ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> „თელიანი ველის“ ჭაჭის რებრენდინგი – ბრენდინგ სტუდია kollektiv-ის ნამუშევარი
„თელიანი ველის“ ჭაჭის რებრენდინგი – ბრენდინგ სტუდია kollektiv-ის ნამუშევარი

კომპანია "კოლექტივი" დიზაინ/ბრენდინგ სტუდიაა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანების თანამშრომლობის შედეგად დაარსდა ერთი წლის წინ. Kollektiv-მა „თელიანი ველის" ჭაჭის რებრენდინგზე იმუშავა და ქართული ელემენტების გამოყენებით მინიმალისტური დიზაინი შექმნა. ჭაჭის ბრენდინგსა და „კოლექტივის" შექმნის შესახებ უფრო ვრცლად კომპანიის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის, ბუბა რადიანის ინტერვიუდან შეიტყობთ.

 რა იყო თქვენი მთავარი მიზანი „თელიანი ველის" ჭაჭის ბრენდინგზე მუშაობისას და თქვენი აზრით, რამდენად განხორციელდა ჩანაფიქრი?

ქართული ჭაჭის უნიკალურობისა და თავისებურებიდან  გამომდინარე, ამოცანად დავისახეთ აქცენტი გაგვეკეთებინა ქართული ხასიათის უფრო მკაფიოდ წარმოჩენაზე. დასახული მიზნის მისაღწევად გადავწყვიტეთ, ვიზუალური კვლევისთვის მეტი დრო დაგვეთმო. სწორედ ამიტომ, ყურადღება გავამახვილეთ ქართულ დამწერლობაზე/შრიფტზე, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ საუკეთესო გამოხატულებაზე.

ჩვენს მიერ შექმნილმა wordmark-ის/შრიფტის აგებულებამ საშუალება მოგვცა, ვიზუალური გამოსახულება მინიმალიზმის მიმართულებით წაგვეყვანა. შედეგად მივიღეთ პროდუქტი, რომელიც გაჯერებულია ქართული ელემენტებით და ამავდროულად, ინარჩუნებს სიმარტივესა და თანამედროვეობას.

 გვესაუბრეთ, რას წარმოადგენს თქვენი კომპანია და რას გულისხმობს სახელი , - kollektiv?

კომპანია "კოლექტივი" დაახლოებით ერთი წლის წინ დაარსდა, თუმცა კომპანიის დამფუძნებლებმა ერთად მუშაობა ბევრად უფრო ადრე დავიწყეთ. სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების გამო, პროექტებზე დისტანციურად მუშაობა გვიწევდა, ხოლო თბილისში დაბრუნების შემდეგ, ძალების კოლექტიური გაერთიანება და კომპანიის შექმნა გადავწყვიტეთ. ეს იყო ერთგვარი მცდელობა სხვადასხვა გამოცდილებისა და განათლების მქონე ინდივიდების თანამშრომლობისა, რომელიც, საბოლოოდ, კოლექტიურ ძალად გადაიქცა. კომპანიის სახელიც სწორედ ამ მცდელობის ლოგიკური გაგრძელება იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომელთათვისაც მუდმივი სიახლე მათი განვითარების მთავარი პრინციპია. აქედან გამომდინარე, ყველა პროექტს ბოლომდე ვითავისებთ და მაქსიმალურ ძალას ვდებთ მისი საბოლოო და სასურველი სახის ჩამოყალიბებისთვის.

 რა გამოცდილება გაქვთ და რომელ კომპანიებთან გიმუშავიათ?

ჩვენი დამკვეთების სიას განეკუთვნებიან: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკის სამინისტრო. ვთანამშრომლობდით სავაჭრო ცენტრ East Point-თან, აწარმოე საქართველოში, ჰიპერმარკეტ Domino-სთან, თბილისის დინამოსთან, ასევე ინტერნაციონალურ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Energizer, Shell, Land Securities, Muller, Beefeater, Kepak, Route2, Cool Express და ა.შ.

საერთო ჯამში, თითოეულ ჩვენგანს ლოკალურ და ინტრერნაციონალურ ბრენდებთან მუშაობის დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილება გვაქვს როგორც ვიზუალურ, ასევე სტრატეგიულ ბრენდინგში.

 

 

 

 

 

ფილტრაცია