ბლოგი >> ტკბილი, გემრიელი და მსუყე
ტკბილი, გემრიელი და მსუყე

ზუსტად არ ახსოვთ, ბენდის სახელი ვინ მოიფიქრა. 2010 წლის 31 დეკემბერს სოციალურ ქსელში მეგობრები: ნიკა, გურამი, ზაზა და შოთიკო "Mellow"-ზე შეჩერდნენ, რაც ქართულად ტკბილს, გემრიელსა და მსუყეს ნიშნავს.

„მოკლედ, როგორ შევიქმენით ჩვენ? მე ვსრიალებდი სკეიდზე და შემთხვევით გავიცანი გურამ ჩოხელი. თანდათან მივხვდით, რომ სრიალი არ გამოგვდიოდა და ვთქვით, მოდი, მუსიკა გავაკეთოთო და წავედით სარეპეტიციოში,"- შოთიკო კამკამიძე, დრამერი.

2011 წლის ზაფხულში "Mellow" შექმნეს. შოთიკომ და გურამმა დაიწყეს მუსიკის წერა. მალე ვოკალისტი დასჭირდათ და დიდი ხნის ძიების შედეგად ჯგუფს ნიკა ჩოხელი დაემატა.  „ნიკამ ერთხელ რომ იმღერა, მივხვდით, რომ ვოკალისტი აღარ უნდა გვეძებნა."  ,,ნიკა ყველაზე პატარაა ბენდში, ძალიან ნიჭიერია, განსხვავებული ხედვა აქვს, განსხვავებული აზრები, აფასებსთავის დროს, ასე მგონია არცერთ წამს არ ატარებს ფუჭად, ან კარგ რამეს აკეთებს ან ლაპარაკობს, მგონია, რომ კარგად ჩამოყალიბდება და განვითარდება, ნიკას წარმატება მთელი ბენდის წარმატება იქნება, დარწმუნებული ვარ,"  გვიყვება ბენდის მეგობარი ნინა დუდუჩავა.

ფოტო აღებულია ბენდის facebook გვერდიდან

ფოტო: აღებულია ბენდის Facebook - გვერდიდან

თავიდან მათ ინსტრუმენტები არ ჰქონდათ, შემდეგ ნელ-ნელა შეიძინეს. პირველი ჰონორარი ,,ზედაზენისგან" მიიღეს, როდესაც რეკლამაში სიმღერა ,,Summer Sun" გამოიყენეს, სწორედ ამ თანხით შეიძინეს ბიჭებმა პირველი ინსტრუმენტი - გიტარა. გიტარას ბასი მოჰყვა, კიდევ ორი გიტარა, ბოლოს ბენდისთვის დრამიც იყიდეს და დღეს ლაივებისთვის ინსტრუმენტების თხოვება აღარ სჭირდებათ.

,,მელოუ დაკომპლექტებულია ხუთი არაჩვეულებრივი და ერთმანეთისგან განსხვავებული ყმაწვილისაგან. როგორც შოთის პროფესია მოითხოვს, ანუ როგორიც უნდა იყოს დრამერი, ის ზუსტად ისეთია-  მხიარული და არანორმალური ენერგიის მქონე, მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ თავის მეგობრებთან ერთად სულ ბოლომდე, ასი პროცენტით კარგი დრო გაატაროს და სხვებიც გაამხიარულოს."- ამბობს  ნინა დუდუჩავა.

თემქაზე, 159-ე სკოლაში   დარბაზი იქირავეს, სადაც ყოველდღე უკრავდნენ. ხშირად, საღამოს მისულებს ათენდებოდათ. იმისათვის, რომ მუსიკა სრულყოფილი გამხდარიყო, სხვა ინსტრუმენტების დამატება გახდა საჭირო. სწორედ ამ პერიოდში შეემატა ჯგუფს ორი ახალი წევრი ზაზა და თაზო. ,, ზაზა ბასისტია, ის სხვა წევრებისგან იმით განსხვავდება, რომ ყველაზე მძიმე და განსხვავებული ჟანრის მუსიკას უსმენს .აქვს საოცარი იუმორი, გულღია ადამიანია, სასიამოვნო და თბილი.

თაზო  ბენდის უახლესი წევრია, რაც ის მელოუს შეუერთდა  ბიჭების მუსიკა ლაივებზე შეივსო, უფრო მრავალფეროვანი გახდა, გათანამედროვდა, შეიცვალა კიდეც, რა თქმა უნდა. "- ყვება ბენდის მეგობარი.

ფოტო: აღებულია ბენდის Facebook - გვერდიდან

ფოტო: აღებულია ბენდის Facebook - გვერდიდან

Mellow ძირითადად ინდის ჟანრში უკრავს, თუმცა ტრეკებში სხვა მიმდინარეობაც ჩაურთავთ. „მუსიკას ისე ვუსმენ თითქოს დაშლილია, გიტარა, ბასი და ცალკე დრამი. ყველაფერი იშლება და ცალ-ცალკე მოდის, ეს პირველი მოსმენისას, შემდეგ უკვე ყველაფერი ერთდება.  პირველი მოსმენისას შეიძლება ვერც გავიგო როგორი ტემპია. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ასე მოსმენისას მეტად კაიფობ, ,,kings of leon"-ის ერთ ტრეკზე ისეთი სამწამიანი ხმა დავიჭირე, რომ მარტო მაგას ვუსმენ ხოლმე,"- ამბობს შოთიკო. ნიკა ჩოხელის ჯგუფში მისვლის შემდეგ, მუსიკას ძირითადად ის და  შოთიკო წერენ.

