ინტერვიუ >> „თაფლი ვინი“ – 23 წლის ქართველი სტუდენტის სტარტაპი
„თაფლი ვინი“ – 23 წლის ქართველი სტუდენტის სტარტაპი

upwork.ge, cdi.ge, mitargmne.ge და ახლა უკვე „თაფლი ვინი"- winnie.ge - ეს იმ სტარტაპებისა და ორგანიზაციების ჩამონათვალია, რომლის ავტორიც 23 წლის პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი, ბესიკ ექსეულიძეა: „მქონდა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, მაგალითად, mydental.ge, რომელიც  გერმანული  სტომატოლოგიური მასალების  შემოტანასა და დისტრიბუციას გულისხმობდა საქართველოში, თუმცა გერმანული პროდუქტის მაღალმა ფასებმა ვერ გაამართლა ქართულ ბაზარზე, შემდეგ იყო წიგნების მაღაზია, რაც აგრეთვე, წარუმატებელი აღმოჩნდა". მარკეტერმა ბესიკთან საუბრისას გაარკვია, რომ „თაფლი ვინი"ევროპული სტანდარტებისა და თაფლის საწარმოებლად ყველანაირი სანიტარული ზომის დაცვის მიზეზით შეიქმნა და მის პირველ მიზანს ქართული ნატურალური თაფლისა და თაფლიანი ფიჭის წარმოება, ხოლო შემდეგ ნაბიჯს „ვინის" პროდუქციის ექსპორტზე გასვლა წარმოადგენს. რა გამოცდილება აქვს სტარტაპის ავტორს მეფუტკრეობაში, რას გულისხმობს თაფლის ევროპული სტანდარტებით წარმოება და როგორ აპირებს ბრენდი ბაზარზე თავის დამკვიდრებას, ინტერვიუდან შეიტყობთ:

როგორ გაგიჩნდათ თაფლის საწარმოს გახსნის იდეა?

თაფლის საწარმოს იდეა 2010 წლიდან მქონდა, იმ დროს მოსწავლე ვიყავი და არაერთი ნაშრომი მაქვს დაწერილი საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებაზე, თუმცა სტარტაპის განხორციელების საშუალება ახლა მომეცა „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის'' (YES-Georgia) ფარგლებში და ასე შევქმენი „თაფლი ვინი".

რას გულისხმობს ქართული ნატურალური თაფლისა და თაფლიანი ფიჭის ევროპული სტანდარტებით წარმოება?

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც თაფლს აკეთებენ შაქრის მეშვეობით, აგრეთვე, ფუტკარს აწვდიან ისეთ პრეპარატებს, რაც ხშირ შემთხვევაში, თაფლის შემოწმებისას  პროდუქტში აქტიურად დომინირებს. ფიჭა თავად ფუტკარმა რომ აწარმოოს, დაახლოებით, ის დრო დასჭირდება, რაც ერთი კილოგრამი თაფლის მოპოვებას, ამიტომაც, ფიჭას აწარმოებს მეფუტკრე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მას ამზადებს პარაფინის მეშვეობით, რაც თავის მხრივ, შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს. დღეს საქართველოში  ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ეტიკეტირებული თაფლი ფალსიფიცირებულია და თაფლს, ძირითადად, ყიდულობენ კონტაქტების საფუძველზე მეფუტკრეებისგან, რომლებიც რეალურად, ყველა ზომის დაცვის გარეშე აწარმოებენ პროდუქტს.
ჩვენ ვზრუნავთ, მაქსიმალურად დავიცვათ ეს სტანდარტები, ვიყენებთ ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნის შესაბამის ცვილის ფიჭას და თაფლს ვაწარმოებთ ყველა სანიტარული ზომის დაცვით შექმნილ საწარმოში. 

სად არის „ვინის საწარმო" და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ადგილი?

