ინტერვიუ >> Beauty Express – პირველი მოძრავი სილამაზის სალონი საქართველოში
Beauty Express – პირველი მოძრავი სილამაზის სალონი საქართველოში

მოუცლელი ქალბატონებისთვის, დედებისთვის, რომლებიც ბავშვს მარტო ვერ ტოვებენ, შშმ პირებისთვის, ან უბრალოდ მათთვის, ვინც სალონში მისვლას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს, Beauty Express მარტივ გამოსავალს სთავაზობს, - Beauty Express-ის გამოძახებით, ადგილზევე შეგიძლიათ რამდენიმე სახის მომსახურეობით ისარგებლოთ და რაც მთავარია, 24 საათის განმავლობაში. იდეა ბავშვობის ოთხ მეგობარს ეკუთვნის, რომელთაც განსხვავებული პროფესიების მიუხედავად, ერთი პრობლემა აერთიანებს და სწორედ მის გადასაჭრელად შექმნეს მოძრავი სალონი, რომელიც როგორც მათთვის, ასევე ბევრი სხვა ქალბატონისთვისაც დროის დაზოგვის კარგი საშუალებაა. სალონის შესახებ უფრო დეტალურად მისი დამფუძნებელის, თამარ ბობოხიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

 რას წამოადგენს Beauty Express და როგორ გაჩნდა მსგავსი ბიზნესის წამოწყების იდეა?

Beauty Express არის საქართველოში პირველი სილამაზის სალონი გამოძახებით. იდეა ერთ-ერთი შეკრების დროს დაგვებადა. ვისხედით და ვსაუბრობდით ჩვენს დაკავებულ რეჟიმსა და იმაზე, რომ თავის მოსავლელად სულ უფრო და უფრო ცოტა დრო გვრჩება. ვფიქრობთ, ეს პრობლემა თბილისში ბევრ ქალბატონს აწუხებს. სილამაზის სალონებში ლოდინისას და გზაში უამრავი დრო იკარგება. ასევე, ჩვენთან სალონები, როგორც წესი, საკმაოდ გვიან იხსნებიან და ადრე იხურებიან, რაც ძალიან მოუხერხებელია მათთვის, ვინც გვიანობამდე მუშაობს. ჩვენ კი, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და რამდენიმე მომსახურების ერთდროულად გაწევა შეგვიძლია.

 რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

Beauty Express მომხმარებელს სრულ სალონურ მომსახურებას სთავაზობს ადგილზე (სახლში, ოფისში, აგარაკზე, სასტუმროში, ა.შ.) მისვლით: თმის მოვლა, ვიზაჟი, მანიკური, პედიკური, დეპილაცია, მასაჟი და სხვა. დედებისათვის კი, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს, მათ ასევე, შეუძლიათ გამოიძახონ ჩვენი ძიძა, რომელიც პროცედურების დროს  ბავშვებს გაართობს.

როგორ მუშაობს Beauty Express?

მოძრავი სალონი მომხმარებლის სრულ კომფორტზე და ხარისხზე ორიენტირებულია. ჩვენ სპეციალური ბრენდირებული ჩემოდნები გვაქვს, რომელიც ძალიან მარტივად იშლება სამუშაო მაგიდად. ვიყენებთ ბაზარზე არსებულ საუკეთესო პროდუქციას და ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სტერილიზაციას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა მომსახურებაზე გამოვიყენოთ ერთჯერადი ინსტრუმენტები.

გამოძახებაზე მიდის ხელოსანი/ხელოსნები მენეჯერთან ერთად, რომელიც დამატებით კომფორტს უქმნის მომხმარებელს. შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორება. სხვა სალონებისაგან განსხვავებით, ჩვენთან ჩაწერა დარეკვის გარეშეც შესაძლებელია, ჩვენს ვებ გვერდზე არსებული ონლაინ ბუქინგის ფორმით.

ვისთვისაა განკუთვნილი და როგორ შეხვდა საზოგადოება ამ სიახლეს?

ჩვენი სერვისი სხვადასხვა კატეგორიის მანდილოსნებისთვისაა განკუთვნილი. მათთვის, ვინც სულ მუშაობს და სამსახურიდან გამოსულებს სალონები დაკეტილი ხვდებათ; ახალგაზრდა დედებისთვის, რომლებიც შვილებს ვერ ტოვებენ; ასაკოვანი ქალბატონებისთვის და შშმ პირთათვის, ვისაც გადაადგილება უჭირთ, ან უბრალოდ მეგობრებისთვის, ვისაც საღამოს ალტერნატიურად გატარება სურთ. Beauty Express-ს ასევე აქვს სპეციალური საქორწილო პაკეტები, პატარძლისთვის და მისი მეჯვარეებისთვის.

საზოგადოება ამ სიახლეს საკმაოდ პოზიტიურად შეხვდა, მაგრამ ეს სერვისი ჯერ მათთვის მაინც უცხოა. მოთხოვნა ნელ-ნელა იმატებს. მომსახურება პოპულარულია ტურისტებშიც.

 რა უარყოფითი მხარეები აქვს „მოძრავ" სალონს და რა სირთულეები შეგხვდათ?

ერთადერთი შეზღუდვა, რაც მოძრავ სალონს აქვს, არის გადაადგილების სისწრაფე პიკის საათებში. შესაბამისად, სასურველია წინასწარ ჩაწერა. ერთ-ერთი სირთულე, რასაც დასაწყისში წავაწყდით იყო ნამდვილი პროფესიონალების პოვნა და მათთვის ახალი სამუშაო პრინციპის შეთავაზება. მაგრამ ეს პრობლემა მალევე მოგვარდა, ბრენდის ცნობადობის ზრდასთან ერთად.

 ვინ არიან დამფუძნებლები და რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?

Beauty Express-ი ოთხმა ბავშვობის მეგობარმა (მარიამ ჯოჯუა - ინტერიერის დიზაინერი; თამარ ბობოხიძე - მწერალი; ნინო ცინცაძე - ანალიტიკოსი, ნუცა ვაშაკიძე - ტურიზმის მენეჯერი) დავაარსეთ. ჩვენ სამივეს სხვადასხვა პროფესია გვაქვს, მაგრამ არცერთი არ იკვეთება სილამაზის სფეროსთან. უბრალოდ, ჩვენ დავინახეთ ბაზარზე ამ სერვისის ნაკლებობა და ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ბევრ ქალბატონს გაუადვილებს ცხოვრებას.

რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

პირველი წლის მანძილზე ვგეგმავთ ჩემოდნებისა და მანქანების დამატებას, ხოლო შემდგომში ნამდვილი მოძრავი სალონიც გვინდა შევქმნათ, რაც დიდ სატვირთო მანქანაში სალონის მოწყობას გულისხმობს.

 

marketer.ge

 

 

 

 

ფილტრაცია