ინტერვიუ >> ქუჯი დავითულიანი: ელექტროაკუსტიკური მუსიკა იკვლევს ხმას ფილოსოფიური თვალსაზრისითაც
ქუჯი დავითულიანი: ელექტროაკუსტიკური მუსიკა იკვლევს ხმას ფილოსოფიური თვალსაზრისითაც

ელექტროაკუსტიკური მუსიკა ის განხრაა, რაც საქართველოსთვის მეტად ახალი და უცხოა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ გამონაკლისია. მუსიკის და ჟღერადობის ეს ფორმა წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან გახდა აქტუალური. საქართველოში კი, ბოლო წლებია, მის პოპულარიზაციას ბატონი რეზო კიკნაძე და მისი სტუდენტები ცდილობენ. ქუჯი დავითულიანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ მხრივ მოღვაწეობს და ცდილობს მუსიკის ეს ფორმა ქართულ საზოგადოებას გააცნოს.

მოკლედ გაგვეცანი, როდიდან დაიწყო ზოგადად მუსიკით დაინტერესება, ძირითადი გავლენები და ა.შ.

ელექტროაკუსტიკური მუსიკის ფილოსოფიიდან გამომდინარე, ალბათ უნდა გიპასუხო, რომ მუსიკასთან პირველი შეხება და მისით დაინტერესება, ჩემი ყურის აპარატის ამუშავების წამიდან  მქონდა და იმის მერე არ შეჩერებულა, თუმცა, ეს ნახევრად ხუმრობით.  ჩემი ბავშვობის პირველივე წლებიდან დავინტერესდი მუსიკით, ამას ხელი ალბათ ჩემი უფროსი ძმის კასეტებმა და პლაკატებმა შეუწყო ხელი, 90 იანებში, როდესაც არც თუ ისე ბევრი გასართობი სათამაშო იყო ჩემ გარშემო, აუდიოკასეტების ფერადი გარეკანი და კედელზე გაკრული მუსიკოსების სურათები მშვენიერი მისაზიდი წერტილი გახლდათ, ამ ჩანაწერების ძირითადი ნაწილი გრანჟის, ალტერნატიული მუსიკისა  და ჰარდ როკ ჯგუფების ალბომებს წარმოადგენდა. ჩემი პირველი საყვარელი ბენდები ამ სივრციდან, თუ ჩემი შინაგანი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. Smashing Pumpkins, Soundgarden, Nirvana, Gunsnroses - ეს კოლექტივები ჩემთვის დღემდე ემოციურ სივრცეს წარმოადგენენ თუმცა დღესდღეობით იშვიათად ვუსმენ. ჩემი დამოუკიდებელი პირადი კვლევები მუსიკაში მოგვიანებით 13-14 წლის ასაკში დავიწყე და „როკენროლ" სივრცის კარგად გაცნობასთან ერთად, გარკვეულწილად ელექტრონული ჟღერადობაც შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, თრიპ ჰოპი, IDM და  ემბიენთი ალბათ ჩემი პირველი დამოუკიდებელი მონაპოვარი გახლდათ ჩემს მელომანურ გონებაში. ყოველთვის მინდოდა მუსიკოსი გავმხდარიყავი. თინეიჯერობისას გარკვეულ მიზეზთა გამო ეს ვერ მოვახერხე, თუმცა, ელექტროაკუსტიკური მუსიკა სწორედ ის სივრცე აღმოჩნდა, რომელსაც მოგვიანებით სრულიად შევეზარდე.

 ის მუსიკა, რასაც შენ აკეთებ სრულიად არასტანდარტულია, არამხოლოდ პოპულარული მუსიკის ფარგლებში, არამედ მის გარეთ სფეროებშიც. შეგიძლია უფრო კარგად განგვიმარტო, რას მოიცავს ელექტროაკუსტიკური მუსიკის ფენომენი?

რთულია ამ ფენომენზე მოკლედ საუბარი, თუმცა, შევეცდები. ტერმინ ელექტროაკუსტიკური მუსიკის გარშემო ასევე კონკრეტული  და თეიფ მუსიკა უნდა გავერთიანოთ, გერმანული, ფრანგული და შტატების "სკოლის" აღსანიშნავად. ეს მიმდინარეობა არამხოლოდ ჟღერადობრივი მოვლენაა,  არამედ დიდწილად ერთგვარი ასკეტური ფილოსოფიური წარმონაქმნიც, პირველი ნაბიჯები ალბათ სტუდიო დესაიში გადაიდგა პიერ შეფერის (რა თქმა უნდა, ის მარტო არ იყო, მაგრამ ისტორიას მისი სახელი შემორჩა) მიერ 40 იან წლებში. თუმცა, ამ სივრცეს კავშირები უფრო ადრეულ კლასიკურ და ფუტურისტულ მუსიკასთანაც აქვს, რის შესახებ საუბარიც ძალიან შორს წაგვიყვანს. მთავარი ამოსავალი წერტილი არა ჟღერადობაში, არამედ ჩვენს გონებაშია, რომ აღვიქვათ ნებისმიერი ჟღერადობა მუსიკის საგნად, იქნება ეს ტრადიციული ინსტრუმენტის ხმიანობა, ძრავის გუგუნი, ადამიანთა საუბარი თუ ნებისმიერი სხვა რამ. როდესაც შეფერი რკინიგზის ეტიუდს წარმოადგენდა მსმენელისთვის, რომელი კომპოზიციაც ძირითადად მატარებლის მიერ გამოცემული ხმებითაა შექმნილი, ის მსმენელს აწვდიდა მუსიკას და არა რომელიმე საგნის მიერ გაჟღერებულ ხმას, ის იღწვოდა, რომ ადამიანს რაიმეს სმენისას საგნებზე ფიქრი შეეწყვიტა და მხოლოდ აკუსტიკურ მოვლენაზე გაემახვილებინა ყურადღება, მუსიკაზე, როგორც დამოუკიდებელ ორგანიზმზე და არა რომელიმე ნივთის საკუთრებაზე. (მატარებლის მიერ გამოცემული ხმა მატარებლის კუთვნილება არ არის). ასეთი გზით მუსიკის მოსმენა ერთგვარი მედიტაციური ვარჯიშის მსგავსია, როდესაც საჭიროა მხოლოდ ერთ წერტილზე კონცენტრირება და სხვა ყველაფრის დავიწყება. მე რომ მკითხო, ელექტროაკუსტიკური მუსიკა მეცნიერებაა ჟღერადობის შესახებ, რომელიც იკვლევს ხმას, როგორც მოვლენას არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ფილოსოფიური თვალსაზრისითაც.
50-იან წლებში, ამ ჟანრის მიმდევართა რიცხვი გაიზარდა, თუ პარიზში, დომინანტი ცოცხლად ჩაწერილი სემპლებით, კომპოზიციათა შექმნა იყო , კიოლნის სტუდიაში უფრო მეტად ელექტრონული სიგნალის გენერირება იყო „პოპულარული", თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე  სტუდია ერთ ან მეორე მეთოდს უარყოფდა.

 საქართველომ, როგორც ყველა სფეროში, მუსიკაშიც გამოტოვა დიდი დრო. რამდენი ხანია, რაც ელექტროაკუსტიკური თუ კონკრეტული მუსიკის სწავლება მინდინარეობს ჩვენს სასწავლებლებში?

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ელექტროაკუსტიკური მუსიკა სისტემურად აკადემიურ სივრცეში 2007-08 წელს გამოჩნდა ილიას უნივერსიტეტში, რეზო კიკნაძისა და მარინა ადამიას თაოსნობით. წლების შემდგომ კი კონსერვატორიაში. იმ დროს ეს მოვლენა სრულიად ახალი ხილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. ქართულ აკადემიურ მუსიკალურ სივრცეში კი ამ მოვლენას საერთოდ მუსიკადაც არ აღიარებდნენ (ბევრისთვის ეს მუსიკა დღესაც მხოლოდ ხმაურად აღიქმება ), თუმცა ამის გამო მათთან კინკლაობა, რა თქმა უნდა, არასერიოზულია, რადგან ეს მხოლოდ მათი ვიწრო აზროვნების პრობლემაა.  ელექტროაკუსტიკური მუსიკა, სხვა უამრავი განსხვავების გარდა, არსებულ მუსიკალურ ჟანრებთან , იმითაც გამორჩევა, რომ ის მალევე გახდა აკადემიური სივრცის ნაწილი, ადამიანები მიხვდნენ, რომ წლობით ჩატარებული მეცნიერულ-ლაბორატორიული კვლევები ამ დარგში აუცილებლად გაზიარებული უნდა ყოფილიყო საჯარო სივრცისთვის . შეიძლება ითქვას, რომ ამ ჟანრმა მუსიკალურ ბაზარზე წარმატებას ვერ მიაღწია (ან არ მიაღწია, რადგან არც არავინ ცდილობდა ბაზრის დაპყრობას და ორიენტაცია მთლიანად კვლევებზე ჰქონდათ მიმართული), მაგრამ მალევე გახდა საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი.

სად კეთდება ამ მუსიკის საღამოები? რამდენად აქტიულურია იგივე თემატიკა დღეს მსოფლიოში?

ამ მუსიკალური მიმართულების კონცერტები  ძირითადად აკადემიურ სივრცეებში ტარდება, თუმცა, იშვიათად უნივერსიტეტის კედლებსაც სცდება ხოლმე. დღესდღეობით, მუსიკალური გარემო იმდენადაა ერთმანეთში არეული, რომ რთულია ერთმანეთისგან განასხვავო ყველაფერი. რა მიჯნავს ერთმანეთისგან ამა თუ იმ ჟანრს: ჟღერადობა, სოციოკულტურული მოძრაობები, ფილოსოფიური მიდგომები, თუ პირადი არჩევანი. ძალიან დიდი თემაა და მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ერთი, რაც შეიძლება თამამად ითქვას, ეს მოვლენა აკადემიური სივრცის ნაწილი ნამდვილად გახდა.

დაინტერესების მხრივ, როგორც ვიცი, რეზო კიკნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბევრად დიდი აუდიტორია გაჩნდა ამ მხრივ. რამდენად ინტერესდებიან მსგავსი მუსიკით ახალფეხადგმული სტუდენტები, თუნდაც, თეორიული საფუძვლებით?

თავდაპირველად, როდესაც ილიას უნივერსიტეტში საგანი „შესავალი ელექტროაკუსტიკურ მუსიკაში" გამოჩნდა, ჩვენ (ვინც პირველად ავირჩიეთ ეს ლექცია) წარმოდგენა არ გვქონდა, თუ რა უნდა გვესწავლა, რეზო გერმანიაში ცხოვრობდა, სემესტრში რამდენიმეჯერ ჩამოდიოდა და ინტენსიურ ლექციებს გვიტარებდა. ნელნელა გავიაზრეთ, თუ რეალურად რას მოიცავდა ეს მუსიკალური სივრცე, შეიქმნა სტუდია სადაც სტუდენტები თავიანთი ნაწარმოებების შექმნას ვცდილობდით, ვიწერდით გარემოში არსებულ ხმებს და შემდგომ მის ტრანსფორმაციას ვახდენდით. რაც მთავარია ილიას უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის პოლიტიკა მუსიკალური განათლების არ მქონე ადამიანებს ითვალისწინებდა (და დღესაც ასეა) და მათ საშუალებას აძლევდა ნულიდან დაეწყოთ ყველაფერი. ასე რომ, ამ სტუდიაში თავი მოვიყარეთ ადამიანებმა ვისაც მუსიკა გვიყვარდა, თუმცა აკადემიური განათლება არ გვქონდა. არც კლასიკური მუსიკის ჩარჩოებით ვიყავით შებოჭილნი და არც ვინმეს კრიტიკა გვადარდებდა დიდად. დღეს აუდიტორია გაზრდილია. რეზოსთან ერთად უკვე  მეც ვასწავლი ელექტროაკუსტიკურ მუსიკას როგორც ილიაში, ასევე კონსერვატორიაში. აღსანიშნავია, რომ ამ მუსიკით დაინტერესება სხვა თანამედროვე ჟანრების მიმდევარ სტუდენტებშიც აქტუალურია. მართალია, უმეტესწილად ისინი სამომავლოდ ამ მუსიკის შექმნით დაკავებას არ აპირებენ, მაგრამ თავიანთ კომპოზიციებში ელექტროაკუსტიკური მუსიკის ელემენტებს აქტიურად ურევენ ხოლმე.

ის იდეები, რაც ელექტროაკუსტიკურ მუსიკას ახასიათებს, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. როგორ ფიქრობ, რადენად რელევანტურია ეს ყველაფერი დღევანდელობასთან? რამდენად დიდი ნაბიჯი გადაიდგა, თავად მუსიკალური ნაწარმოების შექმნის ტექნიკის თვალსაზრისით, შტოკჰაუზენიდან დღემდე?

