ინტერვიუ >> Café Verde - „კაფეების ბიზნესი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა ძალიან საინტერესო და აზარტულია“
Café Verde - „კაფეების ბიზნესი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა ძალიან საინტერესო და აზარტულია“

Café Verde-ის განსხვავებული კონცეფციის შენობა აქვს. კაფე 2014 წელს დაარსდა და მას აქვს, როგორც ღია, ისე დახურული სივრცე.

როგორც კაფეს მენეჯერი ნიცა რატიშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, სახელწოდება Verde მწვანეს ნიშნავს და კაფეს კონცეფციაშიც ძირითადად სწორედ სიმწვანეზე ხდება აქცენტირება. რაც შეეხება მის საფასო პოლიტიკას, ის საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

„ძირითადად ვმუშაობთ ხარისხზე, როგორც საკვების ისე მომსახურების." - აცხადებს რატიშვილი.

Café Verde-ს მენეჯერის განცხადებით, ისინი ძირითადად ე.წ. ფრეშ პროდუქციაზე მუშაობენ, თუმცა ხშირად მომხმარებელი ამას ვერ იგებს.

„ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს ვიძენთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგი მომსახურება გვქონდეს. ძირითადად ფრეშ პროდუქტებზე ვმუშაობთ, ანუ პროდუქტების მომზადება წინასწარ არ ხდება. თუმცა სამწუხაროდ, მომხმარებელს ეს არ ესმის და გამომდინარე აქედან უთანხმოებაც არსებობს. მაგალითად მათ სურთ, რომ კერძი შეკვეთიდან 5 წუთში მიიღონ. ხოლო ვინც ამას გაგებით ეკიდება და ესმის ფრეშ პროდუქცია რა არის, მას თავისთავად პრეტენზია არ აქვს." - განაცხადა ნიცა რატიშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენად კარგადაა განვითარებული დღეს ქვეყანაში სტუმრის მომსახურების ხარისხი? რატიშვილი გვპასუხობს, რომ „სტუმრის მომსახურების დონე საქართველოში ისე კარგად არ არის განვითარებული, როგორც უნდა იყოს. პრობლემები ყოველთვისაა. მომსახურება ჩვენ ქვეყანაში უჭირთ ამის მიზეზი კი არის ის, რომ პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. არ არის იმის საშუალება, რომ ადამიანმა განათლება მიიღოს. ან თვლიან, რომ მიმტანობა არაფერი არაა და ნებისმიერს შეუძლია სადმე მივიდეს და დაიწყოს მუშაობა."

როგორც ნიცა რატიშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, ქართველ მომხმარებელთან ურთიერთობა რთულია, ეს კი გარკვეული რისკების შემცველია.

„კაფეების ბიზნესი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა ძალიან საინტერესო და აზარტულია. რისკებზე საუბრისას მომხმარებელთან ურთიერთობასაც ვგულისხმობ. ქართველი მომხმარებელი სამწუხაროდ, ყოველთვის ძალიან რთულია. ზოგადად ჩვენ ძალიან პრეტენზიული ადამიანები ვართ, მაგრამ მოთხოვნა რეალობას არ შეესაბამება, ეს კი პრობლემებს ქმნის.

ეს საქმე ძალიან შრომატევადია, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ამ ეტაპზე გაფართოვებას არ ვფიქრობთ. მთავარია ის, რომ ვვითარდებით." - განაცხადა Café Verde-ს მენეჯერმა.

 

 

 

 

 

ფილტრაცია