ბლოგი >> თუკი ვინმე ვინმეს შეხვდა ჭვავის ყანაში
თუკი ვინმე ვინმეს შეხვდა ჭვავის ყანაში

„წარმოვიდგენდი ხოლმე რო ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ და არცერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირას ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემი საქმეც ეგ არი - რომელიმე ბავშვი რო იქით გაიქცევა, უფსკრულისკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე - დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში. აი ეგ მინდა რო ვიყო. ვაფრენ, ხო იცი."

ფოტო: davewhitepaintings.com

ჩვენთვის განსაკუთრებული რაღაცის გარშემო ყველაფერი განსაკუთრებულია. აი მაგალითად, ერთ დღეს, როცა ჩემი სახლისკენ მიმავალ დაუსრულებელ აღმართს მივუყვებოდი, აღმართი კიდევ უფრო დაუსრულებლად მომეჩვენა, იმიტომ, რომ რაღაცაზე ვფიქრობდი და ვერც კი შევამჩნიე როგორ მივუახლოვდი დანიშნულების ადგილს, რომლის იქით მხოლოდ მთებია. უცებ გამახსენდა ჯერომ სელინჯერის „კლდის პირზე ჭვავის ყანაში" როგორ და რატომ, არ ვიცი, და გადავწყვიტე თავიდან წამეკითხა. საერთოდ, ჩემ შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე, რაღაც აზრი რომ ამეკვიატება თავიდან ვეღარ ვიგდებ, სანამ არ ავასრულებ. მახსოვს პირველად რომ წავიკითხე მაშინაც განსაკუთრებულად მომეჩვენა, მაგრამ მაშინ ბევრი საერთო არ დამინახავს, პატარა ვიყავი და რა თქმა უნდა იმაზე სხვანაირი, ვიდრე ახლა ვარ. ბოლოს, წიგნი წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ზუსტად ის იყო, რასაც ვეძებდი...

ფოტო: artside.ge

წარმოვიდგენ როგორ დგას ჰოლდენ კოლფილდი, წიგნის მთავარი გმირი, ზედ კლდის პირზე თავისი, ძალიან წითელი, მონადირის ქუდით, ხელში კი „პაწია შარლი ბინზის" ფირფიტა უჭირავს, თან ქარია, ქარი აუცილებლად!! რაღაცის წარმოდგენა იმიტომაა მაგარი, რომ ისე წარმოიდგენ როგორც შენ გინდა, მაგრამ მე ჩემს წარმოდგენაშიც ვერ ვხვდები აი კლდის პირზე მდგარი ბიჭი საით იყურება წინ თუ ქვემოთ...ალბათ, უფრო ქვემოთ.  ჩემთვის, ჰოლდენი განსაკუთრებული გახდა იმ დღიდან, როდესაც პენსის პრივილეგირებულ სკოლას დაადო და წამოვიდა და შემდეგ თქვა, რომ როცა მიდიხარ, უნდა გრძნობდე რო რაღაცას ტოვებ, თორე მერე უარესიაო. მერე აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა თავის გარშემო ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა და პროტესტის გრძნობა უჩნდებოდა, რომ თავის გარშემო ნამდვილს ბევრს ვერაფერს ხედავდა. ამდენმა სიყალბემ კი ზიზღი გამოიწვია და ყველაფერი აირია. ჩემი აზრით, ჰოლდენი ძალიან, ძალიან კეთილი პერსონაჟია. რაღაც კარგს ყველაში ხედავდა, შესაძლოა უმნიშვნელოდ პატარას, მაგრამ მაინც ხედავდა. სხვებთან ყოფნას მარტო ყოფნა ერჩივნა, მაგრამ მარტოც ვერ ჩერდებოდა. საინტერესოა, მისი, ჯეინ გელეხერზე და კიდევ „სენტრალ პარკის" ტბორში არსებულ იხვებზე ფიქრი, თუ სად ქრებიან ეს იხვები, მაშინ, როცა ტბა იყინება. წიგნში ერთი საოცარი, კოპწია და თან ჭკუადამჯდარი ბავშვი მოიძებნება. ფიბი,  ეს ნამდვილი ჭკუისკოლოფი გოგონა, ჰოლდენის თვალში ყველაზე ნამდვილი ადამიანი იყო. ჩემთვის საყვარელი ზუსტად ის მონაკვეთია, ჰოლდენს უეცრად ეს პაწაწინა გოგონა ჩემოდნით ხელში, რომ გამოეცხადება და ეტყვის მეც შენთან ერთად გავიქცევი და ხომ წამიყვანო. ეს ტკბილი გოგონა ფიბი... მე მომეწონა, რომ კოლფილდი ხშირად კარგავდა ნივთებს მაგრამ ამაზე არ დარდობდა.

მგონია, რომ გამორჩეულად საინტერესო სწორედ ეს ასაკია, ჩვენი ასაკი. ყველაფერი არეულია თავში, ადგილს ვერ პოულობ, ბუნებრივ, შენთვის შესაფერისს გარემოს და გგონია მარტო კარგად ხარ, მაგრამ აღმოაჩენ, რომ მარტოც არ ხარ კარგად. შენს თავშიც ჩნდებიან ისეთი აზრები, აი იხვებზე რომ უჩნდებოდა ჰოლდენს. მერე ხვდები, რომ შენც გყავს შენი ტკბილი ფიბი, რომელიც იმ დამტვრეული ფირფიტის ნატეხებსაც სიამოვნებით გამოგართმევს, რომელიც მისთვის საჩუქრად მიგქონდა.

ჭვავის ყანაში, კლდის პირზე მდგარ ჰოლდენს წითელი მონადირის ქუდი ახურავს, და ფირფიტასთან ერთად, ელის ბეისბოლის თათმანიც უჭირავს, თან ქვევით იყურება და თან ფიქრობს. ბავშვები კი ისევ თამაშობენ.

 

ავტორი: სალი ელბაქიძე

 

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია