ინტერვიუ >> კულა ქართულ ახალ ლიმონათს გამოუშვებს
კულა ქართულ ახალ ლიმონათს გამოუშვებს

გორის საკონსერვო ქარხანა "კულა" 2017 წლიდან ბავშვთა კვების წარმოების განახლებას გეგმავს. კომპანია დაფინანსების მოსაპოვებლად სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც აპირებს. - თემაზე კომპანია "კულას" დამფუძნებელი ვანო გოგლიძე საუბრობს. 

-ბატონო ვანო, როდის შეეძლება მომხმარებელს თქვენი კომპანიის საბავშვო ხაზის დაგემოვნება? 

-ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სიახლე - საბავშვო ხაზი 2017 წლის ბოლოდან უკვე საქართველოს მომხმარებელთა ქსელებში შევიდეს. 

-რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს ხაზი აღგედგინათ? 

-ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ქართული წარმოება იყოს და ქართველი ბავშვებისთვის ადგილობრივი საბავშვო კვების ხაზი ავამოქმედოთ. ამის ტრადიცია გაგვაჩნია, ამის სპეციალისტებიც გვყავს. 2017 წელს ახალი საწარმოს მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა კვებაზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება: ბავშვთა ხილისა და ბოსტნეულის ფაფები და ბავშვთა წვენები. 

დაახლოებით 20 დასახელების იქნება ჩვენი პროდუქტი. ამ შემთხვევაში ჩვენი ძირითადი პროფილია ხილისა და ბოსტნეულის ფაფები და წვენები. 

-როგორც ჩვენთვის ცნობილია, საბავშვო ხაზის გარდა, კომპანია ახალ პროდუქტებს ამატებს, ამის შესახებ რას გვეტყოდით? 

-კომპანია "კულა" თავის მომხმარებელს ყოველწლიურად ახალ პროდუქტს სთავაზობს. 2009 წელს დაფუძნდა ჩვენი კომპანია, თავიდან წვენებით დავიწყეთ და შემდეგ ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას დაემატა ტყემლები, ჯემები, მწნილები, ასევე ხილის კომპოტები გამოვუშვით და მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს კულა ახალ ქართულ ლიმონათს გამოუშვებს, რის შესახებაც თქვენთან ექსკლუზიურად ვაცხადებ. ჩვენი ლიმონათი სულ სხვა კონცეფციის იქნება. იგი არა გაზიანი, არამედ სახლში გაკეთებული სტილის იქნება. ჩვენი ლიმონათები პირდაპირ ჩამოსხმული იქნება ლიმნის პიტნის ნაზავით. ჩვენს ქარხანაში უკვე მისი შეფუთვა და მაღაზიების ქსელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასევე 2016 წლის ბოლო ახალი საწარმოს გაშვება გვსურს, რომელიც ჩვენ თანადაფინანსებით დავაარსეთ და 2017 წლიდან საქართველოში ქართული ხორცის კონსერვების გამოშვებას ვგეგმავთ. ეს იქნება, როგორც მოშუშული ხორცის კონსერვი, ასევე ტრადიციული ქართული კერძები, როგორიც არის "ჩაქაფული", ''ჩაშუშული", "ჩიხირთმა" და სახვა. პროდუქტი უკვე მზა მდგომარეობაში იქნება, მომხმარებელი მას გახსნის და უბრალოდ გააცხელებს. 

-საარჩევნო წელი იყო, ლარის კურსის მერყეობამ რაიმე გავლენა მოახდინა თქვენს კომპანიაზე, იყო გეგმები, რომლებიც ვერ განახორციელეთ? 

-რა თქმა უნდა, როდესაც საარჩევნო წელია, სადაც არ უნდა მივსულიყავით, ყველა ერთი და იმავეს გვიმეორებდა - "არჩევნების შემდეგ". მოლოდინის რეჟიმი იყო და აქედან გამომდინარე, ჩვენს კომპანიასაც ვთქვათ ლიმონათი ოქტომბრის ბოლოს უნდა გამოეშვა და გამოვიდა ისე, რომ მისმა გამოშვებამ 1 თვით გადაიწია. გვინდოდა, რომ ხორცის კონსერვებიც უკვე საახალწლოდ ქსელებში შესულიყო, მაგრამ ამის გაკეთება სავარაუდოდ ძველი ახალი წლის შემდეგ მოგვიწევს. ლარის გაუფასურებას რაც შეეხება, რადგან ხუფებისა და ტარას იმპორტი გვიწევდა, ამან იმოქმედა, თუმცა ახლა ნაწილობრივ ქართულ ტარაზე გადავედით. ქსანში მინის ქარხანა შეიქმნა და ახლა საკონსერვო პროდუქციის ტარას გამოშვებაც დაიწყო და მინის ქილებს იქ ვიძენთ. ისინიც, რა თქმა უნდა, ვალუტის კურსზე არიან დამოკიდებული. 

-ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით, თქვენი პროდუქციის ფასების კორექცია თუ მოხდა? 

-ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ და 2016 წელს ჩვენი პოლიტიკა ასეთი იყო, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე "კულას" პროდუქციაზე ფასების ზრდა არ ყოფილიყო. სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, დანახარჯების შემცირება შევძელით, ფასები შევინარჩუნეთ და სწორედ ამან გამოიწვია გაყიდვების ზრდა, რადგან ჩვენმა კონკურენტებმა თავიანთ პროდუქციაზე ფასები გაზარდეს. 

 

businesscontract.ge

 

 

ფილტრაცია