რჩევები >> ერთხელ „1904-ში“
ერთხელ „1904-ში“
ბოლო პერიოდში ფეისბუქზე სხვადასხვა შინაარსის ტესტი მხვდება: ვინ იყავი წინა ცხოვრებაში, როგორი აზროვნება გაქვს, რომელ ქვეყანაში ან ეპოქაში უნდა დაბადებულიყავი. ცხადია, ამ ტესტების შედეგების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ ისინი ძალიან კარგად მართობს. მით უმეტეს, რომ სხვა ეპოქაში ცხოვრებაზე ტესტის გარეშეც მიფიქრია და დროის მანქანის წარმოდგენებსაც მე-19 ან მე-20 საუკუნის დასაწყისში ხშირად გავუქროლებივარ.

მე-20 საუკუნის პირველი ოცწლეული ჩემი საყვარელი პერიოდია და ნებისმიერი გარემო, რომელიც მას მიცოცხლებს, განსაკუთრებით მომწონს. ჰოდა, ამ ეპოქისა და ახალ-ახალ კაფეებში სიარულის ხიბლმა ერთ მშვენიერ დღეს ინგოროყვას ქუჩაზე ჭრიალა კარი შემაღებინა და 1904 წლის რეალობაში გადამისროლა.

რატომ დაარქვეს ამ კაფეს მაინცდამაინც 1904, არ ვიცი. შეიძლება, ეს თარიღი მის რომანტიკულ მეპატრონეს რაიმე განსაკუთრებულ თარიღს ახსენებს, შეიძლება - არც. ისტორია ამბობს, რომ სწორედ ამ წელს დაიწყო მთაწმინდის ტრამვაის მშენებლობა და სწორედ ამ წელს დახატა ნიკალამ აქტრისა მარგარიტა. ფაქტი კი ისაა, რომ უჩვეულო დასახელებით კაფე ინტერესს, მართლაც, იწვევს.

ფოტო: 1904 ფეისბუკ გვერდი

 

კარს როგორც კი შეაღებ, ხვდები, რომ კაფეს შემქმნელებს სახელი და ადგილი შემთხვევით, მართლაც, არ შეურჩევიათ. ძველისძველი ბარი და კედლის ბოძები ვინტაჟურ გარემოს  აცოცხლებს, ხელით მოხატული კედლები და ჭერი კი მის ახალ სიცოცხლეზე მიანიშნებს. აქ ყველაფერი - ძველმანებში ნაყიდი და რესტავრირებული ავეჯი, ძველ ფილმებში ნანახი შპალერი, საკიდები, ჰალსტუხიანი შირმა თუ სხვა აქსესუარები ერთმანეთს და ეპოქას არაჩვეულებრივად ეხამება, ხელით მოხატული ნიჟარა საპირფარეშოში და კედლებზე გაკრული ფოტოები კი ტექნოლოგიების საუკუნეში რამდენიმე წუთით გაბრუნებს და სელფის გადასაღებად გიბიძგებს. სწორად მიხვდით:  ეს ის ადგილია, სანამ ცოცხალი ხარ, სელფი რომ აუცილებლად უნდა გადაიღო.

კაფე თავისუფალი, ლაღი, კულტურული ადამიანებისთვისაა და მიუხედავად იმისა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ გახსნილან, ასეთების გულის მოგება უკვე მოუსწრიათ, სხვათა შორის, არამარტო განსხვავებული ინტერიერით. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მაინც აქაური მზარეულის ოქროს ხელები და დახვეწილი გემოვნებაა. მენიუში, ძირითადად, ევროპული კერძები აქვთ, თუმცა, თუ ეროვნული ძალიან, ძალიან მოგინდათ, უარს არც ამაზე გეტყვიან. მე საფირმო „1904-ს" გირჩევდით, კეცზე სოკოთი, ყვავილოვანი კომბოსტოთი და ყველით მომზადებულ უგემრიელეს და უზარმაზარ კერძს. უზარმაზარს, იმიტომ რომ აქ ყველაფერი დიდრონი ულუფებით მოაქვთ, სასმელიც კი.