ვფიქრობ, ამ მიმართულებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი, რადგან ელექტროაკუსტიკური მუსიკა ბაზრის მოთხოვნებისგან ნაკარნახევი პროდუქტი არ არის, რომელიც გაყიდვების შესუსტების შემდგომ სანაგვეზე მიდის და მის ადგილს სხვა იკავებს. უმეტესი მუსიკალური პროდუქტის დანიშნულება მსმენელისთვის სიამოვნების მინიჭებაა, ელექტროაკუსტიკური მუსიკის დანიშნულება კი  საგნების მიღმა ხედვა, ხმოვანების დეტალური კვლევა, ექსპერიმენტის როლის წინა პლანზე გადმოწევა და უბრალოდ უფრო დიდ ჟღერადობრივი აზროვნების არეალის შექმნაა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ამ მუსიკას შექმნის, ავტომატურად მეტი აქვს ნაფიქრი, ვიდრე, მაგალითად, საესტრადო პოპ მუსიკის შემსრულებლებს, უბრალოდ, ეს სივრცე უსაზღვრო მოქმედების საშუალებას გაძლევს, რომელიც უამრავმა კომპოზიტორმა საოცრად გამოიყენა, იქნება ეს შეფერი, შტოკჰაუზენი, ქსენაკისი, პარმაჯანი თუ სხვა. რაც შეეხება კომპოზიციის განვითარების ტექნიკას, საინტერესოა თავად სახელი „კონკრეტული მუსიკა" - Musique concrète, მისი წარმომავლობა პირდაპირ მიუთითებს კომპოზიციის შექმნის ტექნიკას, სახელი "კონკრეტული მუსიკა" აღნიშნავს, რომ აბსტრაქტული კომპოზიციური იდეები ჩნდება კონკრეტული აუდიო ჩანაწერისგან, ხმოვანი მოვლენისგან და არა პირიქით, როგორც აქამდე იყო გავრცელებული კლასიკური მუსიკიდან გამომდინარე, როდესაც აბსტრაქტული იდეიდან ჩნდება კონკრეტული მუსიკალური კომპოზიცია, სადაც ხმა იარაღია შენი იდეების ფიზიკურ ფორმად გადაქცევისთვის.  გარდა ამისა, ზოგადი მიზეზებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია ტექნიკური განვითარება, წლების გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება ხმოვანი სინთეზი, გარდა ამისა, დღეს უკვე მუსიკალური კომპიუტერული პროგრამები საკმაოდ დახვეწილი და მრავალფუნქციურია, რაც ფაქტობრივად, ყველას საშუალებას აძლევს შექმნას პროდუქტი. ერთის მხრივ, ეს ძალიან კარგია, მეორე მხრივ, იკარგება სამუშაო პროცესისას მიღებული ცოდნა და აზროვნების გაფართოების შანსი, 50-იან წლებში აუდიო ფირი, მაკრატელი და  წებო გახლდათ მთავარი იარაღი კონკრეტული მუსიკის შესაქმნელად, ამიტომ მთელი სამუშაოს ჩატარება, სასურველი შედეგის მისაღებად, კომპოზიტორს უწევდა და ეს ფიქრის გარდა, რეალურ ფიზიკურ გარჯასაც გულისხმობდა. კიდევ ერთი ფაქტორია პერფორმანსის როლი ნაწარმოების წარმოსაჩენად, ზოგადად, კონკრეტული მუსიკა იმითაც  იყო უცხო და გამორჩეული, რომ სცენაზე მხოლოდ და მხოლოდ სპიკერი იდგა და ავტორი, ფაქტობრივად, არ ერეოდა ნაწარმოების მიმდინარეობაში, სამუშაოს უმეტესი ნაწილი სტუდიური გახლდათ, დღესდღეობით, ასეთი მინიმალისტური გამოსვლები მსმენელისთვის საკმარისი არ არის. პერფორმანსის მეორე მაგალითად მუსიკის რეალურ დროში შექმნა შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც კომპოზიტორი სცენაზე ატარებს ექსპერიმენტს და შედეგი მყისიერად ჩვენ თვალწინ დგება, რა თქმა უნდა, მანამდე ამ ყველაფერს მოფიქრება და დაგეგმვა სჭირდება, რაც სინამდვილეში მთავარი ნაწილია წარმოდგენის. ელვინ ლუსიერის პერფორმანსები ამის ნათელი მაგალითია. ასევე მნიშვნელოვანია ინსტრუმენტების ინჟინერია, ეს კიდევ ერთი ხერხია მუსიკალური ჟღერადობის მრავალფეროვნებისთვის, როდესაც შენ გამიზნულად იზღუდავ თავს და კომპოზიციის წარმართვას ინსტრუმენტს ან, თუნდაც, პროგრამულ პეჩს ანდობ. ელექტროაკუსტიკურ მუსიკასა და მის როლზე მსოფლიო მუსიკის განვითარებაში  უსასრულოდ შეიძლება საუბარი, თუმცა, უმჯობესია, აქ დავასრულო.

 

marketer.ge

 

 

 

 

 

 

 

 

ფილტრაცია