ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> კალათბურთიდან ღვინის წარმოებაში - ვლადიმერ ბოისას ღვინო და ბრენდი უკვე ექსპორტზეა
კალათბურთიდან ღვინის წარმოებაში - ვლადიმერ ბოისას ღვინო და ბრენდი უკვე ექსპორტზეა

,,თითოეულ ბოთლში ჩემი შრომაა ჩადებული, ყურძნის კრეფიდან დაწყებული, ბოთლებში ჩამოსხმით და ეტიკეტირებით, ყველაფერი ისე მზადდება, როგორც 8000 წლის წინ, არანაირი თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტროობა" - ცნობილი კალათბურთელი ვლადიმერ ბოისა უახლოეს 2 თვეში ბაზარზე 2015 წლის მოსავალს გამოიტანს.

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მეღვინეობით დაინტერესება დღეს უკვე დიდ გეგმებშია გადაზრდილი.

ყველაფერი, 2014 წელს, სოფელ შალაურში მეგობრის (ოთარ ბრაგვაძის) უძველესი მარნის რეაბილიტაციით დაიწყო, სადაც დღესაც 1910 წლის ქვევრებში ხდება ღვინის დამზადება.

2 წლის შემდეგ  პროდუქცია ბრენდირებულია - Boisa Brandy and Wine და  ჭეშმარიტად ქართული ტრადიციებით და ხარისხით, ახალ მომხმარებლებს იზიდავს.

„ყოველთვის მინდოდა ჩემი ღვინო გამომეშვა მეგობრებისთვის, თუმცა ისე მომეწონა,  ეს საქმე, რომ დღეს ჩემი დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობ, ჩემი მეორე სამსახურია და თითოეული ბოთლის გამოშვებაში ვერ ჩართული. დღეს შეიძლება ღვინის გაყიდვაში ჩემი სახელი დამეხმაროს, ცნობილი კალათბურთელი ვიყავი, მაგრამ ხვალ სახელი არაფერი იქნება, თუ არ იქნება ხარისხი, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მივიღო ზუსტად ის გემო და ის ხარისხი, რაც მინდა, ამიტომ 1 -2 თვით ადრე გამოვა გაყიდვაში პროდუქცია, თუ გვიან გადამწყვეტი არ არის", - ამბობს ბოისა.

ის  ბრენდის (კონიაკი) შექმნის ისტორიასაც იხსენებს და სიამაყით აღნიშნავს, რომ ბრენდი Boisa V.S.O.P განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით, ხარისხით და ფერით გამოირჩევა.

„ძალიან ბევრი დავლიე, ვიდრე ის გემო და ფერი შევარჩიე, რაც მინდოდა. ის სასიამოვნოდ დასალევია, როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონებისთვისაც. ბრენდი ქართულ -სლოვენიური ნაწარმია, სწორედ სლოვენიიდან ჩამომაქვს საუკეთესო ხარისხის შუშის ბოთლები, საცობები. დიდი შეკვეთებია ახლა, საახალწლოდ, სლოვენიური კომპანიების მხრიდან. სულ ვამბობ, რომ როდესაც Boisa-ს ბრენდს ყიდით, ეს სლოვენიური ნაწარმის გაყიდვასაც ნიშნავს", - აღნიშნავს დღეს უკვე მეღვინე ვლადიმერ ბოისა.

მთავარი ინვესტიციები ბრენდირებაში ჩაიდო, სლოვენიელი დიზაინერების მიერ ისეთი ვიზუალისა და ეტიკეტებსი შექმნაში, რაც პროდუქციას განსაკუთრებულობას ანიჭებს, მთავარი სირთულე კი,  ლოგისტიკას, ნედლეულის იმპორტს და საქართველოდან ექსპორტს უკავშირდება, რადგანაც   „რთული და ძვირია, მცირე მოცულობებისთვის თურქეთზე ტრანზიტით იმპორტ/ექსპორტი".

სამომავლო გეგმები წარმოების გაზრდაა, თუმცა არა მასშტაბურად. 2015 წლის მოსავალით წარმოება 1500 ბოთლამდე იზრდება, მომავალ წელს კი, 4-5 ათასი ბოთლი ღვინის გამოშვება იგეგმება - „საფერავი", „რქაწითელი", ბრენდები V.S.O.P,  XO და ჭაჭა.

2020 წლისთვის Boisa -ს სავაჭრო ნიშნით მაქსიმუმ 10 000 ბოთლი გამოვა -  „ფიზიკურად ვერ შევძლებ, რომ ჩემი შრომა ამ მოცულობაზე მეტ ბოთლში ჩავდო", - ამბობს ბოისა ჩვენთან საუბარში და არც გაყიდვები აეჭვებს, მოთხოვნა უკვე მაღალია.

Boisa-ს საქართველოში „ღვინის გალერეაში", „ღვინომანიაში", „ალკორიუმში", რესტორან „ტიფლისსა" და კლუბ „ელ სენტროში" შეხვდებით. ასევე სლოვენიაში - კარგ რესტორნებში.

ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა ქსელებთან SPAR-სა და E. Leclerc- თან.

ბოისა უახლოეს გეგმებზეც აქტიურად საუბრობს, მომავალ წელს,   პროდუქცია რამდენიმე გამოფენაზე გამოჩნდება, ღვინის მარანში უცხოელ ტურისტებსაც უმასპინძლებს და ქართული ღვინის 8000 წლოვან ისტორიაზე მოუყვება.

 

gbc.ge

 

 

 

 

 

ფილტრაცია