რჩევები >> კაფე Book Corner
კაფე Book Corner

 

მისამართი: დედაენის ბაღი

პარკინგი: მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია (თან ბაღშიც ფეხით გაისეირნებთ)

ანგარიშსწორება: ნაღდი და უნადღო

WiFi: არის

იღებენ შეკვეთებს (განსაკუთრებით საღამოებისთვის, როცა აქაურობა სავსეა)

თუ გაგიმართლათ და ხალხი მეჩხერადაა, შეგიძლიათ თამაშში ჩაერთოთ: რომელი ფერის სუფრასთან ჯობს დაჯდომა? მე მოლურჯოყვავილებიანი სუფრა ავარჩიე, ზედ მდინარის მხარეს მიდგმულ მრგვალ მაგიდასთან, თავზე ზურმუხტისფერი სანათი ბჟუტავს, რომელიც სინამდვილეში ამოტრიალებული ჩაის ფინჯანია. ხელსაწმენდები სანიშნეებივით აწყვია წიგნებში, სკამის საზურგეებზე სანტას მოწითალო ქუდებია ჩამოფხატული. ბულბულის ძველებური გალიის ეფექტი აქვს რკინისცხაურებიან ღია ბუფეტს, რომლის ერთ თაროზეც დიდი შუშის აკვარიუმი დგას, შიგნიდან კი ორი ოქროს თევზი ცნობისმოყვარედ იცქირება - ასეთ კრეატიულ ხულიგნობებს ყველა შეჩვეულია, ვინც ვერაზე, ძველ Bოოკ ჩორნერ-შია ნამყოფი, მაგრამ მაინც, ალბათ იმიტომ, რომ ახალია; ალბათ იმიტომ, რომ ნათელია, ფაქტია, რომ ამ გაშლილ, ყოველი მხრიდან შემინულ სივრცეში, ეს ორიგინალური აქსესუარებიც კი უფრო მშვიდად, უპრეტენზიოდ გამოიყურება. ინტერიერი გადატვირთული არ გეჩვენებათ, რადგან მთავარი აქსესუარები გარედან შემოდის - თაღებიანი ხიდის და მწვანე, მდორე მდინარის სახით. იატაკიდან ჭერამდე ღია შუშის კედელი პირდაპირ მდინარის მოაჯირიდან იწყება, ამიტომ სულ თავისუფლად შეიძლება დაივიწყოთ, სად ხართ და ვირტუალურ მოგზაურობაში წახვიდეთ, მაგალითად, მტკვრის ნაცვლად, სენის სანაპიროზე წარმოიდგინოთ თავი - ესეც მეორე თამაში.

აი, შებინდდა, კარგი დროა აქ მოსასვლელად. დღის შუქი ნელ-ნელა იცრიცება, ქუჩის ლამპიონები ნელ-ნელა ინთება, საცობიც სანაპიროს მეორე მხარეს ნელ-ნელა ისტერიკული ხდება, მაგრამ აქ ხმა არ აღწევს, ვზივარ წყლის მეორე მხარეს და მდინარის სიახლოვის თერაპიული ეფექტით ვსარგებლობ, ფიქრებს ვიქარვებ. თან სალათი მეხმარება. ვიზუალურად ლამაზია. ფირუზისფერ განიერ თიხის თეფშზეა გაშლილი. ვენური სალათი ჰქვია. თუ ინტრიგანი ხართ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, რა აქვს მას ვენური - ქათმის ფილეს წვის დროს ან მანამდე უხვად აქვს მოსხმული სოიოს სოუსი, გარედან კი მთლიანად სეზამის კნატუნა მარცვლებითაა დაფარული. სოუსი თეთრია - პიტნიანი მაიონეზის. საერთო ჯამში, გემრიელია, თბილი და გრილი მშვენივრად თამაშობს, თუმცა, თუ მოგეჩვენათ, რომ სოუსი ზედმეტი აქვს, შეგიძლიათ წინდაწინვე უთხრათ სიმპათიურ და გულითად მიმტანს. მთავარ კერძად პიტნისა და ქონდრის გირცს ვითხოვ, ე.წ. ვარენიკებს - ცნობისმოყვარეობით სავსე ველოდები, რადგან ვარენიკების ცომი გაყინული კი არა, აქ მოზელილია. მართლა ჰგავს სახლურს, კანი ფაფუკია, სოუსი კი, ქონდრის წყალობით, იდეალური - ეტყობა, მისი შემქმნელი ჩემსავით ადიდებს ქონდარს. სალათები, სუპები, თხელი ლავაშების სენდვიჩები და როლები, პასტა - ნაირ-ნაირი, პიცები და „ვარენიკები" - თუ საფუძვლიანად დანაყრებას გადაწყვეტთ, მენიუ საკმაოდ წარმომადგენლობითია. თუმცა, მე ჩემი წახემსების დასასრულს კიდევ ერთ სახლის გამოძახილს ვირჩევ - ნამცხვარ „მედოკსა" და ცხელ ჩაის.

აი, სულ მთლად ჩამობნელდა. ნათურების ყვითელი შუქი უკვე არა მხოლოდ კაფეს შუშებში, მდინარეშიც ირეკლება. დროა, დავდო ბატის ფრთა და ისევ ფიქრების განქარვებას მივუბრუნდე - აქედან ყველა პრობლემა შორეული და სანახევროდ მოგვარებული ჩანს.

 

წყარო: Indgio.com.ge

 

 

 

 

 

ფილტრაცია