ინტერვიუ >> სტარტაპი “მიდი” – “ოღონდ მართლა”
სტარტაპი “მიდი” – “ოღონდ მართლა”

სტარტაპი “მიდი” სტიკერებზე დატანილ ფრაზებსა და სიტყვებს გვთავაზობს, როგორიცაა: “შემომეყიდა”, “ოღონდ მართლა”, “ხვალიდან”, “ამას რა უნდა, მეც გავაკეთებდი”, “დიეტაზე ვარ”, “ანუ?” და ა.შ. გარდა სტიკერებისა, “მიდი”-ს აქვს წარწერებიანი მათარები, სანთებელები, ჯიბის საფერფლეები და ა.შ. “მიდი”-ს სტიკერები პოპულარობით სარგებლობს ქართველ მომხმარებელში, სტიკერებს იყენებენ ტელეფონებზე, ავტომობილებსა თუ ლეპტოპებზე დასაკრავად. “მიდი”-ს ვერბალურ – გამომხატველობით სტარტაპზე მარკეტერი მის ერთ-შემქმნელს – ქეთი ლობჟანიძეს ესაუბრა:

M: როგორია “მიდი”-ს შექმნის ისტორია?

დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ, ორმა მეგობარმა შევქმენით “მიდი.” თავიდან გვქონდა სტიკერზე დასატანი რამდენიმე სიტყვა, ჩვენთვის და მეგობრებისთვის ვაკეთებდით, მახოვს სახლის პრინტერზე ამოვბეჭდე პირველად. მას შემდეგ, რაც ჩვენი საქმიანობით გარშემომყოფების დიდი მოწონება დავიმსახურეთ, გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა ჩვენი იდეა. თავიდან ვხალისობდით სიტყვებზე, შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ ბევრი ფრაზა თუ სიტყვაა, რასაც ვხმარობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში – სახასიათოა, იმიტომ რომ ის რასაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ თითქოს ჩვენ წარმოგვადგენს კიდეც.

M: პირველად რა სიტყვები/ფრაზები დაბეჭდეთ სტიკერებზე?

“რას შვები? რავი შენ” და “კაი ტიპი” – ესენი იყო პირველი სტიკერები. თავიდან, 10 სიტყვაზე რომ ავედით ძალიან გვიხაროდა, ახლა თითქმის 50 სიტყვაა და ჩვენ გარშემო ყველა რაღაც სიტყვებს გვეუბნება, ამაზე მუშობაც საკმაოდ სახალისო პროცესია.

M: შეკვეთებსაც იღებთ, თუ მხოლოდ თქვენს იდეებს ასტიკერებთ?

მხოლოდ ჩვენი სიტყვები გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი კონცეფცია გვაქვს და ჩვენ რასაც ვფიქრობთ მხოლოდ იმას ვაკეთებთ. ხშირად გვეუბნებიან ხოლმე იდეებს, თუმცა რაც ჩვენს კონცეფციაში არ ზის – არ ვბეჭდავთ.

M: როგორ გაიგო ხალხმა თქვენ შესახებ?

თავიდან Flea Market-ზე დავდიოდით და ხალხის  პირველი დაინტერესება იქ გამოვიწვიეთ. შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ გაგვემრავალფეროვებინა არჩევანი და დავამატეთ სიტყვები. ახლა სტიკერების გარდა გვაქვს სანთებელები, ჯიბის საფერფლეები და მათარები.

M: რის მიხედვით არჩევთ გასასტიკერებელ სიტყვებს/ფრაზებს?

ვარჩევთ იმას, რასაც მეგობრებთან კომუნიკაციისას ყველაზე ხშირად ვიყენებთ, იმას, რაც ყველასთვის ნაცნობია. ისე გვაქვს წარმოდგენილი, რომ ეს სიტყვა შენი ნაწილია, იმდენად ხშირად ხმარობ რომ შენ ხარ და შენ წარმოგადგენს

M: სახელი “მიდი”-თ რას გამოხატავთ?

დიდი ხანი ვიფიქრეთ სახელზე და მივედით მიდიმდე. ჩვენ დავიწყეთ სახალისოდ და მარტივად და ეს სახელი გამოგვხატავს. სიტყვა მიდი ბიძგის მიმცემია; გვინდოდა ბიძგი მიგვეცა როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე, ჩვენი თავისთვისაც. გვინდოდა გამოგვსვლოდა ერთგვარი გზავნილი – მიდი, გააკეთე, აკეთე რაც გინდა.

M: დასაწყისისთვის, როგორ ცდილობდით პროდუქციის გავრცელებას?

თავიდან გვქონდა ფეისბუქ გვერდი. ფლი მარკეტმა მოგვიტანა ძალიან დიდი პოპულარობა, რადგან იქ ვიყავით თავიდან, სხვაგან არსად იყიდებოდა და ფლი მარკეტი ტარდებოდა 2 კვირაში ერთხელ. ფეისბუქზე კი გვეკითხებოდნენ, თუ სად შეეძლოთ სტიკერების ყიდვა. გვიწევდა გვეპასუხა რომ ფლი მარკეტს დალოდებოდნენ, რადგან არსად გვქონდა ადგილი, სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზებას მოვახდენდით. შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, შევიტანეთ სხვადასხვა მაღაზიებში გასაყიდად. ახლა დაახლოებით 10 მაღაზიაში ვყიდით თბილისში, ბათუმშიც გვაქვს მაღაზიებში და ა.შ.

M: კონკრეტულად, სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

John Wrap – ის დახლებთან, ოთხივე ფილიალში, ასევე, ვაკის “სმარტში”“თბილისი მოლში” და კიდევ რამდენიმე ასეთ მაღაზიაში.

M: რა გეგმები აქვს “მიდი”– ს სამომავლოდ?

სამომავლოდ ვგეგმავთ არჩევანის გაფართოებას, სხვადასხვა აქსესუარის დამატებას. ძალიან ბევრ ნივთს მოერგო ეს სიტყვები და გვინდა, რომ მხოლოდ სტიკერებთან არ ასოცირდებოდეს “მიდი”ზაფხულისთვის ვემზადებით აქტიურად და ყველგან სადაც გართობა იქნება, აუცილებლად ვიქნებით ჩვენც.

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სპეციალურად ვიყენებთ სხვადასხვა ქართულ ფონტებს ჩვენს სტიკერებში. ამით ვცდილობთ  ჩვენი მხრიდან ცოტაოდენი პოპულარიზება გავუწიოთ ქართულ ფონტს. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისაც სურვილი ექნება თავის ფონტი ჩვენი საშუალებით გააცნოს საზოგადოებას.

წყარო: www.marketer.ge

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია