ინტერვიუ >> იაპონური კანფეტები ZOCY – მე-11 კლასის მოსწავლეების მიერ წამოწყებული ბიზნესი
იაპონური კანფეტები ZOCY – მე-11 კლასის მოსწავლეების მიერ წამოწყებული ბიზნესი

"ზოსი" ონლაინ მაღაზიაა, რომელიც იაპონურ კანფეტებს, საღეჭ რეზინებსა და სხვადასხვა სახის ტკბილეულობას სთავაზობს მომხმარებელს. სტარტაპის დამფუძნებლები ქართულ-ამერიკული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, 16 წლის მარიამ ქანაშვილი და გიორგი მესხი არიან. ბიზნესის წამოწყების იდეა თვითმფრინავში მოუვიდათ, აქვე დაიწყეს განხორციელება, სახელი Duty Free-ში მოუფიქრეს, აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ კი, საქმის კეთებას შეუდგნენ. თავიანთი ბიზნესის შესახებ მარიამმა და გიორგიმ უფრო დეტალურად ისაუბრეს.

მოგვიყევით, რა არის ZOCY's Japanese Candies და რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

მარიამი:  „ზოსი" იაპონური კანფეტების ონლაინ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი კანფეტი, ხოლო კურიერი მას თბილისის მასშტაბით, სასურველ ადგილზე მიუტანს. პროდუქცია კანფეტებს, საღეჭი რეზინებსა და სხვა სახის საინტერესო,  ეგზოტიკურ და განსხვავებული გემოს იაპონურ ტკბილეულობას მოიცავს.

როგორ გაჩნდა მსგავსი ბიზნესის წამოწყების იდეა და როგორ შეარჩიეთ სახელი?

მარიამი: ბოლო 3 წლის მანძილზე ბევრ საერთაშორისო კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა მათემატიკის განხრით (ICYS,2015-Gold Medal; Intel ISEF 2016; IYIPO-Gold Medal და ა.შ), რამაც დიდი გამოცდილება მოგვცა და ამავდროულად, ახალი იდეებისკენ გვიბიძგა. "ინტელის" კონფერენციაზე მიმავალებს, მიუნხენის აეროპორტში დაგვებადა ამ ბიზნესის წამოწყების იდეა და პირველი ნაბიჯებიც სატრანზიტო განყოფილების კომპიუტერებზე გადაიდგა. რაც შეეხება სახელს, ეს სრულიად ექსპრომტად, Duty Free-ში ყოფნის დროს შეირჩა.

 რატომ გადაწყვიტეთ აქცენტის გაკეთება იაპონურ კანფეტებზე და ამდენად დიდია დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან?

გიორგი: კლასელები ვართ და ჯერ კიდევ მე-8 კლასიდან თავად ვიწერდით იაპონურ კანფეტებს უცხოური საიტებიდან, ვინაიდან საქართველოში მსგავსი პროდუქცია ფიზიკურად არაა. როდესაც წამოვიზარდეთ და მცირედი გამოცდილება შევიძინეთ, ამ ტიპის სტარტაპის წამოწყება ვცადეთ და ვფიქრობთ, წარმატებითაც შევძელით. მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია, რა თქმა უნდა, მცირე ბიზნესის ფარგლებისთვის.

 რა გამოგარჩევთ სხვა კონკურენტებისგან?

მარიამი: ვინაიდან ქართულ ბაზარზე იაპონური კანფეტების პროდუქცია უბრალოდ არ მოიპოვება, კონკურენტუნარიანობა საკმაოდ დაბალია. ამის გარდა, ვფიქრობთ ჩვენი იდეა საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა ქართველი ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან სრულიად უცხო, ახალი ტიპის პროდუქციას ვთავაზობთ.

როგორ განისაზღვრება ფასები და როგორ შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

მარიამი: ფასი თვით კანფეტის სახეობაზეა დამოკიდებული და საშუალოდ 2-დან 5ლარამდე მერყეობს. პროდუქციის შეძენა ონლაინ შეკვეთებითაა შესაძლებელი, Facebook გვერდის, ან ინსტაგრამის საშუალებით. დისტრიბუცია კი, მიტანის სერვისით ხორციელდება.

 რა სირთულეები ახლავს ამ ბიზნესის წამოწყებას და როგორ უთავსებთ საქმესა და სწავლას?

გიორგი: სირთულეები ბევრია, ვინაიდან მე-11 კლასში ვართ და აბიტურიენტებად ვითვლებით, საკმაოდ ძნელია სწავლისა და საქმიანობის შეთავსება. გარდა ამისა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საქმიანობაში მხოლოდ ჩვენ ვართ ჩაბმულნი, ხშირად რთულია პრობლემებისა და მიზნების  მოკლე დროში გადაჭრა/შესრულება. ამ ყველაფრის მიუხედავად, უძლიერეს მხარდაჭერას ვგრძნობთ მშობლებისგან, რომლებიც უფრო გამოცდილნი არიან ამ სფეროში.

 რა ეტაპზე ხართ ამჟამად და რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის სამომავლოდ?

მარიამი: კანფეტების პირველი პარტია ამოგვეწურა და ახალ, განახლებულ პარტიას ველოდებით. ვცდილობთ, ასევე, ჩვენი ბიზნესის გავრცელებას სოციალურ ქსელში, რათა ბევრი ადამიანი გაეცნოს მას.

გიორგი: გარდა იმისა, რომ მუდმივად ვხვეწთ ჩვენს მომსახურებასა და კონტენტს, სამომავლოდ ახალი განხრის წამოწყებასაც ვაპირებთ, subscription box-ებთან მიმართებით, რასაც მომხმარებელი ახლო მომავალში გაეცნობა.

marketer.ge


 

 

ფილტრაცია