ბლოგი >> რაში ვიხდით ფულს? სტილში, თუ ბრენდში? - თამთა ჯინჯოლავას ბლოგი
რაში ვიხდით ფულს? სტილში, თუ ბრენდში? - თამთა ჯინჯოლავას ბლოგი

თომას ბარბერი თავისი პირველი მაღაზიის გახსნისას (1856 წელს) ალბათ ჩემზე არ ფიქრობდა. ქსოვილებზე, ყიდვა-გაყიდვა-გადაყიდვაზე იფიქრებდა და მივავიწყდებოდი. ვერც იმას წარმოიდგენდა საუკუნის შემდეგ ყოველი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მისი ბრენდის სამოსს რომ ავირჩევდი, ვერც იმას ბარბერის ცხენების თქარათქური რომ ამიხმაურებდა გარდერობს და რაც უფრო ხმაურიანი იქნებოდა მათი ფლოქვების ხმა, მით უფრო ბედნიერი ვიქნებოდი მე.


თავი რომ არ შეგაწყინოთ, მარტივად გეტყვით, ბარბერი ჩემი სიყვარულია, თან მარადიული სიყვარული! მიყვარს და მაბედნიერებს  ყველაფერი ბარბერული .


რა ადვილია საერთო ენის გამონახვა ბარბერით შემოსილ ადამიანებთან. კუბოკრული ქსოვილის სიყვარულს თავისთავად მოაქვს უამრავი საერთო თემა და ამბავი. ამბები კი ბევრია.


ჩემს მსგავსად ბევრს ხიბლავს ესა თუ ის ბრენდი.  მთავარი საკვლევი კითხვაც აქ იჩენს თავს : ვიხდით სტილში თუ ბრენდში?


რაში ვიხდით ფულს? ბევრ ფულს? ტანსაცმელში თუ თავდაჯერებაში, რასაც ბრენდირებული სამოსი გვაძლევს ?


მარკეტოლოგები და რეკლამის სპეციალისტები ერთმანეთზე უფრო ჭრელ გზებს ნახულობენ ჩვენს საფულეებამდე. დიდხანს ფიქრობენ ლოგოზე, ფერებზე, სარეკლამო ტიპაჟებზე.იკვლევენ რა აგვიჩუყებს გულს, გვადენს ცრემლებს, რა გაგვაჯიუტებს, რა აღგვაგზნებს, რა განგვაწყობს ფულის დასახარჯად. სტრატეგიებიც ჭრელი აქვთ. ზოგი ბრენდი ცდილობს თავი არარაობად გვაგვრძნობინოს მათ გარეშე (ჩვენს გარეშე ვერ დანაყრდებით, ვერ უშველით დალაქავებულ კაბას, ვერ მოაწონებთ თავს სასურველ ქალბატონს, ვერ ატარებთ ავტომანქანას სწრაფად), ზოგი ბრენდი კი , პირიქით, გვემეგობრება და თავს ჩვენი ცხოვრების სასიამოვნო დამატებად მიიჩნევს (ჩვენთან ერთად უფრო კარგები, ლამაზები, წარმატებულები, სმარტები ხართ, უკეთესი სურნელითა და კაბით).  


ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ვიცით რომ ყველა ბრენდს აქვს ერთი-ორი მზაკვრული სატყუარა, მაგრამ მაინც ვებმებით მათ მახეში და ვხარჯავთ ბევრს,ბევრს,(თუ ჩემისთანა  სულელი ხართ, მთელი ხელფასი შეიძლება მაღაზიაში დატოვოთ) და აქ უკვე მეორე საკვლევი კითხვა ჩნდება : ჩვენ ვმხარობთ და ვცვეთთ საყვარელი ბრენდის სამოსს  თუ პირიქითაა საქმე?


დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად დროს გიტოვებთ, მე კი ბარბერის ახალ კაბას მოვირგებ, მგონი ზომაში ავცდი.


 

თამთა ჯინჯოლავა 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია