ინტერვიუ >> კოტეჯები ანაკლიაში GEM Fest-ის ტერიტორიასთან ახლოს
კოტეჯები ანაკლიაში GEM Fest-ის ტერიტორიასთან ახლოს

კოტეჯები ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest-ის ტერიტორიასთან ახლოს, ცოტა ხნის წინ გაიხსნა. დამფუძნებელი მიხეილ კვირტია ამბობს, რომ იდეა არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გაუჩნდა. მისი თქმით, სერვისი ძირითადად იმ ახალგაზრდებზეა გათვლილი, ვისაც ასეთი ღონისძიებების დროს კომფორტული საცხოვრებელი სჭრიდება.
მიხეილ კვირტია: გასულ წელს, მე და ჩემი მეგობრები ანაკლიაში, პირველად ვიყავით, წასვლა დაუგეგმავად, GEM Fest 2016-ზე გადავწყვიტეთ. მართალია, ფესტივალი ძალიან მოგვეწონა, მაგრამ გამუდმებით გვშიოდა, გვინდოდა წყალი, ყავა და რაც მთავარია, გვენატრებოდა კომფორტი. ზაფხულის შემდეგ ბევრს ვფიქრობდი ამ თემაზე და ნათელი იყო, რომ განსაკუთრებით ფესტივალის პერიოდში, ანაკლიაში იყო ძალიან დიდი მოთხოვნა კომფორტულ საცხოვრებელზე, რომელიც ფესტივალის ტერიტორიასთან იქნებოდა ახლოს და არ ეღირებოდა ძვირი. ასე გაჩნდა კოტეჯები, ყველაფერი ბიძაჩემთან, თენგიზ არქანიასთან ერთად გავაკეთე.

რა სეგმენტზეა გათვლილი და რა პირობებით ქირავდება კოტეჯები?

თითო კოტეჯი არის 2 ოთახიანი და ქირავდება ცალ-ცალკე. ერთი ოთახი გათვლილია 2 ადამიანზე, თუმცა, შესაძლებელია დამატებითი საწოლის (extra bed) შეტანაც. ოთახის დღიური ფასია 200 ლარი (დღეების რაოდენობასთან ერთად შესაძლებელია გარკვეული ფასდაკლებაც. ძირითად სეგმენტს წარმოადგენენ ის ახალგაზრდები, ვისთვისაც, კარგ გართობასთან ერთად, კომფორტიც მნიშვნელოვანია. კოტეჯები კომფორტულადაა მოწყობილი და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით, უკაბელო ინტერნეტით, აბაზანით, ცხელი და ცივი წყლით, კონდიცირების სისტემით, სარეცხი და საშრობი მანქანებით, პაკეტში შედის დილის საუზმეც. ტერიტორიაზე გვაქვს საკუთარი კაფე-ბარი, ქართულ-ევროპული სამზარეულოთი. სულ ჩვენს ეზოში განთავსებულია 7 ოროთახიანი კოტეჯი.

 

ინტერესი თუ არის? რეალურად, ახალგაზრდა რომელიც მუსიკალურ ფესტივალზე მიდის, თუ იხდის ამ თანხას კოტეჯის საქირავებლად?

კოტეჯები გაიხსნა 14 ივლისს და მიუხედავად იმისა, რომ რეკლამაზე ძალიან მცირე თანხა დავხარჯეთ, დაინტერესება უკვე საკმაოდ მაღალია.

 

ჯერ ალბათ ადრეა, მისი როგორც ბიზნესის წარმატებაზე საუბარი, მაგრამ უკვე არსებული მომხმარებლების მიხედვით, როგორო ფიქრობთ, იქნება ეს ბიზნესი მომგებიანი?

არსებული მომხმარებლების რაოდენობა და დაინტერესება ნამდვილად გვაძლევს იმის პროგნოზირების საფუძველს, რომ უკვე მომავალ წელს ბიზნესი მოგებაზე გავა. ამასთან, მრავალჯერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ანაკლიაში აპირებენ პორტის მშენებლობას, რაც კოტეჯებს შეუცვლის სეზონურობის სტატუსს და მუდმივად მოთხოვნადი იქნება.

 

მუსიკალური ფესტივალის დასრულების შემდეგ თუ გაქირავდება ისევ თქვენი კოტეჯები და მაშინ ვის მოემსახურება?

ფესტივალის დასრულების შემდეგ რამდენიმე თვე კვლავ გაქირავდება ჩვენი კოტეჯები და ძირითადი მოთხოვნა ოჯახებისგან იქნება, ვისაც ზღვაზე მშვიდად და შედარებით, დაბალ ფასად დასვენება მოუნდება.

 

სამომავლოდ რას გეგმავთ?

სამომავლოდ, ვგეგმავთ ჩვენი ტერიტორიის გაფართოებას, უფრო მეტი კომფორტის და დამატებითი სერვისების შეთავაზებას. ასევე, აქტიურად განიხილება ჩვენი კოტეჯების ქსელის გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, საწყის ეტაპზე, ვფიქრობთ რაჭასა და სვანეთზე.

 

მსგავსი ფესტივალები თბილისში, მცხეთაში და სხვა ბევრ ლოკაციაზე ტარდება . ხალხი რამდენიმე დღე რჩება ტერიტორიაზე. ხომ არ აპირებთ ეს ნიშა დაიკავოთ და სხვა საფესტივალო ტერიტორიაზეც გააკეთოთ ასეთივე კოტეჯები?

ამ ეტაპზე, მსგავსი ნიშის დაკავება არ იგეგმება, ვინაიდან GEM Fest-ისაგან განსხვავებით, არცერთი არ არის ხანგრძლივი ფესტივალი.

 

 

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი