ნაცარმა ძალიან ავნო ამ მხარეს. ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია: ამლახუ, ავასიხვა, კაჭიჭი, აღბიჟი, აკაბილი, აბსუაჟი, ლაკოაჟი, ხაფშირა, ხუნალიჟი და სხვ. ადგილობრივი ჯიშების გარდა აფხაზეთში კარგ შედეგს იძლევა ცოლიკოური, ოჯალეში, ჩხავერი, კრახუნა.
აჭარაში უკანასკნელ წლებში დაიწყეს ძველი ჯიშების აღდგენა და ცდილობენ აქტიურად მისდიონ მეღვინეობას. ისტორიული ჯიშებიდან აჭარაში ყველაზე მეტად ცნობილია: ბროლა, ხოფათური, კლარჯული, მეკრენჩხი, ბუტკო, კვირისთავა, შავშურა, ჯინეში, საწურავი, ბათომურა.

 

allwine.ge

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი