ინტერვიუ >> ქართული ბრენდი ArtDapha – საჭრელი დაფითა და მაქმანით შექმნილი ხელოვნება
ქართული ბრენდი ArtDapha – საჭრელი დაფითა და მაქმანით შექმნილი ხელოვნება

ArtDapha ყველასთვის ნაცნობი საჭრელი დაფითა და მაქმანის შერწყმით შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. ნამუშევრებს მესამე მთავარი კომპონენტიც აქვთ, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ნივთი აღმოჩნდეს და დაფისა და მაქმანის ტანდემი განსაკუთრებული გახადოს. ნამუშევრების ავტორი 57 წლის ქალბატონი, გიული გოგვაძეა. ბრენდის შექმნის იდეა სპონტანურად მოუვიდა და 4 თვის წინ ამ ნამუშევრების კეთება აქტიურად დაიყო. მისი შემოქმედების წყაროდ შეიძლება ყველაფერი იქცეს და უსარგებლო ძველებური ჭურჭლის ნატეხიც კი, ხელოვნების ნიმუშად აქციოს. გიულიმ თავის გატაცებასა და ნამუშევრების შექმის პროცესის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრა. 

მოგვიყევით, რას წარმოადგენს „არტ დაფა" და რამ განაპირობა ასეთი ნამუშევრების შექმნა?

ბრენდი ბოლო 4 თვეა რაც შევქმენი. ეს არის ორიგინალური საჭრელი დაფა, რომელსაც შეხვდებით ყველა ოჯახში. ამ იდეის განხორციელებაში მთავარი იყო მაქმანი. ყოველთვის განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა მაქმანთან მიმართებით, რადგან ჩემი ორივე ბებია ქარგავდა და დღემდე, ქალაქგარეთ, ჩვენს სახლში შემორჩენილია მოქარგული სუფრები, რომლებიც ლამაზადაა გადაფრებული ძველებურ ავეჯზე. შესაბამისად, მაქმანისადმი ასეთი დამოკიდებულება ალბათ ჩემი წინაპრების დამსახურებაა. საჭრელი დაფის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, ყოველთვის მომწონდა ძველი ევროპული და რუსული ფაიფურის დაფები.

წელს საზღვარგარეთ ვიყავი და იქ ვნახე მაქმანის ულამაზესი კოლექცია. როდესაც დავბრუნდი, სპონტანურად მივედი იმ აზრამდე, რომ მაქმანი უნდა გადამეტანა საჭრელ დაფაზე. ამ ორის ერთმანეთთან შერწყმით ისეთი კომპოზიცია უნდა შექმნილიყო, რომელიც ძალიან ელეგანტური და დახვეწილი გემოვნების  იქნებოდა. ასე სპონტანურად გაჩნდა ArtDaph-ის  იდეა.

როგორ იქმნება კომპოზიცია?

თითოეული ნამუშევარი 3 კომპონენტისგან შედგება: მაქმანი, საჭრელი დაფა და ის მესამე ძირითადი ელემენტი, რომელიც ჯამში „არტ დაფას" ქმნის. საჭრელ დაფას და ხშირად მაქმანებსაც, ვყიდულობ, ხოლო დანარჩენ მასალებს მჩუქნიან, ან ძველ ნივთებს ვიყენებ. მესამე კომპონენტი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ნივთი, რომელიც ყველგანაა, მაგრამ მე ვხედავ განსხვავებულად და ის ჯდება ჩემი არტ-დაფის კომპოზიციაში. იქნება ეს ბავშვობის დროინდელი ნივთები, ნაყიდი, ნაპოვნი თუ ნაჩუქარი, ნებისმიერი ნივთი შეიძლება გამოდგეს მესამე კომპონენტად, მაგრამ ის უნდა შეეფრებოდეს დეკორის სტილს და ჯდებოდეს დაფის კომპოზიციაში.

მაგალითად, სახლში მქონდა ერთი ძველი რუსული ფაიფური, რომელსაც დეფექტები ჰქონდა და არ ვხმარობდი: ჩაიდანს ყური ჰქონდა მოტეხილი, საშაქრეს, - სახელური. სწორედ ეს ფაიფური გამოვიყენე ჩემს ნამუშევრებში. დავაწებე საწერ დაფაზე და შემდეგ მაქმანით მოვკაზმე.

შეიძლება თუ არა ინდივიდუალური შეკვეთის გაკეთება და როგორი ფასებია?

ჩემს ვებ გვერდზე გამოყოფილია 9 კატეგორია და ერთ-ერთი არის Art Dapha Exclusive. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ პიროვნებას, ვისაც აქვს რაიმე იდეა, შეუძლია დამიკავშირდეს, მომაწოდოს ის ნივთი, რითაც სურს კომპოზიციის შექმნა და მე შეუქმნი მისთვის ექსკლუზიურ არტ-დაფას. დაფა არის სტანდარტული ზომის, 20/40. ფასებს რაც შეეხება, დაფების ღირებულება 50 ლარიდან იწყება.

 ვისთვისაა განკუთვნილი და რამდენად დიდია მოწონება მომხმარებლის მხრიდან?

3 დეკემბერს, რედისონში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა, სადაც საკუთარი ნამუშევრები მქონდა გამოფენილი და გულგრილად არავის ჩაუვლია ჩემი ექსპოზიციის წინ. ჩემი ნამუშევრები მოსწონს ყველა ასაკის ადამიანს, როგორც ახალგაზრდას, ასევე შუა ხნის ქალბატონებსაც, რადგან მაქმანი ძალიან დახვეწილს ხდის და აკეთილშობილებს საჭრელ დაფას. ის ნივთი, რომელიც შეიძლება სხვისთვის აბსოლუტურად შეუმჩნეველი იყოს, ამ კომპოზიციაზე ძალიან განსხვავებულად გამოიყურება.

ეს ინტერიერის დეკორი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაალამაზოს და უფრო განსხვავებული იერი შესძინოს თავის ინტერიერს. ამ დეკორს სიმყუდროვის ელემენტი შემოაქვს, რადგან არაა ჭრელი და მკაფიო ფერები, არამედ არის ძალიან დამჯდარი, ნაზი და ელეგანტური.

რა სირთულე გხვდებათ შემოქმედებით პროცესში?

4 თვის მანძლზე შექმნილი 115-ივე დაფიდან არც ერთი არ დამიშლია, როგორც დავიწყე, ისე დავამთავრე, მაგრამ ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო, რომ ახლა მივხვდი მხატვრების ბუნებას, რომლებმაც, შეიძლება დღეები გაატარონ ისე, რომ ფუნჯს ხელი არ მოჰკიდონ, რადგან მომენტს ვერ პოულობენ, ან არაა შესაფერისი მდგომარეობა, როდესაც შეიძლება რაღაც შექმნან. ჩემს სამუშაო მაგიდას რამდენიმე დღე შეიძლება ჩავუარო გვერდი და ვერაფერი გავაკეთო, მაგრამ ერთ ღამეში  5-6 ნივთი შევქმნა.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

"არტ დაფამ" პირველი გამოცდა 3 დეკემბერს, გამოფენის დროს ჩააბარა და ეს დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის, - გარდა იმისა, რომ მე მომწონდა, სხვასაც მოეწონა და ამიტომ გადავწყვიტე, უკვე პერსონალური გამოფენა მომეწყო. ჩემი ექსპოზიცია გამოიფინება 17 დეკემბერს საღამოს 7 საათიდან უზნაძის N50-ში, ხელოვნებისა და ენის შემსწავლელ აკადემიაში.

მინდა საზოგადოებას უფრო მეტად გავაცნო ჩემი ნამუშევრები. მე პირადად, ძალიან მომწონს და მსიამოვნებს მუშაობის პროცესი. მე პროფესიით ექიმი ვარ, დიდი ხანი ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და მას მერე რაც დავბრუნდი, ბევრ საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ სწორედ ახლა ვაკეთებ იმას, რაც ნამდვილად მსიამოვნებს. მე მჯერა, რომ მაქმანს ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე განსაკუთრებული როლი უნდა ეთამაშა და „არტ დაფის" შექმნით, ალბათ ამის რეალიზაცია მოხდა.

 

marketer.ge

 

 

 

 

 

ფილტრაცია