ბლოგი >> ნოდარ დუმბაძე, ჯონ ლენონი და „მზიური“ – ანა გოგუაძის ისტორია
ნოდარ დუმბაძე, ჯონ ლენონი და „მზიური“ – ანა გოგუაძის ისტორია

მახსოვს, 1990-იანებში ბებიამ სასეირნოდ „მზიურში" წამიყვანა. სულ რაღაც 4-5 წლის ვიქნებოდი. ნაცრისფერი ქალაქისთვის უჩვეულო სიმწვანეში აღმოვჩნდი, მაგრამ ამ სიმწვანესაც რუხი ფერი დაჰკრავდა. ბებიამ თბილისისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარკის ისტორია მიამბო. მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობა ქართველი მწერლის - ნოდარ დუმბაძის იდეა ყოფილა. მაშინ არც „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" მქონდა წაკითხული და არც დიდი მწერლის ცხოვრების შესახებ ვიცოდი რაიმე. უბრალოდ, მახსოვს, რომ ეს „ვიღაც" დუმბაძე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ, ბავშვების გართობაზე ფიქრობდა. ბნელი 1990-იანების შემდეგ, „მზიურს" კიდევ ერთი ჭრილობა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიურმა უბედურებამ დაატყო, თუმცა მდინარე ვერეს ჩარეცხილმა პარკმა მეორე სიცოცხლე მალე დაიწყო. ეს დამსახურება კი ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის.

ვინაა ანა გოგუაძე? 
ანა: „დავიბადე თბილისში. ძირითად დროს ბებიასთან ვატარებდი. მას ჩემზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ჩემი ფასეულობები და ღირსებები მისი დამსახურებაა. ბავშვობიდან კომუნიკაბელური ვიყავი, მიყვარდა მუსიკა და ხშირად ვხატავდი... 16 წლამდე ვფიქრობდი, რომ მხატვრობას გავყვებოდი, მაგრამ შემდეგ ფოტოგრაფიაში აღმოვჩნდი, სადაც ფუნჯი კამერამ ჩაანაცვლა.

რატომ „მზიური" და საიდან მოიზიდეთ სახსრები პარკის აღსადგენად? 
„მზიურისადმი" ჩემი დამოკიდებულება ნოდარ დუმბაძის წიგნებიდან დაიწყო. „მზიურში" 2006 წლიდან ვმუშაობ. 10 წელი ჩემს მეგობრებთან ერთად ვაწყობდი „მზის ფესტივალს", რომელიც პირველ ივნისს იმართებოდა. მიუხედავად ამისა, წლების მანძილზე „მზიურის" სივრცე აუთვისებელი რჩებოდა. 2015 წელს გადავწყვიტე ერთდღიანი ფესტივალის იდეა უფრო მასშტაბური გამეხადა, რომლის მიზანი „მზიურის" მთელი წლით დატვირთვა იქნებოდა. როდესაც პროექტი საჯარო გახდა და ქალაქ თბილისის მერიას მივმართეთ, პარკში არსებული მიტოვებული შენობის გამოყენების უფლება მოგვცეს. იქ სოციალური კაფე გავხსენით, რომლის მოგება ასევე პროექტის განვითარებას მოხმარდებოდა. პროექტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მალე მხარდამჭერები ბიზნესსექტორიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოუჩნდნენ. „მზიურში" გარემონტდა და გაიხსნა სოციალური კაფე და ამფითეატრი, მოხდა შენობის ადაპტირება ეტლით მოსარგებლეებისთვის. კაფე პირველ ივნისს გაიხსნა და უკვე 50-მდე ღონისძიებას უმასპინძლა. რაც მთავარია, პროექტი ინკლუზიურია და გულისხმობს ყველას ჩართულობას.

ფოტოგრაფიით გატაცება...
ბავშვობაში ძალიან ბევრს ვხატავდი, ბებიასაც ეგონა, რომ მხატვარი გავხდებოდი, თუმცა, სრულიად შემთხვევით, ნინო ქათამაძემ მითხრა - რატომღაც მგონია, რომ ფოტოების გადაღება გამოგივა, იქნებ სცადოო. მაშინ 15 წლის ვიყავი. ნინომ თავისი ფოტოაპარატი მათხოვა. ასე ჩაანაცვლა ფუნჯი ფოტოკამერამ. პროცესმა ძალიან მომხიბლა და კამერის გარეშე არსად დავდიოდი. შემდეგ ფოტოსტუდიაში მუშაობა კერძო შეკვეთებზე დავიწყე და რამდენიმე ფოტოპროექტიც განვახორციელე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფოტოგრაფია ჩემი ძირითადი საქმიანობა არ არის, ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ გატაცება იყო. საქართველოში რთულია შემოსავლის წყარო მხოლოდ ფოტოგრაფია იყოს, თუ არ ხარ პედაგოგი, ან არ იღებ ქორწილებს და წვეულებებს. ფოტოებს ახლაც ვიღებ, თუმცა იშვიათად. მესამე წელია ვმუშაობ ფოტოსერიაზე, ვიღებ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში. დღეს ჩემი ძირითადი დრო „მზიურს" მიაქვს, მაგრამ კამერა არ მავიწყდება.

 

 

okmagazine

 

 

 

 

 

ფილტრაცია