რჩევები >> 12 შეცდომა, რომელსაც გამოცდილი დიასახლისებიც კი უშვებენ
12 შეცდომა, რომელსაც გამოცდილი დიასახლისებიც კი უშვებენ

როგორ მოვამზადოთ გემრიელი კერძები და ამასთან, არ დავუშვათ თუნდაც ელემენტარული შეცდომა, როგორ გავხადოთ საკვები ნამდვილად მადისაღმძვრელი და რაშია რესტორნის კერძების ხიბლი? - თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით პასუხები ამ კითხვებზე, ნახეთ ჩვენი რჩევები! 

ყველა ოჯახს საკუთარი გამორჩეული წესები და ტრადიციები აქვს. პატარა გოგონამ, რომელიც მიჩვეულია დედაზე დაკვირვებას სამზარეულოში, იცის, თუ როგორ შლის დედა სუფარას, როგორ მიართმევს ამა თუ იმ კერძს სუფრის წევრებს, როგორ ხვდება და აცილებს სტუმრებს. მაგრამ რაც მიღებული იყო თუნდაც 10 წლის წინ, თანამედროვე ცხოვრებისთვის ხშირად გამოუსადეგარია. მაგალითად: თუშფალანგზე დაყრილი მაკარონი დღეს არანაკლებ გაოცებას იწვევს, ვიდრე მაცივარში შენახული ბანანი.

1. თევზი მიგეწვათ?

ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა გამოცილი დიასახლისების სამზარეულოებშიც კი. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნო შემთხვევა? - მომზადებამდე 15 წუთით ადრე მოაყარეთ მარილი არა მარტო თევზის ნაჭრებს, არამედ იმ ცხიმსაც, რომელშიც ის უნდა შეწვათ. ამ შემთხვევაში თევზი არა თუ მიგეწვებათ, არამედ ნაჭრები მთელი დარჩება და არ ჩაიშლება.

2. გადავავლოთ თუ არა წყალი მაკარონს?


მაკარონზე წყლის გადავლების "მოდამ", რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის, დღეს აქტუალობა დაკარგა. თუ წინათ მაკარონს ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილისგან ამზადებდნენ და მას ჰქონდა თვისება, მოხარშვის შემდეგ შეწებებოდა ერთმანეთს, ახლა, როგორც წესი, მაგარი ხორბლის ჯიშისგან მზადდება. სხვათა შორის, მაკარონის ნახარშს იტალიელი დიასახლისები პასტის სოუსების მოსამზადებლად იყენებენ, ასე რომ, როცა მაკარონს მოხარშავთ, წყალს ბოლომდე ნუ გადაუღვრით. 

3. შეიძლება თუ არა ზეითუნის ზეთში შეწვა?

ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს მოყვარულებს ხანდახან უჩნდებათ სურვილი, ზეითუნის ზეთი შეწვის დროსაც დაუმატონ. თუმცა, სჯობს, იგი უფრო ცივი კერძებისა და სალათების მოსამზადებლად გამოიყენოთ. ზეთის extra virgin წვის ტემპერატურა ძალიან დაბალია, ამიტომ არსებობს საშიშროება, რომ მისი შეწვის შემთხვევაში თქვენ გააფუჭებთ კერძს დამწვარი ზეთის სპეციფიკური გემოთი და ამავდროულად მიიღებთ კანცეროგენების მთელ პორციას.  

4. როდის დავუმატოთ პომიდორი სუპში ან სხვა ცხელ კერძებში?

როდესაც საჭმელს ვამზადებთ, ერთი სული გვაქვს ქვაბში ყველა ინგრედიენტი ჩავყაროთ, მაგრამ პომიდორთან მიმართებაში ასე მოქცევა სწორედ რომ არ შეიძლება. მჟავა (მას პომიდორი დიდი რაოდენობით შეიცავს) აჩქარებს ხორცის მომზადებას, მაგრამ საპირისპიროდ მოქმედებს ბოსტნეულზე. ასე რომ, თუ თქვენ სუპს ამზადებთ, პომიდორი ან ტომატი უნდა დაუმატოთ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სხვა ბოსტნეული: სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო მოიხარშება. ხოლო თუ ხორცს შუშავთ, მაშინ პომიდორი დასაწყისშივე დაუმატეთ და ხორცი უფრო რბილი გამოვა.

5. მოვხადოთ თუ არა ჭურჭელს თავსახური კარტოფილის ხარშვისას?

კარტოფილის ხარშვისას წყალი რომ არ გადმოვიდეს, დიასახლისების უმრავლესობა ჭურჭელს თავსახურს ხსნის, არადა, ეს არამც და არამც არ შეიძლება. თუ კარტოფილსა და სხვა ბოსტნეულს დახურულ თავსახურიან ჭურჭელში მოხარშავთ, ვიტამინები მათში ნაკლებად განადგურდება, პროდუქტი კი უკეთ შეინარჩუნებს თავის არომატს და სასარგებლო თვისებებს. ამასთან ერთად, ბოსტნეული ამ სახით უფრო სწრაფად იხარშება. 

6. გადავღვაროთ ბოთლში ჩარჩენილი ღვინო?

ღვინო დროთა განმავლობაში კარგავს თავის გემოვნურ თვისებებსა და არომატს, მაგრამ მაინც ნუ იჩქარებთ ბოთლში დარჩენილი სასმელის გადაღვრას. წითელი ღვინო შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორციან კერძებში (მაგ: ძროხის ხორცი ბურგუნდიულად) ან მოამზადოთ მისგან სოუსი ბოლონეზე პასტისთვის. მით უმეტეს დღევანდელი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, როცა ხარისხიანი ღვინის ბოთლის გახსნა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად ბევრი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი სულაც არ არის.

7. როგორ მოვამზადოთ ბროკოლი სწორად?

ბროკოლი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუმცა, ის ბევრს არ უყვარს. ამის უპირველესი მიზეზი მისი არასწორად მომზადებაა. დაიმახსოვრეთ, რომ მწვანე ბოსტნეული, ისეთი, როგორიცაა ბროკოლი, ბარდა და სხვ. უნდა ხარშოთ მარილიან ბევრ წყალში, მაგრამ არ უნდა გადაგეხარშოთ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მოხარშვის შემდეგ მათ აუცილებლად უნდა გადაავლოთ ცივი წყალი. ეს პატარა ეშმაკობა ეხმარება ბროკოლს შეინარჩუნოს ფერი, არომატი და სასარგებლო თვისებები. 

8. რისგან უნდა შედგებოდეს პიცა?

პიცის მომზადებისას ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მისი გადავსება ათასგვარი პროდუქტით: სოკო, ბლომად ძეხვი, ყველი, სოუსები და სხვ. ეს პიცას ღია ღვეზელად აქცევს. ამიტომ ზომიერება გამოიჩინეთ მისი ცხობისას, რათა ცომი დარჩეს ხრაშუნა, არ იღუნებოდეს და პიცის ჭამა შესაძლებელი იყოს ხელით, როგორც მისი წესია.

9. როგორ მოვამზადოთ სოუსი "ვინეგრეტი" სწორად?

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოუსია, მაგრამ მისი მომზადების პროცესი ყოველთვის მშვიდად არ მიმდინარეობს. პირველი შესაძლებელი შეცდომა მარილისა და შაქრის უქონლობაა. ეს აუცილებელი ინგრედიენტებია და ისინი პირველ რიგშივე უნდა ჩაყაროთ, შემდეგ კი დაასხათ საჭირო რაოდენობის ძმარი. მეორე შეცდომაა არაერთგვაროვნება. ძმარი და ზეთი ემულსიად არ გადაიქცევა, თუ მთელ ზეთს ერთბაშად ჩაასხამთ. ის ნელ-ნელა უნდა დაუმატოთ და ამასთან, ინტენსიურად თქვიფოთ.

10. როგორ მოვხარშოთ კვერცხი ბზარების გარეშე?

იმისთვის, რომ ხარშვისას კვერცხის ნაჭუჭი არ დაიბზაროს, მოათავსეთ ის (ისინი) საკმარისად მოცულობით ჭურჭელში, დაასხით ცივი წყალი, ჩაყარეთ ბლომად მარილი დახარშეთ ნელ ცეცხლზე.

11. რატომ არ ამოდის საფუარიანი ცომი?

საფუარიანი ცომი - ეს ერთ-ერთი ყველაზე კაპრიზული რამეა და შეიძლება კარგ კულინარსაც ზოგჯერ არ გამოუვიდეს. ყველაზე გავრცელებული შეცდომებია ძველი საფუარი და ონკანის წყალი. ყოველთვის აირჩიეთ საფუარი, რომელიც წინა უახლოეს დღეებშია გამოშვებული. რაც შეეხება ონკანის წყალს, ის შეიცავს ქლორს, რომელიც მის ამოსვლას ხელს უშლის. ამიტომ, მაგალითად, ბლინებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ოთახის ტემპერატურის უცხიმო რძე. 

12. სად შევინახოთ: მაცივარში თუ უმაცივროდ?

პროდუქტების სწორად შენახვაც კულინარიული ოსტატობის ნაწილია. საკვირველია, მაგრამ სუნელებთან, თაფლთან და პურთან მიმართებაში ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას, როცა მათ მაცივარში არ ვინახავთ. არადა, თავიანთ სასარგებლო თვისებებს ისინი ყველაზე კარგად გრილ, ბნელ ადგილას ინარჩუნებენ. აი, ბანანი და პომიდორი კი პირიქით - კარგავენ იერს და არომატს.

სწორად და კარგად მომზადებული კერძები გამოირჩევიან თავიანთი არომატით, გემოვნური თვისებებით, სასარგებლო ნივთიერებებისა და მიკროელემენტების შენარჩუნებით. ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენი ეშმაკობები და აკეთეთ გემრიელად და მარტივად!

gemrielia.ge

 

 

ფილტრაცია