ბლოგი >> "არც სიგუას ნამცხვრის გემო დამვიწყებია" - "ეზოში" 90 იანი წლების წვეულება გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)
"არც სიგუას ნამცხვრის გემო დამვიწყებია" - "ეზოში" 90 იანი წლების წვეულება გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)

მე და 90-იანები ერთად დავიბადეთ. ამრიგად, 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი უშუქობა,უგაზობა,უწყლობა, უპურობა და უყველაფრობა ჩემს თავზე გამოვცადე. არც  სიგუას ნამცხვრის გემო დამვიწყებია,  მხოლოდ  ფქვილისა და შაქრისგან რომ მზადდებოდა.  სანამ შეშის,კარტოფილისა და დაკონსერევებული საკვების მარაგით არ შეივსებოდა სახლი, მანამ მოსვენება არ ჰქონდა მამას, არც დედას. ბევრი რამე მახსოვს ...მაშინ ძნელად წარმომედგინა,მომავალში  90-იანების გასახსენებელ ფართიზე თუ  წავიდოდი  და უფრო ძნელად ის, ნოსტალგიას თუ მომგვრიდა მისი გახსენება.


ჩემს მსგავსად ბევრი 90-იანელი ესტუმრა ,, ეზოს’’, რომელმაც იმდროინდელი ეზოების  სურათები გააცოცხლა: ნავთი ბიდონებში,შეშის ფეჩი, გამომცხვარი კარტოფილი, კედლებზე დაკიდებული  სარკეები (რომელიც წვერის გასაპარსადაც გამოიყენებოდა და ახალი ზედატანის შესაფასებლადაც, რომელსაც როგორც წესი მხოლოდ ახალი სასწავლო წლის დაწყებისას გვყიდულობდნენ) , იაფფასიანი არაყი , ლამფები და 90-იანური მუსიკა...


ყველაზე სახალისო მაინც  დამსწრეთა ჩაცმულობა იყო : ტყავის კურტკები, გრძელი მუქი ფერის პლაშები, ყავისფერი დუბლიონკები, სპორტულები კლასიკურ ფეხსაცმელზე... არც შავი სათვალეები და კრიალოსნები დავიწყებიათ. გაგიკვირდებათ და  კალაშნიკოვიანი სტუმრებმა შიშის ნაცვლად მხოლოდ გაოცება და ღიმილი გამოიწვიეს.


მეგობრობის დღიურებმა ძველი მეგობრები გაგავხსენა. ,, დამახასიათე ’’,  ,,რას აფასებ ყველაზე მტად ადამიანში’’ ,  ,,უსემნთ თუ არა ბრიტნი სპირსს? ’’...


თანდათანობით ეზო შეივსო და 90-იანების ნოსტალგიიით შეპყრობილებს მეზობელი ეზოებიდან მოუწიათ მუსიკის მოსმენა. ,, ძალიან ცუდიც არ ყოფილა 90-იანები’’, ,, აუუ, ,,ფლეში’’,რამდენჯერ მიცეკვია ამ სიღერაზე’’ , ,, ფოტოებს ნუ იღებ, პირადპირ ეთერში ჩავერთოთ, ‘’ ,, აუუუ ბოლი ასდის ამ ფეჩს,ჩემს თმასაც ‘’ , ,,მოდი, ახლა დამახასიათე’’ ,  ,,ვიღაცას მხარი გავკარი შემთხვევით,საერთოდ არ დამიძაბა, უუუ მაგარიაააა’’ მესმოდა აქეთ-იქედან .


ეზოდან გამოსვლისას კიდევ ერთხელ დავაკვირდი სარკეს, რომელმაც ძველ ჰიტებზე  აცეკვებული თაობა აირეკლა,  ბედნიერი, ლაღი თაობა , რომელმაც ისევ შორეულ მოგონებებში შეჩურთა ომი, სიცივე და სიგუას ნამცხვარი.

 


თამთა ჯინჯოლავა

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია