ინტერვიუ >> Bakko – გასაოცარი ხმის მქონე ქართველი გოგონა ნიუ-ჯერსიდან
Bakko – გასაოცარი ხმის მქონე ქართველი გოგონა ნიუ-ჯერსიდან

90-იანებში საქართველოში შექმნილი მძიმე სოციო-კულტურული სიტუაციის შესაბამისად, ბევრი იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო საცხოვრებლად. იქ უკვე ერთი სრული თაობა გაიზარდა. შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ ნიჭიერი და ინტელექტულური ახალგაზრდები, რომლებიც თავის რეალიზაციას უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცდილობენ და საკმაოდ წარმატებულადაც. მათ რიცხვშია ბარბარე მჭედლიშვილიც იგივე Bakko. იუთუბზე განთავსებული ცნობილი მუსიკოსების საკმაოდ პოპულარული ქავერების შესრულების შემდეგ, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა საკუთარ გეგმებზე გვიამბო.

ვინ არის Bakko, როდის და რატომ დატოვა საქართველო და სად მოღვაწეობს ამჟამად?

Bakko არის ბარბარე მჭედლიშვილი, ავტორ/შემსრულებელი, რომელიც ამჟამად ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს. 1999 წელს, 6 წლის ასაკში დავტოვე საქართველო და შტატებში გავემგზავრე მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად.

ვინ მოახდინა ჰიპ-ჰოპ კულტურით შენი დაინტერესება? ვინ იყვნენ ყველაზე დიდი გავლენის წყაროები?

კულტურით დაინტერესება სადღაც 12-13 წლის ასაკიდან მოდის. მახსოვს, იმ პერიოდში საკმაოდ დიდი გავლენის ქვეშ მოვექეცი ისეთი ჰიპ-ჰოპ ბენდებისა, როგორებიცაა The Digable Planets, Pharcyde, და ATCQ. პირველი სიმღერა კი, რომლის გამოც სრულიად შემიყვარდა ჟანრი, იყო A Tribe Called Quest - Can I kick it, Phife-ისა და  Q-Tip ძალიან მშვიდი და smooth ვოკალური პარტიები, „Take a Walk in The Wild Side"-ის სემპლი და მთლიანად ინსტრუმენტალი გახდა ჩემთვის 90'იანების ჰიპ-ჰოპ სამყაროთი დაინტერესების მიზეზი. შემდეგ უკვე ჩემით დავიწყე ძიება და მივაგენი სხვა ლეგენდარულ არტისტებს, როგორებიცაა Souls of Mischief, Black Sheep და De La Soul. ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, კრეატიულობისა და აფროცენტრული კულტურის ზეიმმა ჩემში ეს ინტერესი და პატივისცემა ამ კულტურისადმი უფრო გააღვივა.

  ჰიპ-ჰოპთან ერთად, შენი მუსიკალური ინტერესები ბევრად ფართოა და სხვადასხვა სტილს ფარავს (მახსოვს შენი ქავერები რომლებიც იუთუბზე იყო განთავსებული, მაგრამ უპირატესად შენ ტრადიციული ჰიპ-ჰოპისა და ნეო-სოულის სინთეზზე აკეთებ აქცენტს. ეს ჟანრი ისევ პოპულარული ხდება შტატებში?

შემიძლია უკვე დარწმუნებით ვთქვა, რომ ჟანრი ისევ უბრუნდება ძველ დიდებას. ძალიან ბევრი ახალი არტისტია რომელთა დასახელებაც შემიძლია. თავად MC-ებიც კი ბევრად მელოდიურები, ლირიულები არიან დღეისთვის და უფრო ხშირად იყენებენ ჯაზისა და სოულის სემპლებს. ძალიან მოხარული ვარ ამ ახალი შემოქმედებითი თაობით. საკმაოდ ბევრი ქვე-სტილი ემატება და შეგიძლიათ მოისმინოთ ეს გავლენებიც მათ შემოქმედებაში. საამაყოც კია, რომ ამ ყველაფრის მოწმე ვარ როგორც შემსრულებელი. ახალგაზრდა თაობა დღეისთვის ნამდვილად აგრძელებს და ანვითარებს წარსულის დანატოვარს.

  როდესაც თბილისში ბრუნდები, ჯემ სეიშენებს აწყობ ადგილობრივ ბენდთან, მიშო ურუშაძესა და Cutkill-თან (ამიკო ნინუა). ხომ არ გეგმავ მათთან კოლაბორაციულ პროექტს?

დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან. სწორედ ამ დროს ველოდები, როდესაც საქართველოში დავბრუნდები. ძალიან სასიამოვნო და მხიარული მოგონებები მაქვს მათთან სარეპეტიციო სესიებიდან.  ეს იყო ყველაფერი, მუსიკა და დადებითი ენერგია. იქ არ იყო წესები, რამაც ბევრად დიდი სივრცე დატოვა იმპროვიზაციისთვის. მიშოს ხომ ძალიან დიდი მუსიკალური ცოდნა გააჩნია და დიდი ინსპირაცია იყო ჩემთვის მისი ფირფიტების კოლექციის ნახვა. ძალიან მომენატრა ეს ბენდი. საქართველოს ძალიან კარგი მუსიკალური კომუნა ჰყავს, სადაც უამრავი ტალანტი მოიძებნება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მათთან ვმეგობრობ და ვაპირებ, უფრო ხშირად ჩამოვიდე და მოვაწყო საღამოები.

შარშან შენ გამოუშვი EP «7 Colors", რომელმაც საკმაოდ პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. რას გვეტყვი მომავალ რელიზზე? იგეგმება ახალი ალბომი? ვისთან ერთად მუშაობ ამჟამად მუსიკალურ პროექტებზე?

ჩემი პროექტიდან მხოლოდ რამდენიმე ტრეკი გამოვუშვი ჯერ. იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა და ისევ ვეძებ ჩემს თავს მუსიკაში, როგორც დამოუკიდებელი მუსიკოსი. ამჟამად, საპროდუსერო შეთანხმებას მივაღწიე და ახალი სიმღერების ჩაწერის პროცესი მიმდინარეობს. ნიუ-იორკში დავდივარ ამ ჩასაწერი სესიებისთვის. ყველაფერს ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ვაპირებ, მსოფლიოს გავაცნო ეს ახალი თავი ჩემი შემოქმედებიდან. საკმაოდ ბევრ ექსპერიმენტს ვატარებ ჩემს სტილთან მიმართებაში. ძალიან მიხარია, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანებთან მიწევს მუშაობა, საიდანაც უფრო და უფრო მეტს ვსწავლობ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე.

 ჩვენ ვისაუბრეთ შენს ინსპირაციის წყაროებზე ჰიპ-ჰოპში, მაგრამ რას გვეტყვი ვოკალურ ნაწილზე? 70-იანების სოულ დივების გავლენები გაქვს (არეტა ფრანკლინი და ა.შ.), თუ უფრო თანამედროვე ნეო-სოულ ვოკალისტების (ერიკა ბადუ, სთეისი და ა.შ.)


პირადად ჩემთვის, ყველა მათგანი, ვისაც ვუსმენდი, გავლენის წყაროებია. მოზარდობის პერიოდში, არტისტები, როგორებიცაა: ერიკა ბადუ, ჯილ სკოტი და Common, ყველაზე დიდი გავლენების წყაროები იყვნენ.  ჩემი სტილი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჯაზის, R&B-სა და ჰიპ-ჰოპის კომბინაციაზე. შემიძლია ვთქვა, რომ ვოკალურად Amy Winehouse-სა და ერიკა ბადუსთან ყველაზე დიდი კავშირი მაქვს. პერსონალურ დონეზე საკმაოდ ბევრი რამ დავინახე ჩემეული მათ სტილში. თუმცა, ვფიქრობ, ნელ-ნელა ჩემი სტილის აწყობაზე ვმუშაობ. ბავშვობაში, ჩემი საზაფხულო არდადეგების პერიოდში, საქართველოში ჩემი უფროსი ბიძაშვილი კასეტებზე უსმენდა ელა ფიცჯერალდს, რეი ჩარლზს, ლუი ამსტრონგსა და ბობ მარლის თავის „ნივაში". შესაბამისად, ძველი მუსიკის სიყვარული ბავშვობის ასაკიდანვე მქონდა. როდესაც 12-13 წლის ვიყავი, მახსოვს, რომ ემოციურად შემძრა ჯეიმს ბრაუნის „Try Me"-მ და ოტის რედინგის „Change Is Gonna Come"-მ. ცოტა ხნით ასე დავუბრუნდი Limewire-ის დროებაში.

და რა ხდება მომავალში? გეგმავ მშობლიურ  საქართველოში რაიმე საღამოს? მუსიკალური ტრენდები უკვე აქაც იპყრობს ყურადღებას, თბილისს ბევრი მელომანებისთვის ახალ ადგილსამყოფელად მიიჩნევს (შეიძლება ჰიპ-ჰოპისთვის არა, მაგრამ...)

დიახ, გეთანხმებით. მუსიკალური სცენა მართლაც ვითარდება და თბილისში ყოველთვის იყო საკმაოდ დიდი ჯაზ კომუნაც. მომავალში აუცილებლად ვაპირებ ბევრი საავტორო საღამოს მოწყობას საქართველოში.

 

marketer.ge

 

 

 

 

 

ფილტრაცია