ინტერვიუ >> კაფე ყველასთვის, ვისაც ცოდნის მიღება სურს
კაფე ყველასთვის, ვისაც ცოდნის მიღება სურს

წნორში ორი თვეა ახალი კაფე გაიხსნა. ,,ცოდნის კაფე" - ესაა ადგილი, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია სტუმრობა. კაფე სიამოვნებით მასპინძლობს ყველას, ვისაც განვითარება და სხვისი ცოდნის გაზიარება სურს. Myrest კაფეს კონცეფციით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.

 

როგორ გაჩნდა იდეა, რომ ეს საქმე დაგეწყოთ ?
ჩვენი გუნდის, „სამოქალაქო ინიციატივის" წევრები სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაბადებულები და გაზრდილები ვართ. აქ გარემო, ისევე როგორც ბევრ სხვა რეგიონში, ძალიან ერთფეროვანი, მოსაბეზრებელი და ნაცრისფერია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ჩვენი სოფლები განიცდიან არაფომალური, სკოლის მიღმა განვითარების ნაკლებობას. ცოდნის კაფეს იდეაც აქედან გაჩნდა, შეგვექნბა ალტერნატიული სიცრცე, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები და დიდგაზრდები თავს კომფორტულად იგრძნობდნენ და განვითარების შესაძლებლობა ექნებოდათ.



რა არის ,,ცოდნის კაფეს" კონცეფცია?
ცოდნის კაფე აერთიანებს 4 ძალიან ჭკვიან სივრცეს - 1. წიგნის მაღაზიას საქართველოში ყველაზე დაბალი ფასებით, მულტიმედია სამკითხველოს თანამედროვე წიგნებითა და კომპიუტერებით, არაფორმალური განათლების ცენტრსა და კაფეს. ჩვენი გუნდის მიზანია ცოდნის კაფეს სივრცე გამოიყენოს ყველა დაინტერესებულმა ახალგაზრდამ, თუ სხვა ასაკობრივი კატეგორიის ადგილობრივმა ცოდნის გასავრცელებლად.

როგორ შეარჩიეთ სახელი?
ჩვენ ძალიან გვიყვარს სხვადასხვა ადამინებისა და სფეროს ცოდნების გაზიარება. ამიტომ, სულ თავიდან ვიფიქრეთ, რომ ერქმეოდა „ცოდნების კაფე", ცოდნების როგორც განზოგადებული უნარების დაგემოვნების შესაძლებლობა. საბოლოოდ „ცოდნის კაფე" დავარქვით და მოულოდნელზე მეტად მოსწონთ კაფეს სტუმრებს სახელი, რადგან ალბათ ყველამ ჩვენებურად გადავიაზრეთ, რომ ცოდნის მიღება-გაზიარების შესაძლებლობა არააკადემიური სივრცის მიღმაც შესაძლებელია, თანაც ზოგჯერ უფრო ეფექტურად ვიდრე სკოლებში ან უნივერსიტეტებშია ეს შესაძლებელი.



რა სეგმენტზეა გათვლილი კაფე და როგორია საფასო პოლიტიკა?
კაფეს რომ ვხსნიდით ვიცოდით, რომ ძირითადად ახალგაზრდული სივრცე იქნებოდა. თუმცა, უკვე 2 თვეზე მეტია, რაც კაფე გავხსენით და ყველა ასაკის ადამიანი მოდის, ბავშვები თითქმის ყოველდღე და ზრდასრული ადამიანებიც, რადგან საინტერესო თემატიკის ტრეინიგები და შეხვედრები ტარდება ხოლმე ცოდნის კაფეში. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ცოდნის კაფე არის ყველასთვის, ვისაც განვითარება და გაზიარება უნდა.

სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
ჩვენი ოცნებაა ცოდნის კაფეს ჰქონდეს საკუთარი სახლი, საკუთარი ბიომეურნეობა და დასარჩენი სივრცე, ჰოსტელის ტიპის, სადაც კაფეში შორი გზიდან ჩამოსულ სტუმრებს ვუმასპინძლებთ.

 

ფილტრაცია