ბენდის პირველი სიმღერა იყო „snow", მას მოჰყვა „been then before", "summer sun"  - პირველი სიმღერა, რომელიც გაყიდეს და "she kills", რომელიც შემდეგ არაერთი სიმღერის ინსპირაციის წყარო გახდა. „She kills" რომ დავწერეთ, რამდენიმე თვე მისი გავლენის ქვეშ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმღერის რამდენიმე ვერსია ჩავწერეთ, მისი პირველი ვერსია  ყველაზე მაგარი იყო ჩემთვის," ამბობს შოთიკო.

Mellow-ს წევრების თქმით, ბენდმა გზა პოპულარობისკენ  სწრაფად გაიარა. „ტრეკი გავაკეთეთ და იყიდეს, ვიღაცამ ლაივზე დაგვიძახა, მერე ალტერვიჟენზე მიგვიწვიეს. ყველაფერი თვითონ მოდიოდა. ვერც ვაცნობიერებდით ისე მალე ხდებოდა ეს."

მეხუთე ლაივის შემდეგ MELLOW-ს მსმენელთა რიცხვი გაიზარდა. სოციალურ ქსელში უამრავი გამამხნევებელი წერილი ხვდებოდათ. განსაკუთრებით ის მომენტი ახსოვთ, როდესაც ფეისბუკზე მსმენელმა მათი სიმღერა გააზიარა და  „mellow"s sound"  დაარქვა, მაშინ  ბიჭებს ეგონათ, რომ ყველაფერი უკვე გააკეთეს და მუსიკაში საკუთარი ნიშა დაიმკვიდრეს. მალე „ტაბულამ" ქართული ბენდების ტოპ 10 გააკეთა, რომელშიც პირველი ადგილი დაიკავეს.

ფოტო: აღებულია ბენდის Facebook - გვერდიდან

ფოტო: აღებულია ბენდის Facebook - გვერდიდან

 

მატარებელში მუსიკის ხმა ისმის. 2014 წლის სექტემბერში თბილისიდან ბათუმისკენ ყველაზე მუსიკალური მატარებელი დაიძრა, რომლის ერთ მხარეს ლექსებს კითხულობდნენ, მეორე მხარეს გიტარაზე უკრავდნენ. ზოგი მღეროდა, ზოგიც ფანჯარაში იყურებოდა და იმ ნოტებზე ფიქრობდა, რომელიც თავში მატარებლის სვლის ხმასთან ერთად მოუვიდა. სექტემბერში საქველმოქმედო  კონცერტი ჩატარდა, რომელშიც  "MELLOW" ხუთ ქართულ ბენდთან ერთად მონაწილეობდა.  ტურნე სამ ქალაქს:გორს, სამტრედიასა და ბათუმს მოიცავდა.

ფოტო: აღებულია ბენდის Facebook - გვერდიდან

ფოტო: აღებულია ბენდის Facebook - გვერდიდან

"გურამი ჩემი საუკეთესო მეგობარია, ყველას ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. იმიტომ არა რომ ერთი ჯგუფის წევრები ვართ, იმიტომ, რომ მეგობრები ვართ."  -შოთიკო.

"ნიკას უფროსი ძმა გურიკაც ასევე ძალიან ნიჭიერი ბიჭია ,თავისუფალი, გემოვნებიანი, კრეატიული, სასიამოვნო  და მეგობრული. ხო, კიდევ ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს. არ ბეზრდება შოთის ისტორიების მოსმენა."- გვიყვება ნინა დუდუჩავა.

,,ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს და ამიტომაც უფრო შეკრული ტრეკები გამოგვდის.  იმისთვის, რომ კარგი მუსიკა შეიქმნას აუცილებელია კარგი სარეპეტიციო კარგი საუნდით, არ უნდა გეჩქარებოდეს და არ უნდა იყოს ხმაური . " ბიჭებს ახალი სარეპეტიციოს გაკეთება სურთ, სადაც გიტარის ეფექტები, ვოკალის კომბები, ბევრი ინსტრუმენტი და აქსესუარები იქნება.

ბენდის მეგობარი, ნინა დუდუჩავა ამბობს: "დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მელოუ მთელი ბიჭების ცხოვრება იარსებებს, ისინი ზედმეტად უხდებიან და უგებენ ერთმანეთს, როგორც თვითონ ამბობენ, "MELLOW" ნამდვილი ოჯახბენდია."

 

ავტორები: სალი ელბაქიძე, თათია გაჩეჩილაძე

 

 

ფილტრაცია