ინტერვიუ >> Bigmarket.ge – ქართულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციის ონლაინ სუპერმარკეტი გამოჩნდა
Bigmarket.ge – ქართულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციის ონლაინ სუპერმარკეტი გამოჩნდა

ქართულ ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთი ონლაინ სუპერმარკეტი – bigmarket.ge  გამოჩნდა. სტარტაპის შემქმნელების მიზანი მოქნილი, ინოვაციური სავაჭრო  სივრცის შექმნა იყო, რომელიც გააჩენდა ახალ შესაძლებლობებს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მეწარმეებისთვის. შედეგად, bigmarket.ge-მ, ერთი მხრივ, შესაძლებელი გახადა მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვა, გაამარტივა პროდუქტის შეძენის პროცესი და უკან მოიტოვა ცნება – “საყიდლებზე სიარული”. მეორე მხრივ – მეწარმეებს ნაწარმის უდანაკარგო და ეფექტური რეალიზების გზა მისცა. ამ ეტაპზე, ონლაინ სუპერმარკეტის მომხმარებელი თბილისში და მის შემოგარენში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს. bigmarket.ge – ს ფუნქციონირების დეტალებთან დაკავშირებით, მარკეტერი პროექტის თანაავტორს – თემო ბერიშვილს ესაუბრა:

M: თემო, როგორ შექმენით bigmarket.ge ?

bigmarket.ge – ს შექმნის იდეა გაგვიჩნდა მე და ჩემს მეგობრებს, რადგან საქართველოში არ არსებობდა მსგავსი სერვისი, გადავწყვიტეთ ჩვენ შეგვექმნა ის. ჩემ გარდა, პროექტის თანაავტორები არიან ლაშა და პაატა ცაგარეიშვილები. 2016 წლის იანვარში დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, 2017 წლის 20 მარტიდან კი უკვე აქტიურად ვფუნქციონირებთ.

M: რა სიახლეს სთავაზობთ მომხმარებელს ამ სერვისით?

მოქნილი სისტემის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ერთდროულად დაზოგო დრო, ფული და ენერგია. როდესაც სუპერმარკეტში ან ბაზარში შედიხარ, წინასწარ არასდროს იცი რამდენი დრო დაგჭირდება ან რამდენს დახარჯავ პროდუქტის მოსამარაგებლად, საიტის “საყიდლების სიის” მეშვეობით კი წინასწარვე ხედავ საერთო ღირებულებას და შეძენამდე, საჭიროების შემთხვევაში, არედაქტირებ მას. შესაძლებელი გახდა საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტების სახლიდან გაუსვლელად შეძენა, მრავალფეროვანი არჩევანის პირობებში. ამ ინოვაციური ვებგვერდით უფრო გამარტივდა ვაჭრობის პროცესი. გარდა ამისა, ონლაინ სუპერმარკეტის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ წინასწარ შეიძინონ კვირის/თვის მარაგი, ამისთვის საიტზე შეიქმნა კვირის და თვის მარაგების კატეგორიები. მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ ჩართონ და მოუსმინონ მუსიკას, ონლაინ შოფინგის განმავლობაში. ხოლო, ოფცია – მოძებნე, თან იყიდე – ს საშუალებით საიტის სტუმარს საშუალება ეძლევა ლაივ რეჟიმში მოძებნოს სასურველი პროდუქტი და ძებნისას  ჩააგდოს “საყიდლების სიაში”, რაც ასევე არ საჭიროებს სხვადასხვა გვერდებზე გადასვლას, ეფექტურია დროის დაზოგვის თვალსაზრისითაც.

M: რა სახის პროდუქციის რეალიზებას გულისხმობს პროექტი და რა უპირატესობები გაქვთ სხვა ონლაინ მაღაზიებთან მიმართებაში?

