სიახლეები >> Zapravka – ქართველი სტუდენტის კვების მოძრავი ობიექტი, რომელიც ბურგერებით „გაგაზაპრავკებთ“
Zapravka – ქართველი სტუდენტის კვების მოძრავი ობიექტი, რომელიც ბურგერებით „გაგაზაპრავკებთ“

 

ზაპრავკა“ კვების მოძრავი ობიექტია ბაკურიანში, რომლის იდეის ავტორიც აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი – 19 წლის გელა ჯალიაშვილია, რომელსაც ძალიან უყვარს ჭამა, youtube-ზე ხშირად უყურებს ხოლმე საჭმლის მომზადების პროცესს და შემდეგ თვითონვე აკეთებს სახლში. რაც შეეხება „ზაპრავკაში“ მის როლს, დამფუძნებლის გარდა: „მცხობელიც ვარ, გვერდის ადმინისტრატორიც, დამლაგებელიც, მოლარეც და ყველაფერი, რასაც სიტუაცია მოითხოვს“, – გელა ჯალიაშვილი მარკეტერს ესაუბრა „ზაპრავკას“ შექმნის იდეის განვითარებისა და განხორციელების ეტაპებზე, ადგილმდებარეობის შერჩევის კრიტერიუმებსა და ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების მახასიათებლებზე:

 როგორი იყო იდეის განხორციელების ეტაპები და საწყისი კაპიტალით ვინ უზრუნველგყო?
Youtube-ზე ვიდეოების ყურებისას, წავაწყდი food truck-ებს, თან ქართველებს ჭამა ხომ მაგრად გვიყვარს და ზოგადად, კვების ობიექტები კარგად მუშაობს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემექმნა კვების მოძრავი ობიექტი „ზაპრავკა“. ვინაიდან და რადგანაც, შეძენის სახსრები არ მქონდა, ავტობუსის მეპატრონეს წილი შევთავაზე და წარმატებით შევთანხმდით. შემდეგი პროცესები უკვე უშუალოდ პროდუქციის – ბურგერებისა და ჰოთდოგების – დახვეწა იყო. ყველაზე დიდი დრო სასურველ გემომდე მიყვანას დასჭირდა. ამ ყველაფერში მეხმარებოდა მამაჩემი და უპროცენტო სესხიც მისგან ავიღე იდეის განსახორციელებლად.

 ლოკაციად ბაკურიანი რატომ შეარჩიე?
ვინაიდან და რადგანაც თბილისში კანონით იკრძალება კვების მოძრავი ობიექტები და ამასთან, ზაფხულობით თბილისი იცლება, გადავწყვიტე, პირველ ჯერზე, „ზაპრავკა“ წამეყვანა ისეთ ადგილას, სადაც გაჩერების პრობლემა არ შემექმნებოდა. ამიტომ, პირველი გაჩერებისთვის ბაკურიანი შევარჩიეთ. გვქონდა სხვადასხვა ვარიანტი – ბათუმი, ჯემ-ფესტი და ქობულეთი, მაგრამ რადგან ახალბედა და გამოუცდელი ვარ ამ საქმეში, ხალხის დიდ რაოდენობას ვერ გავისტუმრებდი და სწორედ ამიტომ წავედით მშვიდ ბაკურიანში და აქ ვიწყებ ფაფხურს სამომავლო განვითარებისთვის.
 სახელი „ზაპრავკა“ რატომ გადაწყვიტე?
მეგობრები როდესაც ვიკრიბებოდით და მოგვშივდებოდა, სულ ვამბობდით, წამო, „ჩავისხათ”, „დავიტენოთ“, „გავზაპრავკდეთ“. სახელის იდეაც აქედან წამოვიდა. არსებული ვარიანტებიდან კი ის ავარჩიე, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელი იქნებოდა და ლოგოსა და დიზაინსაც ადვილად შევუსაბამებდი. დიზაინის თვალსაზრისით კი ყველაზე მეტი იდეა „ბენზინგასამართ სადგურზე“  – „ზაპრავკაზე“ მომივიდა. ლოგოზე იმუშავა მეგობარმა დიზაინერმა, ალექსანდრე ზერცალოვმა.
როგორია „ზაპრავკას“ მენიუ, ვინ ამზადებს თქვენს პროდუქციას და როგორ იცავთ სისუფთავის ნორმებს? 
„ზაპრავკაში“ ვმუშაობთ მე და ჩემი მეგობარი და მომხმარებელს ვთავაზობთ სწრაფი კვების პროდუქციას: ჰოთდოგებსა (რომლის სოსისებსაც ჩვენი ტექნოლოგიით, ჩვენვე ვამზადებთ) და ბურგერებს. მხოლოდ პურის გამოცხობაში გვეხმარება ბაკურიანშივე არსებული რესტორანი „ტერემოკი“.  რაც შეეხება სისუფთავეს, საკვებს აუცილებლად ერთჯერადი ხელთათმანებით ვამზადებთ, ავტობუსს კი სამუშაო დღის ბოლოსა და დასაწყისში, სპეციალური ხსნარებით ვწმენდთ და ვასუფთავებთ.
 ბაკურიანში სად უნდა გიპოვოთ, რომელ საათამდე მუშაობთ და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
რადგან ნატურალურ, გაუყინავ ხორცს ვიყენებთ და ინგრედიენტებიც ყოველდღიურად ახალია, ფასები იწყება 8 ლარიდან, ხოლო კომბო მენიუ (ბურგერი, ფრი და კოლა) 10 ლარი ღირს. თუმცა იმის გამო, რომ ზაფხულში, ბაკურიანში, ძირითადად, ბანაკის ბავშვები ისვენებენ და გამოზომილი ბიუჯეტით მოდიან, მათთვის სპეციალურად დავამატეთ 3 ლარიანი ჰოთ-დოგიც. ვმუშაობთ დილის 11-12 საათიდან საღამომდე, სანამ ხალხი არ დაიცლება პარკიდან. ჯერჯერობით ვდგავართ „ჯოილენდის“ გვერდით არსებული პარკის შესასვლელთან. 
https://www.marketer.ge/zapravka-kvebis-modzravi-obieqti/

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი