საინტერესო >> სასმელი და რესტორნები – როგორია ქართველი ბიზნესმენების არჩევანი?
სასმელი და რესტორნები – როგორია ქართველი ბიზნესმენების არჩევანი?

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „კომერსანტთან" ბიზნესმენებმა სხვადასხვა წინასაახალწლო და არასაქმიან თემებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამჟამად გადავწყვიტეთ გაგვეგო, თუ რომელ რესტორანს და სასმელს ანიჭებენ ისინი უპირატესობას.

აღმოჩნდა, რომ რესტორნებიდან ბიზნესმენები „წისქვილს" და Vinotel-ს ირჩევენ. ხოლო სასმელებიდან, როგორც ქართულ ღვინოს, ისე შოტლანდიურ და ირლანდიურ ვისკის ანიჭებენ უპირატესობას.

როგორც "კომერსანტთან" საუბრისას „ჯი პი სის" გენერალურმა დირექტორმა დავით კილაძემ განაცხადა, იგი სხვადასხვა რესტორანს ანიჭებს უპირატესობას. აღმოჩნდა, რომ ბიზნესმენს სასმელებიდან მოსწონს როგორც ღვინო, ისე ვისკი.

„რესტორნებიდან უპირატესობას „ქეთო და კოტე"-ს ვანიჭებ, რადგან შედარებით ახალია და მათი სერვისით ძალიან კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი რესტორანი Kitchen აქვს Rooms Hotel-ის სასტუმროს. ასევე მომწონს Vinotel-ი, სადაც ჩემი უცხოელი სტუმრები ძალიან ხშირად დამყავს. ამ ორ რესტორანს ბოლო პერიოდში თავადაც ხშირად ვსტუმრობ. ტრადიციული რესტორნებიდან მომწონს „პურის სახლი" და „მეტეხის ჩრდილი".

რაც შეეხება ღვინოებს ძალიან მომწონს „ლაგვინარი" და მის როგორც თეთრ ასევე წითელ ფერს სიამოვნებით მივირთმევ. ავირჩევ Chateau Mukhrani -ს ვარდისფერ ღვინო „თავკვერს" და Winery Khareba-ს წითელს საფერავს. ვისკებიდან ირლანდიურს მივანიჭებ უპირასებას, რადგან შოტლანდიური ჩემთვის მძიმეა. მიყვარს Glenmorangie, Bushmils." - განაცხადა კილაძემ.

„გალფის" ვიცე პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ მისი საყვარელი სასმელი თეთრი მშრალი ღვინოა.

„რესტორნებიდან უპირატესობას Otium-ს ვანიჭებ, ასევე Radisson-ის აზიური რესტორანი UMAMI მომწონს და ხშირად ვსტუმრობ. რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს - თეთრი მშრალი ღვინო განსაკუთრებული გემოს გამო მომწონს. ვისკის საერთოდ არ ვსვამ." - განაცხადა ჯიბლაძემ.

"ლუკოილ ჯორჯიას" დირექტორის მოადგილის შავლეგ მიშველაძის თქმით, ხშირად მას უცხოელი პარტნიორები სტუმრობენ და აქედან გამომდინარე ისეთ რესტორანს ანიჭებს უპირატესობას, სადაც ქართული კულტურა იქნება წარმოჩენილი.

„გამომდინარე იქიდან, რომ უცხოელი სტუმრები ხშირად გვყავს და ქართული კულტურა მათ უნდა გავაცნოთ, ვირჩევთ რესტორან „წისქვილს". რაც შეეხება სასმელს, ნებისმიერი ქართული ნახევრად ტკბილი წითელი ღვინის მოყვარული ვარ. ამ ღვინოში ყველაფერ იმას პოულობ, რასაც ზოგადად ღვინოში შეიძლება ეძებდე. ვისკებიდან Johnnie Walker-ს ვირჩევ." - განუცხადა „კომერსანტს" მიშველაძემ.

Technoboom-ის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე, შავლეგ მიშველაძის მსგავსად რესტორნებიდან „წისქვილს" ირჩევს.

„წისქვილში" დავდივარ, რადგან როდესაც სტუმრები გვყავს ტრადიციულ რესტორანს ვამჯობინებ. სასმელებიდან ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას, კერძოდ კი Tiflis Marani-ს თეთრ ღვინოს ვირჩევ." - განმარტა ქოქოლაძემ.

„წისქვილს" ანიჭებს უპირატესობას "ვისოლ ჯგუფის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავაც.

„რესტორნებიდან დავასახელებდი "წისქვილს" და Vinotel-ს. Vinotel-ის სერვისი ძალიან მომწონს. რაც შეეხება სასმელებს ჩემში განსაკუთრებულ მოწონებას წითელი ღვინო იმსახურებს, ხოლო ვისკის მოყვარული არ ვარ." - აღნიშნა ხორავამ.

 

 

 

 

 

ფილტრაცია