სიახლეები >> სოსო ფხაკაძის საყვარელი რესტორანი თბილისში
სოსო ფხაკაძის საყვარელი რესტორანი თბილისში

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე „ვისოლ ჯგუფის" მიერ შემოყვანილი „დანკინ დონატსისა" და „ვენდისის" რესტორნების გარდა, ყველაზე ხშირად რესტორან „წისქვილს" სტუმრობს.

როგორც მან Myrest.ge-სთან საუბრისას განაცხადა, „წისქვილში" ხარისხი მაქსიმალურად არის შენარჩუნებული და სწორედ ამის გამო მოხვდა ის მისი საყვარელი რესტორნების ჩამონათვალში.

ფხაკაძე აცხადებს, რომ მომსახურების ხარისხის გასაუმჯობსებლად და უცხოურ სტანდარტებთან მისაახლოებლად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. რაც შეეხება საქართველოს რესტორნებში დაწესებულ ფასებს, მისთვის ეს მისაღებია.

„თუ ძალიან ბევრს იშრომებ, შეიძლება ამ სტანდარტებს მიაღწიო და ბევრ უცხოურ ქვეყანას შეიძლება გაუსწრო კიდეც. ვფიქრობ, „ვენდი" და „დანკინ დონატსი" ამის კარგი მაგალითია", - განმარტავს ბიზნესმენი.

სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ „ვისოლ ჯგუფის" მმართველობაში მყოფი რესტორნები სწრაფი კვების ობიექტების ჯგუფს არ მიეკუთვნება. იგი ამბობს, რომ ისინი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სწრაფი კვების ობიექტი.

„მე საერთოდ არ ვამბობ, რომ ეს სწრაფი კვების ობიექტებია. ამას ამერიკელები smart casual-ს ეძახიან, რაც უფრო მაღალი ხარისხისაა ვიდრე სწრაფი კვება. ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნახოთ რა არის საზღვარგარეთ და რა საქართველოში. ეს არის ძალიან თანამედროვე, მაღალი კლასის რესტორნები, სადაც ჩვენ უბრალოდ სწრაფად ვემსახურებით კლიენტებს", - აცხადებს ფხაკაძე.

ბიზნესმენი Myrest.ge-ს ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებითაც ესაუბრება და ამბობს, რომ უპირატესობას თეთრ, ბრენდირებულ ღვინოს ანიჭებს - წითელ ღვინოს ბიზნესმენი ძალიან იშვიათად სვამს.

იგი განმარტავს, რომ ღვინის დიდი მოყვარული არ არის, მაგრამ მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად მისი მიღება უყვარს. ღვინის ფასებთან დაკავშირებით, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ბაზარზე ღვინის ძალაინ დიდი ასორტიმენტია და მისი შეძენა ნებისმიერ ადამიანს, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე შეუძლია.

„ალკოჰოლს ნაკლებად ვეტანები, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ყავა ძალიან მიყვარს. „ვენდის" და „დანკინ დონატსის" ლატეს ყოველდღიურად ვსვამ", - ამბობს ფხაკაძე.

 


 

 

 

ფილტრაცია