სასმელზე გამახსენდა: თუ ყავა ალკოჰოლით მოგწონთ და განსაკუთრებული გემოს ძიებაში ხართ, მაშინ საფირმო „1904" გასინჯეთ, ამბობენ, რომ საფირმო ჩაი მალე ამ სასმელის მოყვარულებსაც ექნებათ. და, რა თქმა უნდა, არც დესერტი უნდა დაგვავიწყდეს: შოკოლადის ტორტი,  ლიმონის ნამცხვარი, თუ ბებოს ნიგვზიანი რულეტი, რომელიც ბავშვობას გაგახსენებთ...

    ფოტო: '1904' -ის ფეისბუკ გვერდი

ირგვლივ ყვავილების - მიმოზების, ქრიზანთემების სურნელი ტრიალებს; თევზები - მელკიადესი და მარგარიტა კი არხეინად დაცურავენ. კაფეში ორი სივრცეა: ერთი უფრო მყუდრო, რბილი სავარძლებით, მეორე კი - ღია და გაშლილი, ხის მაგიდებითა და სკამებით. კედელთან ძველებური ბუფეტიც დგას, აი ბებიაჩემს რომ დედამისმა მზითევში გაატანა, ზუსტად ისეთი, ცენტრში კი - თბილისში ჩამოსული გერმანელი ხელოსნის ხელით გაკეთებული პიანინო, რომელსაც მისი გვარი ახლაც გარკვევით აწერია.

„ეს მაგიდა სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონთ", - ამბობენ კაფეში. მოეწონებათ აბა რა, ეს ხომ  მოლაპარაკე მაგიდაა: ზედ გიორგი ზანგურის, კატო ჯავახიშვილისა და ნინო სადღობელაშვილის ლექსების ხელნაწერებია დატანილი. „ის ვინც წავიდა, სულ წავიდა", „კარგი, მაშინ მე მზეს დაველოდები",- ვკითხულობ ხმამაღლა მაგიდაზე მინაწერებს. 

კუთხეში მიხატული ქერა გოგო მარტოხელა კაცს ელოდება. გოგოს სახელი არ აქვს, ვისაც რა უნდა, იმას არქმევს: ზოგი - სტელას, ზოგიც - ოლგას. ეს მარტოხელა კაცების ადგილია: მოდიან და დარბაზისკენ ზურგშექცევით სხდებიან. გოგოც სიამოვნებით უწევს კომპანიონობას. „და მარტოხელა ქალების ადგილი?" - ხმამაღლა ვფიქრობ მე. „კიო, მაგასაც ვგეგმავთო", - მპასუხობენ. ჰოდა, ვეჭვობ, თუ ორივე ადგილი შეივსება, აქ, მართლაც, საინტერესო რამეები მოხდება...

 

 

ეს კი კაფკას კუთხეა. კაფკასი იმიტომ, რომ ამ მაგიდასთან მწერლებს უყვართ ჯდომა. სხდებიან და ფინჯან ყავასთან ერთად წერენ. სიღრმეში დიდი მაგიდა დგას. ეს დაბადების დღის მაგიდაა და მასზე, ძირითადად, იუბილარების სუფრა იშლება ხოლმე.  განსხვავებულ გარემოს დაბადების დღისა თუ კორპორაციული საღამოს გასამართად აქ აუცილებლად იპოვით, მით უმეტეს, რომ მუსიკაც ეპოქის შესაბამისია: გემოვნებიანი ჯაზი და ბლუზი. შაბათობით კი ბალადებს ახალგაზრდა მომღერალი ლაშა ფოჩხუა ასრულებს.

ფოტო: '1904' -ის ფეისბუკ გვერდი

წყარო: liberali.ge 

 

 

ფილტრაცია