ინტერვიუ >> Sazamtro.ge - ყიდვა-გაყიდვის საიტი, რომელსაც სოციალური ქსელის ფუნქციაც აქვს
Sazamtro.ge - ყიდვა-გაყიდვის საიტი, რომელსაც სოციალური ქსელის ფუნქციაც აქვს

ქართულ ონლაინ-სივრცეში ახალი ვებ-გვერდი sazamtro.ge გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ონლაინ პლატფორმაზე ყიდვა-გაყიდვასთან ერთად, შესაძლებელია ნივთების ჩუქება, გაცვლა და რაც მთავარია ამხანაგობის ჩამოყალიბება. რას გულისხმობს საიტის კონცეფცია და საიდან გაუჩნდათ მის დამფუძნებლებს მსგავსი ონლაინ პლატფორმის შექმნის იდეა?

- როგორია საიტის იდეა და რითი განსხვავდება ის სხვა განცხადებების ვებ-გვერდებისგან? 

- ეს არის ქართულ ინტერნეტ-სივრცეში პირველი საიტი, სადაც გაცვლა, გაჩუქება და ამხანაგობა ერთ ფუნქციაშია გაერთიანებული. ძირითადად საინტერესოა ეს სამი პუნქტი, ამასთან, საიტზე შესაძლებელია ყიდვა-გაყიდვა. ეს არ არის ონლაინ მაღაზია, უბრალოდ, ეს არის უფასო განცხადებების საიტი. 

ვებ-გვერდი განსაკუთრებულია ერთი ძირითადი მიზეზის გამოც, ვგულისხმობ რუბრიკა "ამხანაგობას", რომელიც საიერთო ინტერესების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ, ყოველ დილით ირბინოთ და ამისთვის კომპანიონები გჭირდებათ, შეგიძლიათ თქვენი სურვილი განათავსოთ საიტზე და დაინტერესებული პირები გამოგეხმაურებიან. აქტივობა შეიძლება იყოს ნებისმიერი - დაწყებული ხეების დარგვიდან, დასრულებული ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვამდე. ეს საშუალებას მოგცემთ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები შემოიკრიბოთ და უბრალოდ, ახალი მეგობრები გაიჩინოთ. 

- როდის შეიქმნა საიტი? 

- საიტზე მუშაობა აპრილიდან მიმდინარეობს, თუმცა, ინტერნეტ სივრცეში ოფიციალურად 8 დეკემბერს ჩაეშვა. უკვე გვაქვს 3 ათასამდე განცხადება, ვებ-გვერდს კი 27 ათასამდე ნახვა აქვს.

საიტი ნაწილობრივ ქართული, ნაწილობრივ პოლონურია. 50%-ის მფლობელი პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც უკვე ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს. 

- იდეა საიდან წამოვიდა, რომ შეგექმნათ ახალი ტიპის პლატფორმა, რომელიც ერთმანეთში ამ მომსახურებებს გააერთიანებდა? 

- ახალი ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად რთულია და ეს არც გვიცდია. როგორც იცით, საქართველოში არსებობს საიტები, სადაც შესაძლებელია ყიდვა-გაყიდვა და გაცვლა. თუ გაჩუქება სურს ადამიანს, ამისთვისაც უამრავი საშუალება არსებობს - დღეს ბაზარზე ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. მაგრამ ჩვენი იდეა იყო, რომ გაგვეერთიანებინა ეს ყველაფერი ერთ საიტზე. 

ამასთან, ვცდილობთ საიტს ლამაზი ვიზუალი ჰქონდეს და ქაოსურად არ იყოს განთავსებული სხვადასხვა ტიპის განცხადებები. 

- საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ საიტისთვის დაგერქმიათ sazamtro.ge? 

- სახელწოდება განსაკუთრებულს არაფერს უკავშირდება. მარტივად გეტყვით - უბრალოდ, ძალიან გვიყვარს საზამთრო. ამასთან, გვინდოდა, ისეთი სახელი შეგვერჩია, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელი იქნებოდა. 

- საინტერესოა, რა ოდენობის ინვესტიცია განახორციელეთ ამ ეტაპისთვის და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? 

- საიტი მრავალფუნქციურია და მისი შექმნისთვის საკმაო თანხა დაიხარჯა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი კომპანია იმის მიხედვით გაიზრდება, როგორი დაინტერესებაც იქნება მომხმარებლების მხრიდან. მოკლედ, დრო გვიჩვენებს როგორ განვვითარდეთ.  


businesscontract.ge

 

 

 

ფილტრაცია