ინტერვიუ >> მაღაზია-სახელოსნო Crafting Corner 23 – მეგობრების მიერ „სანატრელ სივრცედ“ ქცეული იდეა
მაღაზია-სახელოსნო Crafting Corner 23 – მეგობრების მიერ „სანატრელ სივრცედ“ ქცეული იდეა

Crafting Corner 23 მაღაზიას, სახელოსნოსა და კაფეს ერთ სივრცეში აერთიანებს. იდეა 3 მეგობარს, გიორგის, საბასა და მიხეილს ეკუთვნის. მათ სურდათ შეექმნათ ისეთი სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნებოდა როგორც თავიანთი, ასევე სხვა ხელოვანების ნამუშევრები, შესაძლებელი იქნებოდა ხელნაკეთი ნივთების შეძენა და მყუდრო გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარება. სოლოლაკში, ტაბიძისა და ასათიანის ქუჩების კუთხეში მდებარე ფართი მეგობრებმა საკუთარი ხელით გაარემონტეს და მაღაზია გახსნეს. Crafting Corner 23-ის შესახებ უფრო ვრცლად მაღაზიის  ერთ-ერთი დამფუძნებელი, საბა მეზვრიშვილი მოგიყვებათ 

 რა კონცეფციის მაღაზიაა Crafting Corner 23?

ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ მყუდრო გარემოს, სადაც შესაძლებელია უბრალოდ დასხდეთ, მიირთვათ სასმელი, მოუსმინოთ გემოვნებიან მუსიკას, შეხვდეთ მეგობრებს, გაატაროთ სასიამოვნო საღამო  და შეიძინოთ სასურველი ნივთი.

Crafting Corner 23-ის შექმნის იდეამ სამი მეგობარი გაგვაერთიანა: 26 წლის მხატვარი საბა მეზვრიშვილი, 26 წლის სტომატოლოგი მიხეილ ბერძენიშვილი და 27 წლის გიორგი კალანდაძე. ჩვენ გვინდოდა მოგვეწყო მყუდრო კუთხე, სადაც თავმოყრილი იქნებოდა როგორც ჩვენი საკუთარი, ასევე იმ ადამიანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, რომლებსაც ჩვენსავით სიამოვნებთ სხვადასხვა ნივთების კეთება და ამით გარკვეულ მატერიალურ სარგებელსაც ნახულობენ.

 რას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენთან შესაძლებელია როგორც აქსესუარების, ასევე სათამაშოების, სახლის დეკორაციების, განათებისა და ხელნაკეთი ავეჯის შეძენაც კი. პრობლემურ კითხვას, - „რა ვაჩუქო?", ჩვენთან ადვილად შეურჩევთ სათანადო პასუხს. თანაც, ჩვენთან გამოფენილ თითოეულ ნივთში განსაკუთრებული სითბო დევს, რადგან ადამიანები, რომლებიც მათ ქმნიან, ამ საქმეს დიდი სიყვარულით აკეთებენ. ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, "სანტა კლაუსის" საჩუქრების საამქრო ვართთქო.

როგორ გაჩნდა ამ ბიზნესის წამოწყების იდეა და როგორ შეარჩიეთ სახელი?

სამივეს ძალიან გვიყვარს თავისუფალ დროს "ჩხირკედელაობა" და ნაირ-ნაირი ნივთების კეთება. ეს გატაცება ნელ-ნელა უფრო მეტი გახდა ვიდრე ჰობი, თან ეს საქმიანობა საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა. ასე დაიბადა იმ "ზღაპრული" სივრცის შექმნის იდეა, რომელსაც მომხმარებელი დღეს Crafting Corner 23 -ის სახელით იცნობს. ჩვენი მაღაზია მდებარეობს სოლოლაკში ტაბიძის და ასათიანის ქუჩების კუთხეში. დაემთხვა ისე, რომ ორივე ქუჩის მხარე 23 ნომერია. ამიტომაც ავირჩიეთ Crafting Corner 23, ანუ კუთხის სახელოსნო 23. გახსნის თარიღიც (2016 წლის 23 ივლისი) სახელოსნოს დასახელებასა და მისამართს  დავამთხვიეთ.

როგორ დაიწყეთ საქმიანობა?

ჩვენი თავდაპირველი სურვილი იყო, მოგვეწყო ჩვენთვის სანატრელი სამუშაო სივრცე. მოგვიანებით ეს იდეა განვითარდა და დაიხვეწა, ანუ "სანატრელი სამუშაო სივრცე" შეცვალა "სანატრელმა სივრცემ", სადაც ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ადამიანის ხელნაკეთი ნამუშევარი გამოიფინება და გაიყიდება. ამასთანავე, მომხმარებელს შეეძლება ნივთების შერჩევასთან ერთად, დააგემოვნოს სხვადასხვა სასმელი ჩვენს ზღაპრულ გარემოში. იდეის განსახორციელებლად ავირჩიეთ ერთ-ერთი ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის კომერციული ფართი თბილისის ძველ უბანში, რომელიც საჭიროებდა საფუძვლიან რემონტს. მიუხედავად გამოცდილების ნაკლებობისა, საკუთარი ხელით გავარემონტეთ და საკმაოდ მყუდრო სივრცე შევქმენით.

რა გამოგარჩევთ სხვა მსგავსი კაფე-სალონებისგან?

მანამდე თბილისში მსგავსი სივრცე ფაქტიურად არ არსებობდა და მხოლოდ აქსესუარების რეალიზაცია ხდებოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთან შესაძლებელია მიირთვათ სხვადასხვა სახის სასმელები და გაატაროთ სასიამოვნო საღამო მეგობრებთან ერთად. ასევე, პერიოდულად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და პერიოდულად ეწყობა ლექციის ტიპის შემეცნებითი საღამოები.

ოგორ შეიძლება თქვენთან ნივთების შეკვეთა?

ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ Facebook-ის გვერდზე იხილონ ჩვენთან განთავსებული ნივთები, ან წინასწარ შეუკვეთონ სასურველი ნივთი და დამზადების შემდგომ შეიძინონ მაღაზიაში. მომხმარებლისთვის საკმაოდ რთული იყო ეპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც მისთვის სასურველ ნივთს დაუმზადებდა, რადგანაც ნივთი შესაძლოა შედგებოდეს ბევრი სხვადასხვა დეტალისგან და საჭიროებდეს რამდენიმე ადამიანის ერთობლივ მუშაობას. ჩვენ ადვილად შეგვიძლია ჩვენს დიზაინერებთან ერთად გადავანაწილოთ ნივთის სხვადასხვა დეტალი ისე, რომ საბოლოოდ ერთობლივი ნამუშევარი მივიღოთ.

რა სამომავლო მიზნები/მოლოდინები გაქვთ?

რაც შეეხება ჩვენს უახლოეს სამომავლო გეგმებს,  ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი იქნება ბულბული მარკეტზე, რომელიც იმართება 24 დეკემბერს კულტურის ცენტრ „მუზაში". ასევე, 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მონაწილეობას მივიღებთ მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში დედაენის ბაღში. სამომავლოდ პროდუქციისა და  მოთხოვნის მატებასთან ერთად, იგეგმება სივრცის გაფართოება, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე ჩვენს მაღაზიას აქვს. ასევე ვაპირებთ ჩავერთოთ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში.


marketer




 

 

ფილტრაცია