ბლოგი >> თბილისური ჰოსტელიადა
თბილისური ჰოსტელიადა

ჰოსტელები ძირითადად სტუდენტებსა და იაფად მოგზაურობის მოყვარულებს იზიდავს. თუმცა, ამ თანამედროვეობის ტავერნების მომრავლებასთან ერთად იზრდება სერვისების მრავალფეროვნებაც და იქ შეხეტიალებული პერსონაჟების სპექტრიც.

უცნაურია, მაგრამ 5-6 წლის წინ თბილისში ძნელი იყო მოკლე ვადით იაფად სადმე გაჩერება. ტურისტებს ყოველთვის უკვირდათ, რატომ ღირდა ასე ძვირი სასტუმრო, თუნდაც ბინძური, რატომ არ იყო ჰოსტელები ასეთ ტურისტულ ქალაქში და რატომ იყო Lonely Planet-ში ერთადერთი თბილისური გესთჰაუსი მოხსენიებული. 2010 წელს ყაზბეგში მეტი ჰოსტელი იყო, ვიდრე თბილისში. 

ერთ დღეს ოთხმა თბილისელმა ბიჭმა თავისი დანაზოგი შეკრა, ცოტაც ისესხეს და ავლაბარში ორსართულიანი სახლი იქირავეს. მათ არ იცოდნენ, გაამართლებდა თუ არა ის, რისი გაკეთებაც უნდოდათ. თუმცა, მათი ვარაუდით, რამე უნდა გამოსულიყო, რადგან თბილისში უკვე იმდენი სტუმარი ჩამოდიოდა, რომ ტურისტები ეძებდნენ სასტუმროებს და არა სასტუმროები - ტურისტებს. ასე შეიქმნა „თბილისი ჰოსტელი", ერთ-ერთი პირველი ჰოსტელი თბილისში. 

საქართველოში ახალი ბიზნესის დაწყება ყველას ეშინია. შატალოს შეგვიძლია შევადაროთ, ან ალუჩის მოპარვას აგარაკზე. პირველი როცა გაბედავს, მერე დანარჩენიც ხრიალით მიჰყვება, დირექტორს ამბის დამტოვებელიც არ რჩება, ალუჩის პატრონი კი ხის მაგივრად მინიმალისტურად გადაწყვეტილ შურდულის ტარს იღებს. 

„თბილისი ჰოსტელი" იყო დიდი, თბილი, ტკბილი და მეგობრული ადგილი. მასპინძლები და სტუმრები აქ ერთად მზარეულობდნენ, ერთად სვამდნენ, ჭაჭა და ჩამოსასხმელი იაფფასიანი ღვინო აქ არავის ენანებოდა. ჰოსტელი ყვაოდა: ბევრი სანახავადაც მოდიოდა, მერე მიდიოდა და თავის ჰოსტელს ხსნიდა. ტურისტი მაინც თავზე საყრელად იყო და ყველას ჰყოფნიდა. ქვეყნის პიარი ტურისტების რაოდენობას ზრდიდა, მათი დიდი ნაწილი კი პატარა ბიუჯეტით და დიდი ზურგჩანთით ჩამოდიოდა. ბევრს ასეთი ხალხის მნიშვნელობა ეკონომიკისთვის კარგად არ ესმის: მრავალვარსკვლავიან სასტუმროებში ვინც ჩერდება, მეტს იხდის, მაგრამ ასეთი ცოტაა, ზურგჩანთიანები კი შედარებით ღარიბი, მაგრამ ლეგიონია.

ახლა თბილისში ჰოსტელები საკმარისად გვაქვს. ბევრი იხსნება, ცოტა იხურება, სავიზო რეგულაციები მათ განვითარებას ხელს უშლის, თუმცა საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის, სახელის მშენებლობას აგრძელებენ. ჩამოგითვლით რამდენიმე წარმატებულ ჰოსტელს, რომლებიც HostelWorld-ის, Booking.Com-ის, TripAdvisor-ის და Lonely Planet-ის ტოპ-ლისტების შეჯერებით შეირჩა. ასეთი ჰოსტელები კარგი ალტერნატივაა იმათთვის, ვისაც უნდა გაექცეს „გიფსოკარდონის" ძვირ და უგემოვნო გალიებს, რასაც ხშირად სთავაზობენ თბილისური სასტუმროები ან დღიური გაქირავების სააგენტოები. 

