სიახლეები >> ყველა მატარებელი, რომელიც დასავლეთისკენ ივლის, კოპიტნარში გაჩერდება
ყველა მატარებელი, რომელიც დასავლეთისკენ ივლის, კოპიტნარში გაჩერდება

თბილისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტამდე საქართველოს რკინიგზა ორ პროექტზე მუშაობს - ერთი ამ გაზაფხულს დასრულდება, ხოლო მეორე მაქსიმუმ 1 წელიწადში.

რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დაჩი ცაგურია ამბობს, რომ თბილისიდან კოპიტნარამდე მაგისტრალური მიმოსვლა დაიწყება:

"მაგისტრალური მიმოსვლა იქნება კოპიტნარის აეროპორტში. ყველა მატარებელს, რომელიც დასავლეთის მიმართულებით ივლის, გაჩერება ექნება კოპიტნარში. იქ არის ძველი სადგური და პირველი ეტაპისთვის მისი რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს".

დაჩი ცაგურიას თქმით ეს პირველი პროექტი უახლოეს მომავალში, ამ გაზაფხულს, უკვე დასრულდება. თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი მატარებლები (და პირიქით) ამ ძველ სადგურში გაჩერდებიან, ხოლო სადგურიდან აეროპორტამდე, დაახლოებით 1,8 კილომეტრის მონაკვეთზე, მგზავრებს ავტობუსი მოემსახურებათ. დაჩი ცაგურიას თქმით, მატარებლის ბილეთის ფასში ავტობუსის მომსახურებაც შევა.

"ძველი სადგური ძალიან მალე გაიხსნება, ახალ მაგისტრალზე კი საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, გზა პროექტდება, უახლოეს მომავალში ბაქანის პროექტზე გამოცხადდება ტენდერი.

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც დასრულდება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს მთლიანი მაგისტრალის გატარებას აეროპორტში, ამის შემდეგ, ძველი სადგური აღარ იმუშავებს და პირდაპირ აეროპორტში გაჩერდება მატარებელი".

დაჩი ცაგურიას თქმით, ახალი პროექტი მაქსიმუმ 1 წელიწადში დასრულდება, ხოლო თბილისიდან კოპიტნარამდე მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად საქართველოს რკინიგზას შვეიცარიიდან კიდევ 2 მატარებელი დაემატა:

"2 ახალი მატარებელი ჩამოვიდა შვეიცარიიდან. შტადლერების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იქნება. ზუსტად ისეთია, როგორიც ბათუმში იყო, ზუსტად ეგეთი კიდევ 2 ცალი ჩამოვიდა და უკვე პარკში არის 4 ორსართულიანი შტადლერები. ახალი მატარებლები სატესტო რეჟიმში იმყოფებიან"

GBC

 

 

 

ფილტრაცია