რჩევები >> ცოცხალი პროდუქტის უპირატესობები და მზა პროდუქციის საფრთხე
ცოცხალი პროდუქტის უპირატესობები და მზა პროდუქციის საფრთხე

ხშირად მხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ცოტა თავისუფალი დრო და ამავე დროს, ჯანსაღი კვების დიდი სურვილი აქვთ. იმის მიუხედავად, რომ მუდმივად მოუცლებები არიან, ცდილობენ კვების ხარისხს ეს არ დაეტყოს და საამისოდ მარტივი გამოსავალიც ნაპოვნი აქვთ. თითქოს, მართლაც მარტივია - შეირბენ ძვირადღირებული პროდუქტებით სავსე რომელიმე მაღაზიაში, დახლიდან დიეტურ მზა პროდუქტს (ყველაზე ძვირადღირებულს) ნაჩქარევად შეარჩევ ისე, რომ შეფუთვაზე საკვების შემადგენლობას არც დაუკვირდები და პრობლემა წამში გადაჭრილია. ერთი შეხედვით, არ დაზოგე თანხა, სამაგიეროდ დაზოგე დრო და ჯანმრთელობა. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

სინამდვილეში, თუ დავფიქრდებით, მარტივი მისახვედრია და სპეციალურ განათლებას სულაც არ საჭიროებს იმის ცოდნა, რომ ის, რაც ბუნებრივად შექმნილი და ცოცხალია, უფრო სასარგებლო და ჯანსაღია, ვიდრე ხელოვნურად გამოყვანილი, სრულიად გაუგებარი ნივთიერებებით გაჯერებული მზა პროდუქტი, რომელიც თვეობით და წლობითაც კი ინახება. იაპონელებიც კი, რომლებმაც ნუტრიციოლოგიაში წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწიეს, მიიჩნევენ, რომ მზა პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილი არ არის.

ცოცხალი პროდუქტი VS მზა პროდუქტი
მოდი, ავიღოთ ვაშლი და იმავე ნივთიერებების შემცველი თუნდაც უმაღლესი ხარისხის მზა პროდუქტი. ცოცხალი ვაშლის მირთმევისას, თუ ორგანიზმი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მასში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება სრულად და ეფექტურად შეიწოვება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაშლისგან ახლადგამოწურული წვენი (ფრეში) ჯანსაღი და სასარგებლოა, მაგრამ უფრო ღარიბია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ვიდრე ცოცხალი ვაშლი. ამავდროულად, გაცილებით ნაკლებეფექტურია იმ მიკროელემენტებისა და ვიტამინების ტაბლეტირებული ფორმით მიღება, რასაც ვაშლი შეიცავს.

ყოველივე ამის ცოდნის შემდეგ, ბევრი მტკიცება არც სჭირდება იმას, რომ მზა პროდუქტი, მაგალითად, ვაშლის წვენი ან ხილფაფა, რომელიც თვეობით ინახება, შეუძლებელია ისეთივე სასარგებლო და ეფექტური იყოს, როგორც ცოცხალი პროდუქტი.

ანალოგიურის თქმა შეგვიძლია იოგურტზე, შოკოლადის მუსსა თუ, მაგალითად, ხაჭოსა და შოკოლადის დესერტზე. ეს ფართოდ რეკლამირებული და პოპულარული მზა პროდუქტებია, რომლებიც ბევრს უყვარს და ასევე ბევრს მიაჩნია, რომ ჯანსაღი საკვებია. მათ შეფუთვაზე ვკითხულობთ, რომ შენახვის ვადა 30 დღეა. არადა შეუძლებელია, რძიდან და კვერცხიდან შემდგარი პროდუქტი 30 დღის განმავლობაში ნატურალურად ინახებოდეს.

მაშ, რის ხარჯზე ინახება ამგვარი მზა პროდუქტი? რა თვისებები აქვთ იმ ემულგატორებსა (საგნებზე აღნიშნავენ E სიმბოლოთი) და შემასქელებლებს, რომლებსაც ასეთი საკვები შეიცავს? რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ჯანმრთელობა მათი მუდმივი მიღებისას?

მსგავსი პროდუქტის უმეტესობა შეიცავს ცხიმგამოცლილ რძეს, მაგრამ, ამავე დროს, დამატებული აქვს მშრალი ნაღები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ რძეს ხელოვნურად ვაცლით ცხიმს, ხოლო შემდეგ ისევ ხელოვნურად ვუმატებთ მშრალ ნაღებს, რითაც პროდუქტს კვლავ ვაცხიმიანებთ. სამაგიეროდ, დიეტის მოყვარულთათვის პროდუქტი მიმზიდველია, ვინაიდან ანოტაციის დასაწყისში აწერია, რომ შეიცავს უცხიმო რძეს!

ამგვარი დესერტები შეიცავენ კონცენტრატებსა და შემასქელებლებს (როგორიცაა პექტინი და მოდიფიცირებული სახამებელი), შაქრის სიროფს, ხილის არომატიზატორებს, რაც ასევე ხელოვნური პროდუქტია; კვებით საღებავებს, მჟავიანობის რეგულატორს, რომლის მიღებაც ალერგიული ადამიანებისთვის უდავოდ სარისკოა. მსგავს პროდუქციას ალერგოლოგები და ნუტრიციოლოგები რეკომენდაციას კატეგორიულად არ ვუწევთ, რადგან უცნობია, საბოლოოდ რა ცვლილებებს გამოიწვევს ის ორგანიზმში. 