Boombully Hostel
მდებარეობა - რუსთაველის გამზირი, ოპერის პირდაპირ
ფასები: 11.5 ევრო შერეულ დორმში
ცალკე ოთახი ორადგილიანი საწოლით - 14.5 ევრო 
სინგლ-პრაივიტი - 24.5 ევრო
სამსაწოლიანი პრაივიტი - 12.5 ევრო
(ფასები მოცემულია ერთ პერსონაზე)
შეფასება TripAdvisor-ზე - არასრული ხუთი ვარსკვლავი (ძალიან კარგი)
საიტი: www.boombully.com

„ბუმბული" ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სახელოვანი ჰოსტელია თბილისში. მოგზაურების სოციალურ ქსელებში „ბუმბულის" ყველა მიმოხილვა დადებითია. განსაკუთრებით ხშირად ახსენებენ საოცარ პერსონალს. „ბუმბულის" ლოგო ობიექტურად ძალიან ლამაზია, საიტი გამართული, ყველა ოთახს თავისი სახელი და დანიშნულება აქვს: 

დაბლ-პრაივიტი „Winter Room"-ია, კედელზე ლამაზი ირმებით, „Black and White ოთახის ინტერიერი შესაძლოა ფორტეპიანოს კლავიშებმა, ან უბრალოდ მაიკლ ჯეკსონმა, ან სულაც ცხოვრებისეულმა „პალასებმა" შთააგონეს ავტორ დეკორატორს. აქ შეგიძლიათ იკითხოთ ბუხრიან სამკითხველო ოთახში და ძილს მიეცეთ „საილენთ-ქლოქ-დორმში", სადაც თქვენს სიზმრებს ორმეტრიანი უძველესი საათი უდარაჯებს.
„ბუმბულის" ჭერი მაღალია, ფანჯრები - დიდი, აურა - ნათელი, ხალხი - კარგი.
ოპერა რომ გაიხსნება, შეიძლება ანანიაშვილსაც მოჰკრათ თვალი ფანჯრიდან და რაიმე ჩაიფიქროთ. 

m42
მდებარეობა - ბელინსკის, იმავე ჭოველიძის ქუჩის ბოლო.
ფასები: ეკონომი-დაბლ-რუმი ჩითის ჭერით - 80 ლარი
ეკონომ-დაბლ-რუმი მშვენიერი ლურჯი კედლებითა და აივნით - 90 ლარი.
საწოლი 8-ადგილიან დორმში - 20 ლარი
საწოლი 8-ადგილიან კომფორტ-დორმში - 25 ლარი
შეფასება TripAdvisor-ზე - 5 ვარსკვლავი (ფრიადი)
ბუხარი - აქვს
საიტი: www.facebook.com/m42hostel

ესაა ერთადერთი ჰოსტელი თბილისში, რომელსაც „რეზბის" სახელი ჰქვია. „m42" ხრახნზე იმ „ზენიტის" ლინზები მუშაობს, რომელმაც ბარე ორს გადაღება გვასწავლა და ფირი შეგვაყვარა. 
ჰოსტელი „m42" 8 თვის წინ გაიხსნა, ნამეტანი კარგი სტარტი აიღო და ალბათ ასეც გააგრძელებს. ინტერიერი ძალიან ლამაზია, დორმები დიდი და ნათელი. მოჩითულჭერიანი პრივატ-დაბლი სულის ცხონებაა, სიზმრის ბაზა და მესამე თვალის ვარჯიში. ხასხასა ლურჯკედლიან პრივატს თეთრი დარაბები აქვს - ისეთი, მეთევზეების სახლებს რომ აქვს ხოლმე ბრეტანში. ხედი ერთი მხრიდან ქალაქის, მეორე მხრიდან მთაწმინდის - ქვემოდან ზევით. ჰოსტელს თავზე დანათის ეშმაკის ბორბალი, რომელიც  ეგზომ სასიამოვნო საყურებელია.

მესერზე აწერია „გააგრძელე ჰაიქინგი". თუ ახვალთ, არ გაჩერდეთ და გააგრძელეთ. ჰოსტელის სავიზიტო ბარათი მაინც მთავარი ოთახია, თეთრი მარმარილოს ბუხრით, წიგნების ლამაზი ღია კარადით და წითელი ხალიჩით. ერთი სიმპათიური ლაბრადორიც ცხოვრობს აქ. 