მარელისი, სადაც გვაქვს საწარმო, ჩემი სოფელია იმერეთში, სადაც 1985 წლიდან ჩემი ოჯახი აქტიურად ეწეოდა მეფუტკრეობასა და ქართული ფუტკრის მოვლა-პატრონობას. ამ ადგილს გააჩნია ისეთი ბუნებრივი რესურსები, რაც მნიშვნელოვანია ნატურალური თაფლის საწარმოებლად. ჩვენ საფუტკრე  რამდენიმე ადგილას გვაქვს, ძირითადად კი მთაში, სოფლისაგან მოშორებით. ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან ფუტკარი დასახლებული ადგილებიდან იღებს ისეთ ნივთიერებებს, რაც უკვე თაფლს შემოწმებისას, ხარისხს უფუჭებს. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარელისი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაა და სწორედ ამ რეგიონშია აღმოჩენილი პირველი თაფლი, რომელიც  5500 წლისაა და ეგვიპტის თაფლზე ძველია. ეს და ყველა არსებული ბუნებრივი რესურსები განაპირობებს ნატურალური თაფლის წარმოებას.

ვინ ამზადებს „ვინის" თაფლს საწარმოში, თაფლის რა სახეობების შეძენაა შესაძლებელი და სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება?

დღეისათვის საწარმოში გაერთიანებულია 4 მეფუტკრე, აქედან 3 ადგილობრივი, ახალგაზრდა მეფუტკრეა. ამჟამად, თაფლი იყიდება მეიდანის ბაზარზე, ძირითადად, ტურისტებზე, სექტემბრიდან კი აქტიურად დაიწყება თაფლის გაყიდვა ონლაინ, ჩვენი ვებგვერდის დახმარებით. გვაქვს უფასო საკურიერო მომსახურება, რომელიც ვრცელდება თბილისის ყველა უბანზე, აგრეთვე, სექტემბრიდან იგეგმება თაფლის მარკეტებში შეტანა და სატელეფონი  ცენტრით გაყიდვების დაწყება.
საექსპორტოდ რომელ ქვეყნებს მოიაზრებთ, რატომ და როდისთვის გეგმავთ „ვინის" პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას?
თავდაპირველად, გეგმაში გვაქვს, თაფლი ბალტიისპირეთის ქვეყნებში გავიტანოთ, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში აღნიშულ საკითხზე გვაქვს გარკვეული დახმარების შესაძლებლობები, ესტონეთის ბაზარზე თაფლის გასატანად. საწყის ეტაპზე მხოლოდ იმის შესაძლებლობა გვექნება, რომ რომელიმე ერთი მიზნობრივი ბაზარი ავირჩიოთ და მისი მომარაგება შევძლოთ. ჩვენი გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად, 2 წელში ვგეგმავთ მივაღწიოთ თაფლის ექსპორტს, მანამდე კი მაქსიმალურად ავითვისებთ ქართულ ბაზარს.

ბრენდის პოპულარიზაციისთვის რა მარკეტინგულ საშუალებებს იყენებთ, როგორ აპირებთ ბაზარზე თავის დამკვიდრებას?

ჩვენ ვცდილობთ, თაფლის წარმოება მაქსიმალურად გამჭირვალე გავხადოთ, რაც ნიშნავს სხვადასხვა არხებით მომხმარებლამდე მივიტანოთ თითოეული ეტაპის შესახებ ინფორმაცია, რასაც თაფლი საბოლოო დაფასოებამდე გადის. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა სანიტარული ზომების დაცვით ხდება თაფლის წარმოება და  რა გზას გადის მის შეძენამდე. მაგალითად, ვებგვერდზე გვაქვს რუბრიკა „ბლოგი", სადაც ქვეყნდება სპეციალურად შერჩეული ახალგაზრდა ბლოგერების სტატიები თაფლის შესახებ - სასარგებლო თვისებებზე, საწარმოში განხორციელებულ სიახლეებზე და ა.შ. 

როგორ იცნობა ნატურალური თაფლი?

თაფლის შემოწმების მრავალი ხალხური მეთოდი არსებობს, თუმცა ძირითადი ყურადღება მის გამჭვირვალობას, არომატს, გემოს, სისქეს, კონსისტენციას უნდა მივაქციოთ. მაგალითად, დააკვირდით, თაფლის მცირე რაოდენობით გასინჯვისას ის სწრაფად დნება, თუ არა და დროის გარკვეულ მონაკვეთში ფორმას თუ ინარჩუნებს. დაიწვეთეთ თაფლი ხელის ზურგზე, თუ წვეთი შეინარჩუნებს ფორმას და არ დაიშლება - თაფლი ნატურალურია.

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი