ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> "ბადაგონი" ჩინეთის ბაზარზე 5 მილიონ ბოთლ ღვინოს გაყიდის
"ბადაგონი" ჩინეთის ბაზარზე 5 მილიონ ბოთლ ღვინოს გაყიდის

ჩინეთის ბაზარზე ღვინის კომპანია "ბადაგონის" 5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განხორციელდება, - შესაბამისი მემორანდუმი კომპანიასა და ჩინურ კორპორაცია Wenzhou Bydoway Import & Export Co-ს შორის სოფელ ხოდაშენში, "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში გაფორმდა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო. 

მთავრობის მეთაურმა "ბადაგონს" 10 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მთავარი, რაც კომპანიას ევროპაში, ერთ-ერთ საუკეთესო დანადგარებსა და ტექნიკურ დონესთან ერთად, გამოარჩევს, არის ის, რომ "ბადაგონში" ყველაზე კარგად არის შერწყმული ქართული მეღვინეობის, ქართული ღვინის წარმოების საუკეთესო ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. 

"სწორედ ამ სინერგიის ხარჯზეა შესაძლებელი ქართული ღვინის წარმატება და იმ ნიშაში დამკვიდრება, რომელიც ჩვენს ღვინოს ნამდვილად სამართლიანად ეკუთვნის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმ ნიშა. ქართული ღვინო არ არის მხოლოდ ფართო მოხმარების საგანი და ის აუცილებლად უნდა იყოს პრემიუმ ნიშაში, იქიდან გამომდინარეც, რომ საქართველო არის მეღვინეობის აკვანი, ასეა ცნობილი და ესეც ნამდვილად სამართლიანია. ქართული ქვევრი გახლავთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და ეს აღიარებულია "იუნესკოს" მიერ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის თავიდან დამკვიდრების საშვილიშვილო საქმეში ისტორიული როლის შესრულებისთვის მეუფე დავით ალავერდელსa და კომპანია "ბადაგონის" წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 32 ქვეყანაში ხორციელდება. პრემიერის თქმით, მთლიანობაში, ქართული ღვინის ექსპორტი გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 

გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია "ბადაგონს" ჩინურ კომპანიასთან 5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტის შესახებ მემორანდუმის გაფორმება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი უახლოეს მომავალში განახლებას მოითხოვს და მასში ახალი რიცხვები ჩაიწერება. 
 

"ეს არ არის დასასრული ქართული ღვინის ექსპორტისა ჩინეთში, რომელიც ამოუწურავი შესაძლებლობების ბაზარია. ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დავასრულეთ და იმედი გვაქვს, მას ხელი მალე მოეწერება. ჩვენ მიღებული გვაქვს ჩინეთის კომერციის მინისტრის, გაო ჰუჩენგის თანხმობა, რომ შეთანხმება, ღვინის ნაწილში, ხელმოწერისთანავე ამოქმედდება. ვფიქრობთ, ეს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას ჩინურ ბაზარზე რამდენჯერმე აამაღლებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის ტენდენციები ჩინეთთან, რომლებშიც ვიმყოფებით. წელს დაგეგმილი გვქონდა 3-3,5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტმა 4 მილიონ 800 ათას ბოთლს გადააჭარბა, ანუ, წლის ბოლოსთვის, ექსპორტი 5 მილიონზე მეტი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ "ბადაგონსა" და ჩინურ კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის გათვალისწინებით, მომავალ წელს, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო პოზიტიურ დინამიკას უნდა ველოდოთ. 

პრემიერ-მინისტრმა დღესვე "ბადაგონის" ღვინის ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო დააგემოვნა.

 


AllWine.Ge

 

 

ფილტრაცია