Nest Hostel
მდებარეობა - ფურცელაძის 32, ვახტანგ ორბელიანის 27/34 - „კოლმეურნეობის მოედანთან" ახლოს. 
ფასები: 10-საწოლიანი შერეული დორმი - 20 ლარი
8-საწოლიანი შერეული დორმი - 25 ლარი
ორსაწოლიანი პრაივიტი - 80 ლარი
სამსაწოლიანი პრაივიტი - 90 ლარი
შეფასება TripAdvisor-ზე - თითქმის 5 ვარსკვლავი
ბუხარი - აქვს
საიტი: http://nesthosteltbilisi.com

ეს ჰოსტელი საკმაოდ ბებერია. მის ანგარიშზე შეიძლება უკვე რამდენიმე ათასი აღფრთოვანებული ტურისტიც იყოს. მოკლედ, დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებენ. ახლა ბუტიკ-ჰოსტელიც მიამატეს და გაიზარდნენ. მათივე ქსელის ჰოსტელია „ნესტ ჰოსტელ მესტია" სვანეთში და მასვე უკავშირდება ბარ „კანუდოსის" დაბადება, მანამდე კი ლეგენდარული „ბუდე ბარი" მაჭახელას უკან, რომელმაც უამრავი უცხოელი და ქართველი მჭიდროდ შეაკავშირა ერთმანეთთან, თუნდაც ერთი ღამით, ან ორით.

თუ თქვენს უცხოელ ნაცნობს უნდა იაფად დარჩენა და ქართულ-ინტერნაციონალური ბედნიერების გემოს გასინჯვა, დაუყოვნებლივ ურჩიეთ „ნესტ ჰოსტელი". შეიძლება მერე საქართველოდან აღარც წავიდეს და ჭაჭაში ჩაიხრჩოს. 
TripAdvisor-ზე  „ნესტს" ერთადერთი ცუდი შეფასება აქვს, ისიც ერთი ბელგიელი მყრალი კაცისგან, რომელიც უბრალოდ არასწორ ადგილას მოხვდა. იმ კაცის პროფაილს თუ მიჰყვებით, აღმოაჩენთ, რომ თბილისის ძველ უბანს ერთი ვარსკვლავი დაუწერა, რუსთაველსაც ერთი, სიონსაც და მარტო ერთი გადაპრანჭული სასტუმრო მოეწონა, გაბერილი სკამებით და ბისკვიტის ტუფტა სკულპტურებით. მოკლედ, ვირისგან წიხლი საწყენი არაა, „ნესტ ჰოსტელს" კი, როგორც ძველი მეზობელი, ჰაეროვან კოცნას და მონატრებას ვუგზავნი.

движ хостэл Ели, Спали
მდებარეობა - ბოცვაძის ქუჩა, რუსთაველის მაკდონალდსთან ახლოს. 
ფასები: საწოლი შერეულ დორმში - 20-25 ლარი
დელუქს-დაბლ-რუმი - 70-90 ლარი
სამეფო ოთახი მთის ხედით - 50 ლარი
თვინ-რუმი ბაღის ხედით - 65 ლარი
(ფასები მერყეობს მოთხოვნის მიხედვით)
შეფასება TripAdvisor-ზე - ძალიან კარგი, მაგრამ ცოტა შემფასებელია.
საიტი: www.tripadvisor.com/Hotel_Review-g294195-d2637953-Reviews-Envoy_Hostel_and_Tours-Tbilisi.html

დვიჟ ჰოსტელი ახალია, მაგრამ კარგი. შერეული დორმი და ტრიპლი დიდი ვერაფერი სილამაზით გამოირჩევა, მაგრამ აქ მთავარი პრაივიტ-რუმებია, რომელთაგან ერთ-ერთში, თეთრ ლუდოვიკოში, საბჭოთა საქართველოს ინტერიერ-ოცნებაა გაცოცხლებული. პრაივიტ-რუმებში ისეთი სილამაზეა, რომ რაიმე ეპატაჟური ფოტოსესიისთვისაც გამოდგება. აი, American Apparel-ის ფოტოსერიის გადასაღებად იქნებოდა იდეალური.

შეიარეთ „იელი სპალიში" და  წამოგორდით ლუდოვიკოზე. კვირაში ორჯერ აქ თბილისელი უცხოელებიც იკრიბებიან.

