ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> სიდნეიში ნატურალური ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
სიდნეიში ნატურალური ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

მცხეთის რაიონის, სოფელ ჩარდახში იაგო ბიტარიშვილი უკვე ათ წელზე მეტია ღვინოს აწარმოებს და მისი ღვინო დღესდღეისობით საქართველოს გარდა მსოფლიოს თერთმეტ ქვეყანაში იყიდება. ''იაგოს ღვინის" განსხვავებული გემოს საიდუმლო ქვევრში მისი დაყენების ტექნოლოგიაა. მეღვინე ქიმიურ სასუქებსა და შხამქიმიკატებს არ იყენებს. სწორედ ''იაგოს ღვინო" მოხვდა ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს - The Ritz-ის მენიუში. ამჟამად იაგო სიდნეიში იმყოფება და ღვინის მოგზაურობაში მყოფი მეღვინე ძალიან საინტერესო ისტორიის გმირიც გახდა, - თემის დეტალებით  მეღვინე იაგო ბიტარიშვილი საუბრობს. 

-ბატონო იაგო, გაგვიზიარეთ ის ამბავი, რაც რამდენიმე დღის წინ ავსტრალიაში გადაგხდათ? 

-ჩვენ ავსტრალიაში ნატურალური ქვევრის ღვინის წარმოების სახელით ვართ ჩამოსულები და რამდენიმე დღის წინ მართლაც საინტერესო და სასიამოვნო შემთხვევას შევესწარით მელბურნის ერთ-ერთ კაფეში. ვერ მოვითმინე და ეს სოციალურ ქსელში გავაჟღერე, რადგან ჩემთვის პირადად განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის სითბო და სიყვარული, რომელიც ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ საქართველოდან გამოიხატა. უკვე ერთი კვირაა ავსტრალიაში ვიმყოფებით. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ისეთი ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში, როგორიც ავსტრალიაა, როგორ შეიძლება ქართული ღვინის გაყიდვა, მაგრამ აქ საუბარია ნატურალურ ქვევრის ღვინოზე და თუ იმ გეოგრაფიას გადავხედავთ, სადაც ეს ნატურალური ღვინო იყიდება, ზუსტად ღვინის მაღალი კულტურის და მოხმარების ქვეყნებია, სადაც ქვევრის ნატურალური ღვინო მაღალ ფასად იყიდება. ისეთები, როგორიც არის იტალია, საფრანგეთი, ინგლისი და შესაბამისად ავსტრალიაც ამ მიმართულებით გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ის, რაც აქ ჩვენმა იმპორტიორმა ავტრალიის სომელიეთა ასოციაციამ დაგვახვედრა. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. 

-ვიზიტის დასრულების შემდეგ როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რას წამოიღებთ ავსტრალიიდან? 

-ყოველდღიურად, დღეში ორჯერ მაინც გვაქვს დეგუსტაცია სომელიების, მომხმარებლისა და რესტორნებისთვის. იმ ადამიანებისთვის, ვინც ამინდს ქმნის, ვინც უშუალოდ უნდა გაყიდოს და ცნობადი გახადოს, როგორც საქართველო, ასევე ქვევრის ნატურალური ღვინო. მელბურნში ალბათ არც ერთი რესტორანი, სომელიე, ღვინის მწერალი თუ მედიის საშუალება არ დარჩა, რომელიც ამ ღონისძიებებს არ დაესწრო. მელბურნში დაახლოებით 7-8 ღონისძიება გვქონდა. 2 დღეა, რაც სიდნეიში ჩამოვედით და აქაც აეროპორტიდან პირდაპირ ღონისძიებებზე მოგვიწია წასვლა. 

-ავსტრალია ხომ ევროპა არ არის და როგორ ახერხებთ, რომ საკმაოდ მცირე წარმოების ქვევრის ღვინო ავსტრალიამდე ჩაიტანოთ, თქვენი ღვინო სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის არის ჩატანილი? 

-მე და ჩემი მეგობრები უკვე დაახლოებით 2-3 წელია ქვევრის ღვინოს ავსტრალიაში ვყიდით. ეს ჩვენი მასშტაბური ვიზიტი იყო თავისი დახუნძლული ღონიძიებებით და აქ მთავარი მომენტი ის არის, რომ ავსტრალიაში ღვინის მოხმარების ძალიან მაღალი კულტურაა და შესაბამისად, მაღალხარისხიანი, ნატურალური და გამორჩეული ღვინო მოთხოვნადია, როგორიც ჩვენი ღვინოა, რადგან ჩვენ განსხვავებული ტექნოლოგია და გამორჩეული ჯიშები გვაქვს. სიდნეიში ვიყავით ნატურალური ღვინის ბარში, რომელიც ამ კუთხით მსოფლიოში ყველაზე დიდი ბარია. ასეთი ბარი არც ნიუ-იორკში, არც ლონდონში და არც საფრანგეთში არ მინახავს. ეს ნატურალური ღვინის ბარი ყოველდღიურად დაახლოებით რამდენიმე ათას ადამიანს იღებს. მათ სპეციალური დღე მოაწყვეს ჩვენთვის, როდესაც თავიანთ მომხმარებელს მხოლოდ ქართული ღვინო შესთავაზეს. ამან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. 

-რა რეაქცია გამოხატეს მათ, ვინც ქართული ქვევრის ღვინო დააგემოვნა? 

-მათი მხრიდან პირველ რიგში სასიამოვნო გაოცება გამოიხატა. თითოეულ სტუმარს ჩვენ თვითონ ვუხსნიდით ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, როგორ იქმნება, ვუყვებოდით ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ და ა.შ. ყველაფერმა ამან ძალიან დადებითი შედეგი გამოიწვია. უკვე გარკვეული ჯგუფი არსებობს იმს პროფესიონალების, რომლებიც მაისში ღვინის ფესტივალზე საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ და ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ მათ სხვა ახალმა, ქვევრის ღვინის მწარმოებლებმაც შესთავაზონ თავიანთი პროდუქტი, რათა ამ კონტინენტზე უფრო მეტი ქართული ნატურალური ღვინო გაიყიდოს. 

businesscontract.ge

 

 

ფილტრაცია