ინტერვიუ >> კულინარიული კრახი – ვანიკო თარხნიშვილი
კულინარიული კრახი – ვანიკო თარხნიშვილი

პირველი განყოფილება

თეატრში ჩვეული ქაოსია... სცენაზე რეპეტიცია მიმდინარეობს, დარბაზში მსახიობები ირევიან, რეჟისორი მითითებებს იძლევა. შესვენება! ჩაი, ყავა, ორცხობილა, ჭიქა ვისკი და ჰამლეტიდან კულინარიაზე მარტივად გადმოვერთეთ.

ქალებისთვის, ოჯახური საქმეებით დაკავებული მამაკაცები, რომ უფრო მიმზიდველები არიან, ამას სოციალური კვლევებიც ადასტურებენ. 21-ე საუკუნეში, შრომასა და ოჯახის რჩენაზე ფაქტიურად ორივე სქესის წარმომადგენელი თანაბრად ზრუნავს. მამაკაცები ქალებს ახლა უკვე საოჯახო საქმიანობით თუ გააკვირვებენ.

თეატრსა და კინოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გადატვირთული გრაფიკის დროს, საკუთარი თავის დანაყრებას შეჩვეულია, თუმცა არც სტუმრებისთვის ღირსეულად გამასპინძლება უჭირს. ალბათ, ცოტა იცნობს ვანიკოს იმ კუთხით, რომლითაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ. ყველაფერთან ერთად, ის ნიჭიერი კულინარიც არის. ბოლოს და ბოლოს, ეს სფეროც ხომ ხელოვნების ნაწილია!

ანტრაქტი

კულინარიული ექსპერიმენტები, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. მისი მომზადებული კერძები მეგობრებს მოსწონდათ და მიხვდა, რომ ეს საქმე გამოსდიოდა. ინგრედიენტი, რომელიც ყოველთვის სჭირდება ხახვია, კერძი კი რომელიც დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარს ‒ კატლეტი.

მეორე განყოფილება

მოყვარული კულინარი

„ძალიან კარგად მახსოვს ჩემ მიერ მომზადებული პირველი კერძი. ეს იყო წვნიანი, რომელიც ყველას მოეწონა. ვფიქრობ, რომ რაღაცის შექმნა უკვე ხელოვნებაა. არ არსებობს, ორ ადამიანს ერთნაირად გამოუვიდეს ერთი და იგივე რეცეპტით მომზადებული სადილი. ყველა თავის გემოს არგებს ამა თუ იმ საკვებს და სწორედ ესაა საინტერესო.

ჩემთვის კულინარია გამოყენებადი სფეროც არის, იმიტომ რომ ვგიჟდები, როგორც კეთებაზე, ასევე ‒ ჭამაზე. პრეტენზიული არ ვარ, შემიძლია, უბრალოდ პურზე წავისვა კარაქი და ძალიან გემრიელად მივირთვა.

ხშირად, ხასიათის მიხედვით ვწყვეტ, რა კერძი მოვამზადო. ყველაზე კარგად, ქართულ სამზარეულოში ვერკვევი, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის რეცეპტებიც შეიძლება მოხვდეს ჩემს მენიუში."

კრახისგან დაზღვეული

თუ მზარეულობა სიამოვნებას განიჭებს, თანმდევი სირთულეები და კრახიც გახალისებს. უპრეტენზიო გურმანს და ფრთხილ კულინარს ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული მიდგომა აქვს.

„თავს ყოველთვის ვიზღვევ კრახისგან. ეს თვისება ბებიაჩემსაც ჰქონდა. ჩემი მომზადებული კერძი პირველ ჯერზე არასდროს მომწონს და ყველას ვაფრთხილებ, რომ არ გამომივიდა. მერე იწყება კომპლიმენტები, აქებენ ჩემს ნაშრომს და ეს ყველაზე სასიამოვნოა. უმნიშვნელო კრახი ხშირად მქონია. მარილი მომსვლია ბევრი, ყავა გადმომსხმია და კერძიც კი დამწვია."

კულინარია სცენაზე და გდასაღებ მოედანზე

ამბობს, რომ სპექტაკლში კულინარიული სცენის თამაში ძალიან რთულია. ერთდროულად ‒ ჭამა და ხმამაღლა
საუბარი პრობლემატურია. ამიტომ, რეჟისორები მსგავს ეპიზოდებს მაქსიმალურად ერიდებიან ან ამარტივებენ.

„ერთ-ერთ სპექტაკლში მაქვს სცენა, სადაც შოკოლადებს ვიპარავ. რეკვიზიტორი ყუთში პეჩენიებს მილაგებდა, რომ გემრიელად შემეჭამა, მაგრამ იფშხვნებოდა, საუბარში ხელს მიშლიდა და უხერხული მომენტი იყო. ვთხოვე, შავი პურის ნაჭრებით ჩაენაცვლებინა და პრობლემაც მოიხსნა. მსგავს პატარა დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბოლოს ვითამაშე ფილმში „ტაქსი", სადაც ისეთი გადაღებები მქონდა, ყველა მსახიობი რომ ინატრებდა. როცა მშიოდა ‒ სადილის სცენის გადაღება ემთხვეოდა, როცა მეძინებოდა ‒ ძილის სცენის. ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი.

ერთი თვისება მაქვს, რაც არ უნდა დანაყრებული ვიყო, ფილმის ყურებისას თუ ჭამის კადრს მოვკარი თვალი, სასწრაფოდ ვდგები და იგივე ან მსგავს კერძს ვიმზადებ."

დასასრული

„ვფიქრობ, ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის გამოკვება.იმისთვის, რომ ადამიანმა კარგად მოამზადოს, უნდა იყოს გურმანი, რაც გემოებით ტკბობას ნიშნავს და არა უბრალოდ სურვილს ‒ შიმშილი დაიკმაყოფილო."


culinartmagazine


 

 

ფილტრაცია