სიახლეები >> El Al Israel Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
El Al Israel Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ისრაელის წამყვანი ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.

თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით, რომელზეც 2016 წელს ფრენები კვირაში 2 სიხშირით ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის ზაფხულის პიკურ პერიოდში ფრენები კვირაში 8 სიხშირით, ხოლოს სეზონის ბოლომდე კვირაში 6 სიხშირით განხორციელდება.

ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირების სიხშირეს ეტაპობრივად გაზრდის. კერძოდ მარტის ბოლოდან ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება.  2 მაისიდან ავიაკომპანია დაამატებს 2 სიხშირეს და ფრენა შესრულდება კვირაში 6 სიხშირით, ხოლო 26 მაისიდან 23 ივნისამდე დაემატებაკიდევ 2 სიხშირე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 8 სიხშირით. 23 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28.10) ფრენები განხორციელდება კვირაში 6 სიხშირით.

თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულების მსგავსად, ფრენები მოიმატებს თელავივი-თბილისი-თელავივის მიმართულებით და ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. 2016 წლის განმავლობაში „EL AL“-ის მიერ თელავივი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 3 სიხშირით სრულდებოდა. ორივე მიმართულებით ფრენები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას უკვე მიენიჭა ახალი განრიგით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა.

„El Al Israel Airlines“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაგადამზიდველი 1948 წელს დაარსდა. ავიაკომპანია ბენგურიონის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს და მისი ავიაპარკი 41 საჰაერო ხომალდს ითვლის.

საავიაციო უსაფრთოხოებისა და უშიშროების სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით „El Al Israel Airlines“ ერთ-ერთ მოწინავე ავიაგადამზიდველად  ითვლება მსოფლიოში.

 

"ფორტუნა"

 

 

ფილტრაცია