ინტერვიუ >> მარის ბაღი ადგილი, რომელიც პატარა თბილისს აერთიანებს
მარის ბაღი ადგილი, რომელიც პატარა თბილისს აერთიანებს

 თბილისის იმ განსაკუთრებული ადგილის შესახებ მოგითხრობთ, რომელსაც მარი დიდიძე ქმნის. ამ ადგილს „მარის ბაღს" ეძახიან. საუბარია საბავშვო ბაღზე, რომელიც ბაგებში, საოცრად მშვიდ და ლამაზ ადგილას მდებარეობს.

ერთი შეხედვით, თბილისში უამრავი საბავშვო ბაღია, რომლებიც სხვადასხვა სტანდარტით ხელმძღვანელობენ და მშობლების ძირითად მოთხოვნებს პასუხობენ -კარგი სკოლამდელი განათლება, ყურადღებიანი აღმზრდელები, ჰიგიენის და კვებითი ნორმების დაცვა. მაგრამ როგორია არჩევანი მაშინ, თუ მშობლები მეტს ითხოვენ საბავშვო ბაღისგან? მაგალითად, სიმშვიდეს, წესრიგს და ამავდროულად თავისუფლებასაც?

ბაღის ისტორია 25 წლის წინ დაიწყო. რა თქმა უნდა, მაშინ არც „მარის ბაღს" ეძახდნენ და მას არც მარი ედგა სათავეში. საბავშვო ბაღი მარის დედამ დააარსა მეგობართან ერთად. დღეს კი ამ ბაღში 25 წლის წინ გაზრდილი თაობის შვილები დადიან. 'მარის ბაღს" ისიც გამოარჩევს, რომ აქ საოცრად თბილი და ნაცნობი გარემოა. გარემო, სადაც მეგობრების შვილები პატარა ასაკიდან ერთმანეთის მეგობრები ხდებიან და მეგობრებადვე იზრდებიან.

- თბილისში დღეს ბევრი კერძო ბაღია; რით განსხვავდება თქვენი ბაღი სხვებისგან?

- ჩვენი ბაღის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ბავშვებთან მიდგომაშია, ჩვენი მეთოდიკის ამომავალი წერტილი ის არის, რომ ბავშვი თავისუფლებასა და დამოუკიდებელობას მიეჩვიოს, საკუთარ თავში რწმენა ისწავლოს, თავდაჯერებული გახდეს და განვითარდეს თავისი ასაკის შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია სხვადასხვა დასავლურ სტანდარტში.

- გარდა მეთოდიკისა, რა გამოარჩევს თქვენს ბაღს სხვა სკოლამდელი აღმზრდელობითი დაწესებულებებისგან?

- ბაღს ბევრი განმასხვავებელი ნიშანი აქვს, მათ შორის ის, რომ ჩვენ მეთოდი ბავშვებს და ქართულ რეალობას მოვარგეთ; ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია კვალიფიციური პერსონალი. პედაგოგის სამსახურში აყვანამდე ის რამდენიმე დღეს ბავშვებთან ატარებს. საჭიროა იგი თავად ბავშვებს მოეწონოთ, მათთვის საინტერესო და, რაც მთავარია, ავტორიტეტი იყოს. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ გარემოს როგორც ეკოლოგიური, ასევე მენტალური კუთხით. ბაღი მდებარეობს მშვიდ და მწვანე გარემოში, აქვს უზარმაზარი ეზო, იყენებს აღზრდის და განათლების სახვადასხვა საერთაშორისო მეთოდს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ბავშვების კვებას ვაქცევთ. გვყავს არაჩვეულებრივი დიასახლისი ციცი, რომელიც საოცრად გემრიელ და ჯანსაღ საკვებს ამზადებს, ბაღში სამჯერადი კვებაა. არსებობს კონკრეტული სტანდარტი საკვებ პროდუქტებთან და მენიუსთან (ინგრედიენტებთან) დაკავშირებით და ჩვენც ზედმიწევნით ვიცავთ ამ სტანდარტს (მხოლოდ იმ კომპანიებისგან ვღებულობთ პროდუქციას, რომლებსაც კერძო ბაღების მომარაგების უფლება აქვთ).

- რამდენი ბავშვია ბაღში და რამდენი ძიძა-პედაგოგი ემსახურება მათ?

- ბაღს სპეციალისტების საკმაოდ დიდი გუნდი ჰყავს. ბაღში მომსვლელებს ადმინისტრატორი ქრისტი ხვდება, ის იცნობს ყველა მშობელს, ყველა ბავშვის ძიძას თუ ოჯახის მომსახურე სხვა პერსონალს, იცის თითოეული ბავშვის ხასიათი და მათი ნივთები, იქნება ეს სათამაშო თუ ტანისამოსი.ბაღში ბავშვები ასაკის მიხედვით ორ ჯგუფად არიან გადანაწილებულნი. მათ ორი ძიძა და სხვადასხვა პედაგოგი ჰყავთ.ასევე გვყავს მუსიკის მასწავლებელი და ორი არაჩვეულებრივი დიასახლისი - ციცი და დოდო. აქ ყველა ერთმანეთის ახლობელია, ან დროსთან ერთად მეგობრები ხდებიან. ხშირად ერთი ოჯახიდან ორი, ან სამი ბავშვი დადის ჩვენთან, ისეც ხდება, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ერთ ჯგუფში ყოფნა სურთ. ასეთ შემთხვევებში ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, მთვარია ბავშვის კომფორტი.

- რა როლი აქვს სკოლამდელი აღზრდის კუთხით თქვენს ბაღს, რამდენად მომზადებულები მიდიან შემდგომ ბავშვები სკოლაში?

- ეს ასაკი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვის სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენთან ბავშვები ქართულად, რუსულად და ინგლისურად სწავლობენ, კითხვასაც ამ ენებზე იწყებენ. ასევე აქვთ მუსიკის და ხატვის გაკვეთილები. როლური თამაშებით იღებენ სხვადასხვა ინფორმაციას, სწავლობენ ისტორიას და გეოგრაფიას. მთავარი მეთოდია სწავლა თამაშით.

 

citymagazine.ge

 

 

 

ფილტრაცია