ყველაფრის რაც არის ბაზარში. ჩვენი სლოგანია – “ბაზარი კართან”, შესაბამისად, რაც არის ბაზარში, სურსათით დაწყებული, საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული, ონლაინ შეეძლებათ შეძენა. ასევე, იქნება ცხოველთა საკვებიც, სადღესასწაულო ნივთები, საპიკნიკე ინვენტარი და ა.შ. არის კატეგორიები, რომლებიც ონლაინ მაღაზიებს არ აქვს და რაც მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი არჩევანის მიცემის შესაძლებლობას გვაძლევს.  ჩვენი იდეა არის ონლაინ სუპერმარკეტის იდეა. უპირატესობა სუპერმარკეტისთვის არის – მრავალფეროვნება და არჩევანის შესაძლებლობა. bigmarket.ge – ში, როგორც დიდ სუპერმარკეტში მრავალი სახის და სახეობის პროდუქციაა განთავსებული. ამას ემატება შეძენის მოსახერხებელი პროცესი და სწრაფი ორიენტირებისთვის გამოსადეგი, მარტივი საძიებო სისტემა.

M: საიდან იღებთ პროდუქციას და აკეთებთ თუ არა აქცენტს ქართული ნაწარმის რეალიზებაზე?

პროდუქციას ვიღებთ მსხვილი დისტრიბუტორებისგან. რაც შეეხება ქართულ ნაწარმს, საიტზე ერთ-ერთი კატეგორია გვაქვს “ქართული”, სადაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართული პროდუქციაა განთავსებული და მომხმარებელს მარტივად შეუძლია მისი პოვნა.

M: როგორი იქნება პროდუქციის შეძენის და მიღების, ასევე, საიტზე რეგისტრაციის პროცესი მომხმარებლისთვის?

საიტზე რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი ქმნის ელექტრონულ საყიდლების სიას, რამაც ამ შემთხვევაში სხვა საიტებიდან ცნობილი “კალათა” ჩაანაცვლა. მოსახერხებელი ინტერფეისის საშუალებით, შეუძლიათ შეინახონ და დაარედაქტირონ სია ნებისმიერ დროს, პროდუქციის გამოწერამდე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საყიდლების სია არ მოითხოვს მომხმარებლის სხვადასხვა გვერდზე გადაადგილებას ამ ფუნქციების შესასრულებლად, რაც მეტად კომფორტულია მომხმარებლისთვის.ერთი დაწკაპუნებით შესაძლებელია გადახდის გვერდზე გადასვლა, visa/mastercard ბარათის ინფორმაციის შესაყვანად.

შეუძლია აირჩიოს დრო, როდის უნდა შენაძენის მიღება. მოსახერხებელია იმ კუთხით რომ იცის დროის რა მონაკვეთში ექნება პროდუქტი სახლში. რეგისტრაციისთვის საჭიროა იმეილის, სახელის, გვარის და პაროლის შეყვანა. მისამართს რაც შეეხება, მითითება სავალდებულოა მხოლოდ და მხოლოდ შეძენის შემთხვევაში, გადახდის პროცესში.

M: ადგილზე მიტანის მომსახურების პირობები როგორია?

კურიერის მომსახურება – ადგილზე მიტანა შეკვეთის დღესვე ღირს 4,99 ლარი, შეკვეთიდან მეორე დღის მიტანის საჭიროების შემთხვევაში – 2,99 ლარი, მესამე დღეს კი კურიერის მომსახურება უფასოა. 100 ლარს ზემოთ შენაძენზე, ადგილზე მიტანა უფასოა. კურიერული მომსახურება  ხორციელდება კვირაში 7 დღე. მომხმარებლები თავად ირჩევენ მიწოდების დროსა და ადგილს.

M: გადახდის მეთოდი მხოლოდ ელექტრონულია?

მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ ვიზა/მასტერქარდ ბარათების საშუალებით, ასევე ხელზე კურიერთან. თუმცა, ამ ეტაპზე გვინდა ელექტრონული დავტოვოთ, რადგან ონლაინ პლატფორმაა და გვინდა ბოლომდე შევინარჩუნოთ ელექტრონულად გადახდის პრაქტიკა. თუმცა მომხმარებლის მოთხოვნა თუ იქნება სხვა სახის გადახდის მეთოდის არსებობა – გავითვალისწინებთ.

M: როგორც ვიცით, ბაზარში იყიდება ახალი პროდუქცია. თქვენთან თუ იქნება მსგავსი შესაძლებლობა?

თავიდან, ამგვარ საკითხებზე ცოტა სიფრთხილე გვმართებს, რადგან სპეციფიური კონტროლი სჭირდება ახალ პროდუქტს. შევისწავლეთ მდგომარეობა ამ მიმართულებითაც. ახალი პროდუქტი გვექნება, თუმცა, დასაწყისისთვის მცირე რაოდენობით. გამოცდილებაზე დაყრდნობით მივიღებთ მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებას.

M: სხვადასხვა კომპანიას თუ აქვს თქვენს ონლაინ ბაზარზე პროდუქციის განთავსების შესაძლებლობა და გაქვთ თუ არა ხარისხის კონტროლის მექანიზმი ამ შემთხვევისთვის?

ეს ფუნქცია ჯერჯერობით მზადდება და მას “მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა” დავარქვით. სამომავლოდ, ნებისმიერ მეწარმეს შეეძლება bigmarket.ge – ზე დარეგისტრირება და პროდუქციის განთავსება. როდესაც მეწარმე გამოთქვამს სურვილს – განათავსის საკუთარი ნაწარმი ჩვენს საიტზე, აუცილებელია სრულად მოიტანოს პროდუქცია ჩვენს საწყობში. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დავუდასტურებთ პროდუქციის განთავსებას. შესაბამისი ხელშეკრულებაც ფორმდება ელექტრონულად.

M: რატომ უნდა განათავსოს მეწარმემ თქვენთან საკუთარი პროდუქცია?

ჩვენ ვამარტივებთ ნაწარმის განთავსების საკითხს, ვათავისუფლებთ მომწოდებელს ბიუროკრატიისგან. ვთავაზობთ დისტანციური თანამშრომლობის შესაძლებლობას, ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე. მეწარმე თვითონ შეძლებს ონლაინ რეჟიმში გააკონტროლოს ის, თუ მისი მოწოდებული პროდუქციიდან  რამდენი გაიყიდა, რამდენი დარჩა, როდის უნდა დაამატოს და ა.შ. გარდა ამისა, დიდ სუპერმარკეტებში არის მოპარვის შემთხვევები, რისგანაც მეწარმე დაზღვეული არაა. ჩვენთან პროდუქციის დაკარგვის შანსი არ არსებობს.

M: პროდუქციის რეალიზების სტიმულირებისთვის რა სისტემა გაქვთ შემუშავებული?

საიტზე ინტეგრირებულია რამდენიმე სახის გასაღების სტიმულირების სისტემა, კერძოდ: ვაუჩერული ფასდაკლებები, სპეციალური ფასდაკლებები, კუპონური ფასდაკლებები, იმეილ ფასდაკლებები. მომხმარებლებს შეუძლიათ რეალურ რეჟიმში გაიგონ რამდენი დრო დარჩა კონკრეტული ფასდაკლების დასრულებამდე და რამდენს ზოგავენ.

M: რა მოლოდინები გაქვთ?

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი იდეა მისაღები იქნება საზოგადოებისთვის. ახლა დავიწყეთ, არ ველით, რომ თავიდანვე იქნება დიდი გაყიდვები, ბუნებრივია, დროა საჭირო, რომ საზოგადოებამ სიახლე აღიქვას და მიიღოს. წლის ბოლოსთვის დასრულდება აპლიკაციაზე მუშაობა, რაც, ვფიქრობთ, ახალ შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, ვფიქრობთ ჩვენი მომსახურება რეგიონებზეც გავავრცელოთ.

წყარო: www.marketer.ge

 

 

 

ფილტრაცია