Namaste Hostel
მდებარეობა - ბეთლემის 26, კალა.
ფასები:  საწოლი 6-ადგილიან დორმში - 27 ლარი
საწოლი 12-ადგილიან დორმში - 24 ლარი
ეკონომი-დაბლ-რუმი - 80 ლარი
ეკონომი-დაბლ-რუმი აივნით - 85 ლარი
ეკონომი-დაბლ-რუმი ტერასით - 95 ლარი, თუ სპეციალურ შეთავაზებას მიაგენით Booking.Com-ზე, მაშინ 70.
ფასები იცვლება სეზონების მიხედვით. 
შეფასება TripAdvisor-ზე - თითქმის 5 ვარსკვლავი
საიტი: www.facebook.com/pages/Namaste-Hostel-Tbilisi

„ნამასტე" ბეთლემის ქუჩაზეა. ყოფილ ბარ „ლაბორატორიუმს" რომ გასცდებით, იქვე. მისი აჭრელებული ფასადით ადვილად მიხვდებით, რომ აქ რაღაც საინტერესო ხდება. ინტერიერი არ არის „ბუმბულივით" ან „m42"-ვით დახვეწილი, მაგრამ განწყობა, ხედი, ძველი ქალაქის აურა და პერსონალი სტუმრების სიყვარულს განაპირობებს. „ნამასტეს" ერთ-ერთი დაბლრუმიდან ავლაბრის მშვენიერი ხედი იშლება, რომელიც, რომ მოსაღამოვდება, კიდევ უფრო ლამაზი ხდება. „Твердая пятерочка! Удивительное сочетание атмосферы дома, уюта, тепла, позитива и просто хороших людей с большой буквы "Л"! так держать ;)" ეს კომენტარი „ნამასტეს" სტუმრების განწყობას ზუსტად გამოხატავს. უბრალოდ მე ვერ ვიგებ, რას ნიშნავს ხალხი დიდი „ელ" ასოთი.

Green House Hostel
მდებარეობა - ახვლედიანის ხევი
ფასები - საწოლი სტანდარტულ 6-ადგილიან დორმში - 12 ევრო
ბეიზიქ-თვინ-პრაივიტ-რუმი - 32 ევრო ორ ადამიანზე
სტანდარტული თვინ-პრაივიტი - 28 ევრო ორ ადამიანზე
შეფასება TripAdvisor-ზე - არასრული ხუთი ვარსკვლავი
ბუხარი - აქვს
საიტი: www.facebook.com/pages/Tbilisi-Green-House

ეს ჰოსტელი ოდესღაც „სოულჰაუსის" სახელით იყო ცნობილი. ის ერთმა ლამაზმა გოგომ, ელფმა გააკეთა და დაქოქა. მართალია, ელფი მერე წავიდა, მაგრამ ჰოსტელი დარჩა და არც კეთილი აურა დაუკარგავს. 

ესაა ადგილი, სადაც მიდიხარ და საიდანაც წასვლა აღარ გინდა. ბუხარი, ნახატები, სიმყუდროვე - გარემო გულში გიკრავს და აღარ გიშვებს. ალბათ „სოულჰაუსი" უკეთესად გამოხატავდა ამ ჰოსტელის არსს. ლოკაცია ერთ-ერთი საუკეთესოა: აქ მანქანის ხმა არასოდეს აღწევს, ეზოში მზეს ხეები ჩრდილავს, შემოდგომით ბროწეულები ახარებენ სტუმრებს. გარეთ ატლასი შიგნით ათასი რა არის? რა თქმა უნდა, ევროპელმა ტურისტებმა არ იციან, რომ ეს ბროწეულია.

დილაობით შეგიძლია გამოხვიდე და პრეზიდენტს ხელი დაუქნიო, რომელიც სამსახურში მიდის, იქვე, გვერდზე.

 

***

თუ უცხოეთში მიდიხართ და ბევრი ფული არ გაქვთ, გირჩევთ შერეულ დორმში აიღოთ საწოლი. შეიძლება ღამის სამ საათზე რომელიმე მშიერი ჩინელი მოვიდეს და საუზმის კეთება დაიწყოს სამზარეულოში, რომელიც იქვე დერეფანშია (დროის სარტყელების სხვაობის მწარე გამოცდილება რომში მივიღე). თუმცა იმის შანსიცაა, რომ თქვენთან ერთად მშვენიერი შვედი გოგოები მოხვდნენ, რომლებიც დემონსტრაციულად მხოლოდ ბიკინით ივლიან. მოკლედ, წადით ბარსელონაში. 

 

forbes.ge

 

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია