სიახლეები >> სასწავლო დაწესებულება, როგორც კვების ობიექტი - რას გვთავაზობენ ქართულ უნივერსიტეტებში?
სასწავლო დაწესებულება, როგორც კვების ობიექტი - რას გვთავაზობენ ქართულ უნივერსიტეტებში?

სტუდენტური ცხოვრება სწავლისა და გართობის გარდა ხელმისაწვდომ და სწრაფ კვებასაც მოიაზრებს. MyRest.Ge დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამ მხრივ უნივერსიტეტებში, სად და რით იკვებებიან სტუდენტები, ვინ აკონტროლებს სანიტარულ მდგომარეობას კაფეტერიებში და რამდენად აინტერესებს უნივერსიტეტებს თავიანთი სტუდენტების არამარტო სწავლის, არამედ კვების ხარისხი.


ამ მომენტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვების ობიექტი არ ფუნქციონირებს. ამჟამად ხორციელდება საორგანიზაციო სამუშაოები ობიექტის ასამუშავებლად, უნივერსიტეტი თვითონ გაუწევს მენეჯმენტს აღნიშნული ობიექტის გახსნას.


„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“  კერძები დიდი პოპულარობით სარგებლობს."ილიაუნის" კვების ობიექტს სასაუზმოდ სხვადახვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც კი სტუმრობენ, რასაც მისაღები ფასებით ხსნიან. თუ რატომ  იზიდავს „ილიაუნის“ "უნიფუდი" სტუდენტებს , ამის გარკვევას MYREST.GEშეეცადა.

როგორც აღმოჩნდა უნივერსიტეტში 120 დასახელების კერძი აქვთ. მათგან ყველაზე იაფი კარტოფილის ღვეზელი, პიურე და წიწიბურა ღირს რომლის ფასი 50 თეთრს შეადგენს.  ყველაზე ძვირადღირებული კერძი კი ორაგული ქინძმარშია, რომელიც 2,30 ლარად შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

„ვფიქრობ, სტუდენტებისთვის მისაღები ფასებია. ჩვენთან ყველაფერი გრამებში იყიდება, შესაბამისად კერძების ფასებიც გრამებშია მოცემული“ -, ამბობს "უნიფუდის" მენეჯერი.


„თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების“ სტუდენტებს 7 კვების ობიექტით სარგებლობა შეუძლიათ. მათი წარმომადგენლის თქმით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებობს კაფეტერია, სადაც კერძო ოპერატორები ოპერირებენ. დაბალბიუჯეტიან კვების ობიექტებში დიდი არჩევანი და კერძების ფართო ასორტიმენტია. როცა 7 კომპანია ერთმანეთს ეჯიბრება, ეს ავტომატურად ხარისხზე და ფასებზეც აისახება. კერძო მესაკუთრეები პასუხმგებელნი არიან თავიანთ ნაქირავებ ფართში არსებული სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე,ხოლო დარბაზს, სადაც სტუდენტები მიირთმევენ, თავად უნივერსიტეტი უვლის და აკონტროლებს. თუ კვების ობიექტებში რაიმე პრობლემა წარმოიქმნება, სტუდენტები გამოხატავენ უკმაყოფილებას, რაზეც ხელმძღვანელობა რეაგირებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ისინი დაინტერესებულები არიან რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი პროდუქტი გაყიდონ. უნივერსიტეტი ყოველ წელიწადს ხელთავიდან აცხადებს კონკურსს, რადგანაც კვების ობიექტებს დაკავებული ადგილი გარანტირებული არ აქვთ. უნივერსიტეტი არ ერევა ფასებში, ამას კომპანიები თავად არეგულირებენ.

 

„კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტები კერძო კომპანიის საკუთრებში არსებული კვების ობიექტით სარგებლობენ, რომელიც სხვა დაწესებულებებთან ერთად, მათ შენობაში მდებარეობს. უნივერსიტეტის პიარის განყოფილების წარმომადგენლის, ქალბატონი ვიკა ბუკიას თქმით, აღნიშნულ ობიექტში მოწესრიგებული ჰიგიენური მდგომარეობა და სტუდენტების ფინანსურ შესაძლებლობებზე გათვლილი ფასებია. მიუხედავად იმისა, რომ თავად უნივერსიტეტი არ ფლობს კვების ობიექტს, მათთვის მნიშვნელოვანი სად იკვებებიან სტუდენტები და რამდენიმე სხვა კერძო კომპანია სწორედ მათი უკმაყოფილების გამო დაიხურა. მენიუს შედგენის დროს კაფეტერიის მფლობელებმა გაითვალისწინეს სტუდენტების სურვილი და მოთხოვნები, შესაბამისად, კვების ობიექტში კერძების მრავალფეროვანი არჩევანია: წვნიანები, პურ-ფუნთუშეული და სალათები. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტთან ახლოს რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტია, სტუდენტები უპირატესობას სწორედ მათ შენობაში არსებულ კაფეტერიას ანიჭებენ.

 

„საქართველოს უნივერსიტეტის“ კაფეტერია კერძო მფლობელობაშია. უნივერსიტეტის წარმომადგენელი MyRest.Ge-თან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ობიექტში მრავალფეროვანი კერძები აქვთ, თუმცა ფასები პროდუქტის ხარისხთან შეუსაბამოდ მაღალია. უნივერსიტეტი აკონტროლებს სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, რაც ამ დროისთვის დაცულია. ბოლო დროს, რაც კვების ობიექტში ფასებმა მოიმატა, გაიზარდა სტუდენტების უკმაყოფილებაც.


ავტორი: გვანცა ხარაიშვილი

 

 

 

ფილტრაცია