ინტერვიუ >> სალომე გიგინეიშვილი - ქართული ემოჯების ავტორი Apple Store-ზე
სალომე გიგინეიშვილი - ქართული ემოჯების ავტორი Apple Store-ზე

Apple Store-ი სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობს, მასზე ქართული ემოჯების შეძენაა შესაძლებელი. ისინი ნებისმიერი ქართველისთვის ან ქართულ კულტურასთან დაახლოებული ადმიანისთვის მარტივად საცნობია, რადგან საქართველოსა და მისი კულტურის ძირითად სიმბოლოებს წარმოადგენს. 



გვითხარით ცოტა რამ თქვენს შესახებ.  რას საქმიანობთ? როგორც ვიცით, საქართველოში არ ცხოვრობთ.


დიახ, უკვე 21 წელია ბელგიაში ვცხოვრობ, მაგრამ თბილისში ვარ დაბადებული. 7 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოდან წამოვედით. აქ გავიზარდე და შესაბამისად, განათლებაც ბელგიაში მივიღე. ამჟამად, ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში ბუღალტრის ასისტენტად ვმუშაობ.

 

რამ გადაგაწყვეტინათ ქართული ტრადიციული ემონჯების შექმნა?

 


პირველ რიგში, ეს იდეა იქიდან წამოვიდა, რომ ამდენი წელია საქართველო დავტოვე. მიუხედავად იმისა, რომ აქ გავიზარდე, ჩემი მიწა-წყალი არასოდეს დამვიწყებია და საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ. სამშობლო მუდამ მენატრება და მინდოდა რამის გაკეთება, რაც საქართველოსთან დამაკავშირებდა. იდეა მოვიფიქრე თუ არა, შევუდექი მუშაობას და ბოლომდე მივიყვანე. საქართველოში დიზაინერებს და დეველოპერებს დავუკავშირდი, რომლებიც ამ პროცესში მეხმარებოდნენ.



როგორ მოახერხეთ კომპანია Apple-ის დაინტერესება? რა სირთულეები გაიარეთ?


Apple-ის ბაზა ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა გარკვეული ნიუანსების გათვალისწინება გვიწევს, მაგრამ ეს ვერ იქნება შეფერხების მიზეზი. როდესაც ნახატები და შემდეგ აპლიკაცია შეიქმნა, ყველაფერი Apple-ში გაიგზავნა და რამდენიმე დღეში Apple Store-ზე გამოქვეყნდა.

 

 

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ემოჯებს ქართული კულტურისა და ქვეყნის ცნობადობისათვის?


როგორ იცით, უამრავი ემოციის გამომხატველი ემოჯი არსებობს, მაგრამ ქართული ტრადიციული არ არის. მე ის სიმბოლოები გამოვიყენე, რაც საქართველოსთვის ყველაზე სახასიათოა და ყველა ქართველისთვის ადვილად საცნობია. მაგალითად: თამარ მეფე, შოთა რუსთაველი, წმინდა გიორგი, ქართლის დედა, ხინკალი, ტრადიციული სამოსი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ა.შ.


ემოჯების გამოყენება უკვე შესაძლებელია, უნდა ველოდოთ თუ არა განახლებას?


დიახ, ემოჯები Apple Store-ის ნებისმიერი მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. შესაძლოა ემოჯები განახლდეს, რათა Android-ის სისტემის მომხმარებლებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.

 

მსგავს ახალ პროექტს ხომ არ გეგმავთ?


დიახ, ამ პროექტის დასრულებამდე უკვე ახალი იდეა გამიჩნდა, რაც ვფიქრობ, ნებისმიერი ქართველისთვის უფრო ახლობელი და სიხარულის მომტანი იქნება.

 


ფილტრაცია