ინტერვიუ >> Pavone – მინის ფერადი სამკაულების ქართული სტარტაპი
Pavone – მინის ფერადი სამკაულების ქართული სტარტაპი

მინის წარმოება საქართველოში რიგი სირთულეებით ფერხდება. არ გვაქვს შესაბამისი დანადგარები, საერთოდ, ფერად მინას ქართულ ბაზარზე ვერ შეხვდებით, ამიტომაც, მინის დამუშავების პრაქტიკა საქართველოში საკმაოდ მწირია. მიუხედავად სირთულეებისა, სტარტაპ Pavone-ს შემქმნელი – მარიამ მარქაროვა ახერხებს საჭირო მასალის უცხოურ ბაზრებზე მოძიებასა და სამკაულებად ქცევას. Pavone – მინის ხელნაკეთი, ორიგინალური სამკაულების სტარტაპია, ხასიათდება ინდივიდუალობითა და გამომხატველობით. მარიამი საკუთარ სახელოსნოში მარტო მუშაობს და ექსკლუზიური დიზაინის ნაკეთობებს საკუთარი ბრენდისთვის ქმნის. მარკეტერი დაინტერესდა Pavone – ს საქმიანობის სფეროთი და მის შემქმნელს ესაუბრა:

 

M: მარიამ, როგორ გაჩნდა Pavone – ს შექმნის იდეა?
დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მინის მიმართულებით, ასე რომ, ეს არის ჩემი სპეციალობა. სწავლის პერიოდში ვაკეთებდით სხვადასხვა დავალებას: მინის ქანდაკებებს,
ზარდახშებს და ა.შ. ერთ-ერთი დავალება იყო სამკაულები. ვმონაწილეობდით სხვადასხვა გამოფენაში. ამ პერიოდში შევამჩნიე, რომ სამკაულები ყველაზე მოთხოვნადი იყო, რადგან ფასიც დაბალი ჰქონდა, მოცულობით დიდ ნამუშევრებთან შედარებით, ტურისტებისთვისაც უფრო ადვილად წასაღები იყო. ასე გამიჩნდა იდეა, ჩემი სპეციალობით საქმიანობის დაწყების შემთხვევაში, აქცენტი გამეკეთებინა სამკაულებზე, რადგან დიდი ნამუშევრების რეალიზება უფრო პრობლემური იყო.

M: როდის შექმენით Pavone?
Pavone გაიხსნა 2016 წლის დეკემბერში, მანამდე ვმონაწილეობდი გამოფენებში და ვყიდდი აქტიურად ჩემს პროდუქტს. დეკემბერში გავხსენი პატარა სტენდი, სავაჭრო ცენტრში. მაშინ მივხვდი, რომ საჭირო იყო ბრენდინგი. Pavone-ს სახელით დეკემბრიდან ვარსებობთ.

M: საწყისი კაპიტალი როგორ მოიძიეთ?
გამოვდიოდი გამოფენა-გაყიდვებზე, ვაგროვებდი თანხას და ჩემივე დაგროვებული თანხით, შევქმენი სამკაულების მაღაზია.

M: ამჟამად, რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
გარდა ხელნაკეთი ნივთებისა, მაღაზიაში გვაქვს ვერცხლის სამკაულებიც, რომლებიც ჩამოტანილია უცხოეთიდან, თუმცა მათი რაოდენობა მაღაზიაში არსებულ პროდუქციასთან მიმართებაში 10% იქნება. დანარჩენი სამკაულები დამზადებულია საქართველოში, ჩემ მიერ.M: როგორც ვიცით, თქვენი ხელნაკეთი სამკაულები ექსკლუზიური დიზაინისაა…
დიახ, რასაც ვამზადებ არის თითო ეგზემპლარი. გამეორება ძალიან რთულია, არის მხოლოდ რამდენიმე ნივთი, რომლის ასლის გაკეთება შეგვიძლია. ვცდილობ, არ გავიმეორო მოდელები. თვითონ მასალა არის ისეთი, რომ ძალიან რთულად კონტროლირებადია. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიმეორებ, თუ შემკვეთი კონკრეტული, უკვე არსებული მოდელის შექმნას მთხოვს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ექსკლუზიურია მოდელი, რადგან მაქსიმუმ 3-5 ეგზემპლარი შეიძლება იყოს იდენტური.

M: სამუშაო მასალას საიდან იღებთ?
პრობლემური საკითხია მასალის მოძიება. ჩამომაქვს ან ვიწერ, რადგან საქართველოში არ იყიდება ფერადი მინა. მინის წარმოებას ძალიან ბევრი სირთულე აქვს საქართველოში, რადგან არ გვაქვს ღუმელები, სპეციალური დანადგარები, პატარა სამკაულებისთვის უფრო ადვილია მასალის ჩამოტანა.

M: მინის დამუშავების რა ტექნიკას იყენებთ?
ფუსინგისა და ტიფანის ტექნიკას. ფუსინგის არის ცხელი ტექნიკა, ასე ვთქვათ, მინა იდება ღუმელში, დაახლოებით, 850 გრადუსამდე არის ტემპერატურა, მუშავდება, ძირითადად, ღუმელში და შემდეგ ხელით. ტიფანის ტექნოლოგიის შემთხვევაში, ღუმელში არ ხდება დამუშავება, პირდაპირ ფერადი მინით იწყობა სამკაული.M: ძირითად შემთხვევებში, ვინ არიან მომხმარებლები?
ძირითადად, 18 – დან 45 წლამდე ქალბატონები, თუმცა ხშირად მამაკაცებსაც მიაქვთ საჩუქრად.

M: სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების შეძენა?
ჭავჭავაძის 37 ლ,  სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“, იქ არის ჩვენი სტენდი.

M: რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას?
ვაპირებ გაფართოებასა და რამდენიმე ფილიალის გახსნას. შემდეგ უკვე შემეძლება ექსპორტზეც ვიფიქრო. ასევე, ვაპირებ დამხმარის აყვანასაც.

 

 

 

ფილტრაცია