არადა, თუკი ამგვარი დესერტის ნაცვლად ავიღებთ ნატურალურ სოფლის მაწონს (ტრადიციული რეცეპტით მომზადებულს), სახლში დამზადებულ მურაბას ან ჯემს და მათ ერთმანეთში შევურევთ, მივიღებთ იგივე გემოს, იგივე კალორიებს და რაც მთავარია, რაფინირებული პროდუქტის ნაცვლად, ჯანსაღ, სრულფასოვან და სასარგებლო საკვებს შევჭამთ. ამიტომაც, ყველა შემთხვევაში, რეკომენდაციას ცოცხალ პროდუქტს ვუწევ. ჩემს პაციენტებსაც ყოველთვის ვურჩევ, აირჩიონ სწორედ ვაშლი და არა თვეების წინ დამზადებული ვაშლის წვენი, რომელთა ფერად და მიმზიდველ შეფუთვაზე მითითებულ შემადგენლობაში ვაშლი მხოლოდ 20 ან 30 %-ია, დანარჩენი კი გაუგებარ დანამატებს ეთმობა. 

ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით
ვფიქრობ, ადამიანები ხშირად ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც კია ჩვენთვის საკვები; რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესზე. არადა, დღიური საკვების თითოეული ულუფა ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა და ის, საბოლოოდ, ჩვენი შემადგენელი ნაწილი ხდება. 

უფრო მარტივად რომ ვთქვა, ის, რასაც დღეს მივირთმევთ, რამდენიმე წელიწადში, გადამუშავებული სახით, ჩვენივე ღვიძლის ქსოვილად იქცევა. კიდევ უფრო მარტივად კი, ჩვენ სწორედ ის ვართ, რითიც ვიკვებებით. ამიტომაც, ჩემს პაციენტებსაც და მკითხველებსაც გირჩევთ, გაითვალისწინოთ ორი წესი:

1. ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე!

2. იკვებეთ ნატურალური, სწორად დამუშავებული ან ცოცხალი პროდუქტით - ეს სასიცოცხლო ენერგიის ნამდვილი წყაროა, რაც შემდგომ შრომისუნარიანობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

გახსოვდეთ და გაიაზრეთ ის, რომკონსერვანტების გარეშე ცხოვრება გაცილებით უფრო საამურია :)

ჩემს პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც მატერიალური საშუალება აქვთ, პერიოდულად ინდოეთში გაემგზავრონ და იქ ტრადიციული მეთოდებით შექმნილი ჯანსაღი კვების თერაპიის კურსი გაიარონ. ამით ისინი ორგანიზმს სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და დაუმუშავებული პროდუქტების მიღებით იდეალურ განტვირთვას უწყობენ. მათივე მონათხრობის მიხედვით, კურსის დასრულების შემდეგ, თითქოს მეორე სუნთქვა ეხსნებათ, ზღვა ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს გრძნობენ და ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს ხელახლა დაიბადნენ.

ეს აბსოლუტურად რეალურია. ჯანსაღ, ყოველგვარი მავნე დანამატების გარეშე კვებას ამ შეგრძნებების გამოწვევა ნამდვილად შეუძლია. სწორედ ასეთ დროს ხვდები, რომ კონსერვანტების გარეშე ცხოვრება მართლაც გაცილებით უფრო საამურია.

თუმცა, არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ინდოეთში ძვირადღირებული თერაპიის გავლა შეუძლიათ. სულაც არა! თუკი მოინდომებთ, საქართველოში ნამდვილად არის იმის საშუალება, რომ ჯანსაღი საკვები მიიღოთ. მხოლოდ თბილისის შემოგარენში უამრავი სოფელია, სადაც ყველა ოჯახში შეგიძლიათ ნატურალური სოფლის პროდუქტის შეძენა!

ამიტომ ჩემი, როგორც ნუტრიციოლოგის რეკომენდაციაა, ნუ გაგიტაცებთ მხოლოდ წონის დაკლების ჟინი, დროის მუდმივად დაზოგვის სურვილი და ნუ შესწირავთ მას ყველაზე ძვირფასს - საკუთარ ჯანმრთელობას!

გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ცოცხალ საკვებს და არა ემულგატორებით, კონსერვანტებით, საღებავებითა და სტაბილიზატორებით გაჯერებულ მზა პროდუქტს, რომლებიც თვეების განმავლობაში უამრავ გზას გადის იმისთვის, რომ საბოლოოდ თქვენს ორგანიზმში აღმოჩნდეს და საკმაოდ დიდი ზიანიც მოგაყენოთ. აირჩიოთ ცოცხალი საკვები, ნიშნავს აირჩიოთ ჯანმრთელობა! არჩევანი კი თქვენზეა... :) 

 

okmagazine.ge

 

 

 

ფილტრაცია